„ბევრი რამ ხალხზეა დამოკიდებელი“
By

„ბევრი რამ ხალხზეა დამოკიდებელი“

ანალიტიკოსთა აზრით, დღეს საქართველო როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე შიდა საქმეებში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა: ურთიერთდაპირისპირებაა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა რამდენიმე პარტიის გაუქმების შესახებ, რასაც დასავლეთის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა; ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფელირებული პარტიები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს სჩადიან, რისი დასტური იყო 4 ოქტომბრის მოვლენები, რომელმაც, მმართველი გუნდის აზრით, ოპოზიციის რეალური სახე წარმოაჩინა. ცხადია, ზემოაღნიშნულ ბრალდებებს ოპოზიცია უარყოფს. ამავე დროს, ფარული წინააღმდეგობაა ოპოზიციურ სპექტრში, პროდასავლური პარტიების ურთიერთბრალდებები ამის თვალსაჩინო მაგალითია. საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისმის კრიტიკა ხელისუფლების მიმართ. ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებში სუბიექტურობას კარგავს, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანა ყველა ქვეყანასთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობის დამყარებას ცდილობს და ამ მხრივ ოპოზიციის შენიშვნები უსაფუძვლოა. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი კახა მიქელაძე.
როგორია თქვენი აზრი დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?
– არაფერი შეცვლილა: კვლავ იჭერენ და დევნიან ადამიანებს უსამართლოდ, რაც ქვეყნის მომავალს კიდევ უფრო აზიანებს!
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლების წევრები კორუფციის ჭაობში ჩაეფლნენ, მმართველი პარტიის თქმით, მთავრობა ებრძვის კორუფციას, რისი დასტურია ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრება, რას ფიქრობთ?
– ივანიშვილის „კორპორაციაში“ მიმდინარე შიდაგუნდურ ცვლილებებს არავითარი კავშირი არ აქვს გაჯანსაღებასთან! ენმ არაერთხელ აფრთხილებდა საზოგადოებას ე. წ. ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, ეს ნაძარცვი ფული ისევ ჩვენს მოქალაქეებს, მათ კეთილდღეობას აკლდება. შესაბამისად, ტრადიციულად, ხალხი და ქვეყანა ზარალდება ყველაზე მეტად. გავიხსენოთ, რომელ თემას არ შეეხო წლების წინ ლევან ხაბეიშვილი და რომელი არ ასრულდა მის მიერ გახმოვანებული პრობლემებიდან ფილიგრანული სიზუსტით?! დიახ, ის ამის გამო არის ბრალდებული – სიმართლის თქმისთვის. ესაა ამ ქვეყნის სამწუხარო რეალობა. აჭარის რეგიონის ჭრილში რომ შევაფასოთ ეს საკითხი – რეზო ხარაზის ანტიკორუფციული ბრიფინგები პროექტებში ჯამურად მოპარულ მილიარდზე ლარზე მეტი როგორ დაემთხვა იმ თანხას, რასაც ივანიშვილი ითხოვს თავის დროზე აჭარაში მის მიერვე დანიშნული მთავრობის თავმჯდომარისგან? სიმართლე ისაა, რომ ოლიგარქს არც ბიუჯეტი აინტერესებს, არც ხალხის გაჭირვება და მარტივი ლოგიკით თვლის, რომ მას ეკუთვნის მოპარული ფული.
მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ნაცმოძრაობას და მასთან აფელირებულ ძალებს არ აქვთ უფლება, აკრიტიკონ ხელისუფლება, რადგან მათი მმართველობისას ქვეყანას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა. . .
– ამ მავნებლურ სიბრიყვეს როდემდე აკენკავს ჩვენი საზოგადოების ნაწილი? დიახ, ჩვენ მნიშვნელოვანი პრობლემები შევუქმენით ჩვენი მმართველობისას იმ დამნაშავეებს, ვის გამოც ქვეყანა ჭაობში იყო ჩაფლული: გაჩნდა შუქი, წყალი, გაზი, გზები, შეწყდა „გაიშნიკების“ ტერორი ტრასებსა და ქალაქებში, ქრთამის გარეშე უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების ცოდნით ჩაბარება წესად დამკვიდრდა, ქალაქები აშენდა, იუსტიციის სახლების მეშვეობით ბიუროკრატია შემცირდა და გამარტივდა საქმისწარმოება, ორგანიზებული დანაშაული და კრიმინალური სამყარო განადგურდა, გაკეთდა ახალი საავადმყოფოები, შეიქმნა ქართული ჯარი და პოლიცია თანამედროვე აღჭურვილობითა და დასავლური წვრთნებით, უმტკივნეულოდ მოგვარდა აჭარის საკითხი, რომელიც აბაშიძის მმართველობისას თვითიზოლირებული იყო, ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა, რასაც ხელფასებისა და პენსიების ზრდა მოჰყვა, ქვეყანამ მოიპოვა რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა და ეს ყველაფერი, წარმოიდგინეთ, რამდენ ოჯახს შეეხო! ვინც მიჩვეული იყო ქვეყნის ყვლეფით კომფორტში ყოფნას, მათ სძულთ მიხეილ სააკაშვილი და ენმ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ დროა, ტელევიზიებში დებატები განვაახლოთ, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– არავითარი პრემიერი არაა კობახიძე… ისინი, ყველანი ოლიგარქის თითები არიან და შეიძლება სხვებთან შედარებით კობახიძის უპირატესობა იმით გამოიხატოს, რომ ივანიშვილის შუათითია ამჟამად და მასთან დებატი რომელი ნორმალური ოპოზიციონერისთვისაა საინტერესო? ვინც ამ დებატებს სერიოზულად განიხილავს ოპოფლანგიდან, აშკარად ანტიქართულ საქმეს უერთდება, რადგან, ერთი მხრივ, ამბობდე ქვეყანას რუსული რეჟიმი მართავს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და არავინ ცნობს მის ლეგიტიმაციას, ხოლო მეორე მხრივ, მასთან დებატს განიხილავდე, მიანიშნებს იმაზე, რომ არავითარი პრინციპი არ გაქვს! როდის მერე სხდებიან საოკუპაციო რეჟიმთან დებატზე?!
როგორც ჩანს, თქვენი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას დებატებში, ისე რა კითხვებს დაუსვამდით ხელისუფლების წარმომადგენლებს?
 – ჩვენი პარტია რუსულ მარიონეტულ რეჟიმს განდევნის! ეს ბრძოლითაა შესაძლებელი და არა წყლის ნაყვით, რასაც ამ შემთხვევაში დებატი განასახიერებს.
 – როგორც ცნობილია, საპატიმრო დატოვეს ზურა ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ, რომლებმაც განაცხადეს, რომ იწყებენ მსჯელობას ოპოზიციის საერთო სტრატეგიაზე, ამ მხრივ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?
– სასიხარულოა, რომ მათ დატოვეს საპატიმრო! ვულოცავ და იმედს ვიტოვებ, რომ ადეკვატურად შეაფასებენ ოპოზიციის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
დღეს რა სტადიაშია ოპოზიცია და მოსალოდნელია თუ არა ახალი ოპოზიციური ძალის გაჩენა?
– ოპოზიციაზე ენმ-ის გადმოსახედიდან ვიტყვი: ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს ყველა პოლიტპატიმრისა და მათი ოჯახების მიმართ ყურადღებაა! ჩვენ ვმუშაობთ მოდელზე, რომელიც სისტემურად მოაწესრიგებს მსგავსი ტიპის გამოწვევებს და დაგვაახლოებს მიზანთან, რაც მხოლოდ რაციონალური და პრინციპული ნაბიჯებითაა შესაძლებელი.
 – სხვათა შორის, გახარიას პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ მათთვის წითელი ხაზი ნაცმოძრაობა და მასთან აფლირებული ძალებია. . .
– კარგია, რომ ამ დრამატულ პერიოდში ღიმილის საშუალებას გვაძლევს ეს პერსონა თავის მცირერიცხოვან მესვეურებთან ერთად.
ლელო საქართველოსთვისპარტიას თუ მოიაზრებთ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში?
– ეს კითხვა მათ უნდა დაუსვათ.
არანაკლებ მღელვარება გამოიწვია მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ამაზე რას ფიქრობთ?
– მოლოდინი არსებობს, რომ „გაგვაუქმებენ“, სხვაგვარად ავტორიტარიზმი ეფექტურად ვერ მუშაობს.
საგარეო საკითხსაც შევეხოთ, როგორ წარიმართება საქართველოევროკავშირის ურთიერთობა, შეაჩერებენ თუ არა ვიზალიბერალიზაციას?
– ცხადია, არ მსურს, რომ რიგითი მოქალაქე დაზარალდეს ივანიშვილის ახირებული ნაბიჯების გამო, მაგრამ ამ რიგითმა მოქალაქემაც უნდა გაითავისოს, რომ თუ ხმას არ ამოიღებს, ყველაფერს დაკარგავს. ასე რომ, ბევრი რამ ხალხზეა დამოკიდებული.
ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველომ დაკარგა საერთაშორისო ურთიერთობებში სუბიექტურობა, რასაც ადასტურებს სხვადასხვა დასავლურ ფორუზე საქართველოს არმიწვევა. ეს რისი მანიშნებელია?
– მხოლოდ იმის, რომ ამ ქვეყანაში რუსული საოკუპაციო რეჟიმია!
რა გავლენას მოახდენს საქართველოზე რუსეთუკრაინის ომის დაპაუზება ან შეჩერება?
– ეს ომი უკრაინის პირობებით შეჩერდება, დაპაუზდება ან დასრულდება! შესაბამისად, მას მხოლოდ ერთი გამარჯვებული – უკრაინა ეყოლება, ცივილურ სამყაროსთან ერთად, ამიტომ იოლი მისახვედრია, რა გავლენასაც მოახდენს საქართველოზე.
დაბოლოს, ამ წელს როგორი მოლოდინი გაქვთ, როგორ წარიმართება პროცესები მსოფლიოსა და საქართველოში?
– დღეს გეოპოლიტიკური სტერილიზაციის ეტაპია პლანეტაზე. ვხედავთ, აშშ-ში რესპუბლიკელების დომინირებამ როგორ დააჩქარა პროცესები მსოფლიოში, როგორი მობილური და თვითორგანიზებული ხდება ევროპა, როგორ ვიწროვდება ყულფი დიქტატურისთვის, როგორ იწმინდება არქტიკა რუსული გავლენისგან, რა ეფექტურად მუშაობს სანქციები და სხვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არცთუ დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ დემოკრატიის ნიავმა დაუბეროს საქართველოში. ეს შეიძლება მყისიერად არ მოხდეს, თუმცა მზაობა უნდა გვქონდეს, რადგან ამ ქვეყნიდან ივანიშვილის განდევნა გარდაუვალია!

ლაშა ხომერიკი

 

  • No Comments
  • იანვარი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *