
ბექა დიასამიძე : ჩვენი მიზანია, დასრულდეს ორპოლუსიანობა
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო მარათონი კვლავ დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. ურთიერთბრალდებები, აგრესიული საარჩევნო რიტორიკა, ურთიერთშეურაცხყოფა, ცემა-ტყეპა დღევანდელი საქართველოს ის რეალობაა, რაც, ერთი მხრივ, საზოგადოების გათიშულობას და დაპირისპირებას უწყობს ხელს და მეორე მხრივ, დასავლეთთან გვაშორებს. მაინც, როგორია წინასაარჩევნო სურათი, რამდენად ცივილურად მიმდინარეობს საარჩევნო მარათონი, ორპოლუსიანი თუ მრავალპოლუსიანი არჩევნები გველოდება, ვინ შეიძლება მოგვევლინოს მესამე ძალად და საერთოდ, შეძლებს ოპოზიცია ჯამში 57 პროცენტის აღებას? ამის თაობაზე ინტერვიუ ვთხოვეთ “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ბექა დიასამიძეს, რომელიც ამავე პარტიიდან ბათუმის საკრებულოში დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილთა სიის პირველი ნომერია.
– ბატონო ბექა, ამჟამინდელ საარჩევნო რეალობაზე რას იტყვით?
– ამჟამინდელი საარჩევნო რეალობა განსხვავდება ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან, რადგან თვითმმართველობის არჩევნების გარდა, ის არის რეფერენდუმი. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობას. ვისმენთ და ვიზიარებთ მათ პრობლემებსა და საჭიროებებს, პარალელურად, ვატარებთ შიდა კვლევებს, რომლის საფუძველზედაც მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი გაცილებით მეტია, ვიდრე – ამჟამინდელი ხელისუფლების.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ფარული ჩანაწერების საკითხს, ამ მხრივ, მმართველი პარტია „ნაცმოძრაობას“ და გახარიას გუნდს ადანაშაულებს, ოპოზიცია კი ხელისუფლების ბრალეულობაზე საუბრობს, თქვენი აზრი ამის თაობაზე?
– მინდა გითხრათ, რომ ფარული ჩანაწერების არსებობა არ არის ახალი ამბავი. მიყურადება ხდებოდა ყოველი ხელისუფლების დროს, რაც თავისთავად მიუთითებს მანკიერი სისტემის არსებობაზე. აქედან გამომდინარე, ბრალეულობა ეკისრება ყველას, ვისაც ჰქონდა ამ სისტემის ჩამოშლის შესაძლებლობა და ეს არ გააკეთა.
– ოპოზიციამ პარლამენტში სუს–ის უფროსი დაიბარა, რატომღაც „ნაცმოძრაობამ“ ამ მხრივ დიდი ენთუზიაზმი არ გამოხატა, რას ფიქრობთ?
– ჩემთვის ძალიან გაუგებარი იყო, რატომ არ გამოხატა დიდი ინტერესი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნული საკითხის მიმართ. მიმაჩნია, რომ აუცილებლად ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი სუსის უფროსმა და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული უნდა იყოს მთელი ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“.
– ოპოზიცია ხელისუფლების არაადეკვატურობაზე საუბრობს და ამას იმით ხსნის, რომ მისი რეიტინგი კლებულობს, ამ მხრივ, ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვები, ვთქვათ “აირაის“, რამდენად რეალურია?
– ხელისუფლების რეიტინგი დღითი დღე უფრო იკლებს, ხალხს ყოველდღიურად უცრუვდება იმედები, ხოლო რაც შეეხება კვლევებს, საბოლოო პასუხი მაინც 2 ოქტომბერს იქნება ცნობილი და იმედია, ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.
– ზემოაღნიშნული გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობა ახალ მესამე ძალას ელოდება, თქვენი პარტია არჩევნებში სწორედ სახელწოდებით -„მესამე ძალა“ მონაწილეობს, რამდენად შეძლებთ ორპოლუსიანი გარემოს შეცვლას?
– ფაქტია, რომ მესამე ძალა ძალიან მნიშვნელვანია ქართული პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისათვის. დღევანდელი რეალობა მეტყველებს იმაზე, რომ გვაქვს პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რაც მუდმივად ქმნის პოლიტიკურ კრიზისს, ამ დროს კი უბრალო ხალხის პრობლემებზე აღარავინ საუბრობს. პარტია „მესამე ძალა -სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ორიენტირებული პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისაკენ და ვფიქრობ, რომ 2 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გააკეთებს გონივრულ არჩევანს.
– ექსპერტები აცხადებენ, რომ მესამე ძალას და საერთოდ ნორმალურ პარტიას უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი იდეები, ხედვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ამ მხრივ, თქვენი პარტია რას სთავაზობს ამომრჩეველს?
– პარტია მუშაობს კონკრეტულ ხედვებსა და იდეებზე, რაც აუცილებლად და ზედმიწევნით იქნება ორიენტირებული მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და სახელმწიფო პოლიტიკური ამინდის გამოსასწორებლად, რადგან ძალიან კარგად ვიცით, რომ მნიშვნელოვანია სწორი ხედვები და საფუძვლიანი ცვლილებები, რამაც უნდა გადაიყვანოს საქართველო აღმშენებლობის ეტაპზე.
– ამასწინათ ირაკლი კობახიძემ რეალურ ოპოზიციად „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, ასევე “გირჩი” ( იაგო ხვიჩია) და თქვენი პარტია დაასახელა, რის მიღწევას ცდილობს ამით ხელისუფლება?
– ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ბედის ანაბარაა დარჩენილი და ამით ცდილობს, როგორმე შეამციროს „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ რეიტინგი. ეს პარტია მართლაც, კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა გახლავთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქმის კეთება და ხალხის პრობლემების მოგვარება.
– ოპოზიციამ ბათუმში შეთანხმებას მიაღწია მერობის საერთო კანდიდატთან მიმართებით, შეძლებს იგი საერთო ჯამში 57 პროცენტის აღებას და ამ მხრივ, რამდენად თანმიმდევრულად მოქმედებს ოპოზიციური სპექტრი?
– მართლაც, უპრეცედენტო ფაქტი გვაქვს წელს ბათუმში – ოპოზიციამ მოახერხა შეთნხმება და მინდა გითხრათ, რომ ძალიან თანმიმდევრულად ვმოქმედებთ, ვფიქრობთ, რომ ეს საბოლოოდ, გამარჯვებას მოგვიტანს.
– თქვენ პარტიული სიის პირველი ნომერი ხართ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის და რას ჰპირდებით ბათუმელებს?
– ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ჩემი ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ჩავერთო მისი აღმშენებლობის საქმეში. მზად ვარ, ვემსახურო მშობლიურ ბათუმს და ბათუმელებს მთელი ენერგიით, ენთუზიაზმითა და რესურსით. ჩვენი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, მზად ვარ, დავიწყო ცვლილებების შეტანა ყოველ უბანში და მოვაგვარო ის პრობლემენი, რაც აწუხებთ ბათუმელებს.
– თქვენი პარტია ცნობილია, როგორც ინოვაციური, საინტერესო პროექტების, ასე ვთქვათ, კატალიზატორი, ამ მხრივ, გაქვთ თუ არა ბათუმის განვითარების სტრატეგიული გეგმა და რას მოიცავს ის?
– რაც შეეხება ინოვაციურ იდეას ეს არის ,,ტექ სტილის’’ ინდუსტრიული პარკი, სადაც გაერთიანებული იქნება რამდენიმე განსხვავებული საწარმო, რომლებიც ერთამნეთთან დაკავშირებული იქნებიან ეკონომიკური, სამრეწველო და მენეჯერული თავლსაზრისით.
ინდუსტრიული პარკი დაასაქმებს ათასობით მოქალაქეს, მათ საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის რეალიზების შესაძლებლობას მისცემს, ამავდროულად, შექმნილი დოვლათი ქალაქს ეკონომიკურად გააძლიერებს.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით სააკაშვილის თემას, მან დააანონსა საქართველოში ჩამოსვლა, რას ფიქრობთ?
– მიხელი სააკაშვილის ჩამოსვლა მისი გადასაწყვეტია.
ჩვენ გვაქვს საკუთარი პოლიტიკური რაკურსი და წინასაარჩევნო გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად და ოპერატიულად მივყვებით, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც ელოდება ცვლილებებს.
– თქვენმა ლიდერმა აღნიშნა, რომ არ უნდა დავუშვათ ამ მმართველი გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა და არც ყოფილი ხელისუფლება დაბრუნდება მმართველობაში, შეძლებთ ამომრჩევლის ამაში დარწმუნებას?
– სანამ ორპოლუსიანი სისტემა ახდენს აზრის, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების სრულ მონოპოლიას, საქართველო მუდმივ კრიზისშია. ჩვენი მიზანია, დასრულდეს ორპოლუსიანობა, რისთვისაც შეიქმნა პლატფორმა ,,მესამე ძალა’’ გამოცდილი პიროვნებებით, რათა მოსახლეობამ არჩევნების დღეს შეძლოს იმ წრის გარღვევა, რომელსაც არ მოაქვს სასიკეთო ცვლილებები საზოგადოებისთვის.
– და ბოლოს, ექსპერტები აცხადებენ, რომ ოპოზიციის, საერთო ჯამში, გამარჯვება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამომრჩევლი არჩევნებზე იაქტიურებს, რას აკეთებს ოპოზიცია მოსახლეობის არჩევნებზე მისაყვანად?
– ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით მოსახლეობას, რადგან თითოეული ადამიანის ხმა და აქტიურობა მნიშვნელოვანია სახელმწიფოში ცვლილებებისთვის.