
ბექა დიასამიძე : ჩვენ პარლამენტში შესვლით ქვეყანას ავარიდეთ სამოქალაქო დაპირისპირება, პროვოცირება, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი მტრის ინტერესებს
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ-ეკონომიკური რეალობა რომ განსაზღვრავს, ცხადია. ამ მხრივ ბოლო პერიოდის მოვლენები მრავალი ასპექტით იყო საყურადღებო. საპარლამენტო ცხოვრება გამოცოცხლდა, საკრებულოებში მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდა, ხელისუფლება ოპოზიციის დესტრუქციულობაზე საუბრობს, ოპოზიცია კი მთავრობას არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობასა და ოპონენტების მიმართ რეპრესიებში ადანაშაულებს. პარტიები სამომავლოდ ახალ გეგმებს შესთავაზებენ მოსახლეობას, რათა მათი კეთილგანწყობა მოიპოვონ. რა ხდება ჩვენს რეალობაში, რა პრობლემებია და როგორია მათი გადაჭრის გზები? ამის თაობაზე ,,სტრატეგია აღმაშენებლის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ბექა დიასამიძე გვესაუბრება.
– ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბროთ, თქვენთვის რა საკითხები იყო აქტუალური, ხელისუფლებისკენ მიმართული ოპოზიციის კრიტიკა რამდენად ობიექტურია?
-“ქართული ოცნება” არ გამოირჩევა ხალხის პრობლემების მოგვარებით. ხელისუფლების წარმომადგენლების ერთადერთი საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნება და ძარცვის უფლებაა, რომელსაც იყენებენ 9 წლის მანძილზე. მმართველი მხარისათვის მთავარი ამოცანაა ქონების დაგროვება, რაც შეეხება ხალხის პრობლემების მოგვარებას, ამისთვის არაფერს აკეთებენ. ობიექტურია თუ არა კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან მათი კრიტიკა?! ჩვენ, ძირითადად, ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ პანდემიის მართვის საკითხებში. სტატისტიკურად დასაბუთებულია, რომ 1000 მოსახლეზე გარდაცვალების რაოდენობით, სამწუხაროდ, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია, ინფიცირებულთა რაოდენობითაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. რაც შეეხება აცრას და პრევენციას, არც ამ საკითხში ვართ ხელსაყრელ პოზიციაზე. ქვეყანაში არის სიღარიბე, უმუშევრობა, სიღარიბე. საქართველოს ყოველწლიურად ტოვებს 60 000-დან 70 000 – მდე ადამიანი, რაც სტატისტიკურად არის დასაბუთებული და შესაბამისად, ამ საკითხშიც ჩვენი კრიტიკა ობიექტურია. საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაში 30%-ით მოიმატა პირველადი მოხმარების პროდუქციის ფასებმა, პენსიები და ხელფასები კი არ გაზრდილა. “ქართულ ოცნებას” არ შეუქმნია არცერთი სამუშაო ადგილი, პირიქით, მცირდება, შესაბამისად, კრიტიკა ამ ნაწილშიც ობიექტურია.
– თქვენ უარყოფითად აფასებთ ხელისუფლების საქმიანობას, მმართველი პარტიის წევრები კი აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება და ოპოზიციის შენიშვნები ტენდენციურია.
– არ მესმის, რაში გამოიხატება ეკონომიკური გაუმჯობესება, მესმის პანდემიის ჩაკეტილობის პირობებში ეკონომიკა გაიხსნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხის მდგომარეობაზე მყისიერად აისახა. თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდის სტატისტიკას, აქ საუბარია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ მოსახლეობაზე, ვნახავთ, რამდენი ბავშვი შიმშილობს. ამ მიმართულებით არანაირი გარღვევა ხელისუფლებას არ აქვს. დღეს 140 000 ბავშვი იმყოფება შიმშილის ზღვარზე და საუბარი, რომ ოპოზიცია არ საუბრობს სწორად, მგონი, უადგილოა, რადგან 9 წელზე მეტია, ხელისუფლებას არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით.
– რა თქმა უნდა, ოპოზიციის დანიშნულება არა მარტო ხელისუფლების კრიტიკა, არამედ სახელმწიფოსთვის გეგმების, პროექტების შეთავაზებაც უნდა იყოს, ოპოზიციას თუ გააჩნია ქვეყნის განვითარების გეგმა თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით?
– ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კრიტიკასთან ერთად მნიშვნელოვანია ნაკლოვანებების აღმოფხვრის კონკრეტული შეთავაზებები. “სტრატეგია აღმაშენებელმა” ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა 7-პუნქტიანი განვითარების გეგმა, შესთავაზა ხელისუფლებას და სხვა პოლიტიკურ ძალებს, დამსხდარიყვნენ ამ საკითხზე მსჯელობისთვის, მაგრამ საქართველოში საქმესთან დაკავშირებულ დისკუსიებზე მეტად კრიტიკა, პოლიტიკური კინკლაობა, დაპირისპირება მოსწონთ, რაც სრულებით, არ უწყობს ხელს პრობლემების მოგვარებას. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვდივართ ინიციატივით, თუ როგორ შეიძლება რეალურად შემცირდეს სესხის პროცენტი, წამლის ფასი არა მხოლოდ თურქეთიდან შემოტანით არამედ ფასწარმოქმნის სისტემის სტანდარტის ქვეყანაში დანერგვით, როგორ დავაინიციროთ კონკრეტული კანონპროექტი პენსიონერთათვის. “სტრატეგია აღმაშენებელი”, ასევე, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, გახდეს რეგიონის ჰაბი, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და საქართველო გადაიქცეს ერთგვარ ოაზისად კრიპტო მიმართულებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
– როგორც გაცხადდა, თებერვლის დასაწყისში თქვენი პარტია აპირებს მნიშვნელოვანი სტრატეგიების და კონცეფციების მოსახლეობის წინაშე წარდგენას, გვიამბეთ ამის შესახებ.
– “სტრატეგია აღმაშენებელი” სწორედ იმით განსხვავდება სხვა პარტიებისგან და ხელისუფლებისგან, რომ ის საუბრობს არა მხოლოდ პრობლემაზე, არამედ გვთავაზობს მის გადაწყვეტას კონკრეტული გზით, ამის ნათელი მაგალითია ჩვენი პარტიის განცხადება, რომლითაც პრემიერ-მინისტრს ვთავაზობთ მთელი რიგი მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს. ერთ-ერთი კონკრეტული, სწორედ, საქართველოსთვის რეგიონის ჰაბის სტატუსის მინიჭებაა, რომლის შედეგადაც შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები ტექნოლოგიური მიმართულებით.
– რა სტადიაშია ახლა ოპოზიციური სპექტრი, რამდენად თანმიმდევრულია იგი ხელისუფლებასთან მიმართებით?
– თანმიმდევრულობა პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც გყავს ისეთი ხელისუფლება, როგორიც “ქართული ოცნებაა”, რომელსაც არ გააჩნია გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები და ყოველდღიურად ახალ პოლიტიკურ ხანძარს აჩენს ქვეყანაში, ჩვენ გვიწევს შესაბამისი რეაგირება, მაგრამ წარმატებისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია რეაგირების რეჟიმიდან შეთავაზების რეჟიმზე გადასვლა. “სტრატეგია აღმაშენებელი” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეაგირებდეს არა ხელისუფლების მიერ წამოყენებულ პირობებზე, არამედ შესთავაზოს მას ქვეყნის განვითარების გზები.
– სხვათა შორის, ამასწინათ თქვენმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ის აღარ ენდობა ,,ნაცმოძრაობას”, რა გახდა ამ უნდობლობის მიზეზი?
– უნდობლობას გააჩნია თავისი ისტორია, პირობები, მაგრამ ახლა აქცენტირება გვჭირდება არა უნდობლობაზე, დაპირისპირებაზე და გაყოფაზე, არამედ იმ გზების ძიებაზე, თუ როგორ გამოვიყვანოთ ყველამ ერთად ქვეყანა შექმნილი კრიზისიდან.
– ვხედავთ იმასაც, რომ ახლა ოპოზიცია დაქსაქსულია, ზოგი პარლამენტში ოპოზიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ზოგი უარყოფითად (მაგალითად, ,, ევროპული საქართველო”), საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური სპექტრის შესვლამ რა დივიდენდები მოუტანა თუნდაც თქვენს პარტიას მოსახლეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით?
– საქართველოში შექმნილ ვითარებას არ შეიძლება ვუყურებდეთ მხოლოდ ვიწრო პარტიულ ჭრილში. ჩვენ უნდა დავინახოთ დიდი მასშტაბი – რეგიონის ჭრილში შევხედოთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შექმნილ ვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე შექმნილი 4 კრიზისიდან 3-ში წარმატებას მიაღწია რუსეთმა. ჩვენ პარლამენტში შესვლით ქვეყანას ავარიდეთ სამოქალაქო დაპირისპირება, პროვოცირება, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი მტრის ინტერესებს. გადავიყვანეთ ვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოში, დაინიშნა თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც იყო ერთგვარი რეფერენდუმი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა ხელისუფლებაზე, როგორც ჩანს, პოზიტიურად არ იმოქმედა და ჩვენ მოგვიწევს ყველა ფორმის, საშუალების გამოყენება, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, დააბრუნოს მიტაცებული ძალაუფლება, ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მმართველი გუნდი..
– ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილის თემა გარკვეულწილად, მეორე პლანზე გადავიდა, მისმა ჩამოსლამ რა მინუსები და პლიუსები შესძინა ოპოზიციას?
– იმისთვის, რომ მომავალში არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტაცია ხელისუფლების მხრიდან ან სხვა ნეგატიურად დაინტერესებული ადამიანების მხრიდან, ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით მესამე პრეზიდენტზე საუბარს უარყოფით კონტექსტში, რადგან არ გვსურს საპატიმროში მყოფი ადამიანის მდგომარეობა ამით კიდევ უფრო დავამძიმოთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს კითხვები მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ასევე არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას ვეთანხმებით მთელ რიგ საკითხებში, თუნდაც წარსულის შეფასებაში, დღევანდელობაში, მომავლის ხედვასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია განცხადებები, რომელიც გააკეთა სახალხო დამცველმა ექსპრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც შეეხება სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას. მე ამ საკითხებზე უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებდი (ვინაიდან ექსპრეზიდენტი დღეს პატიმარია), ვიდრე იმაზე თუ რაში მდგომარეობს ჩვენს შორის არსებითი და ფუნდამენტური სხვაობა.
– გვერდს ვერ ავუვლით მოქმედ პრეზიდენტს. პოლიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიულობაზე ტესტი ვერ ჩააბარა, იგულისხმება ვეტოს არდადება საპარლამენტო კანონპროექტებზე, თქვენი აზრი ამის თაობაზე?
– ჩვენ – “სტრატეგია აღმაშენებელი” პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ იმისთვის, რომ პერსონალური პატივისცემა გვქონდეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ, შედარებით მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე ამას დღეს აკეთებს, რადგან არ მგონია პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია იყოს დილას და საღამოს მხოლოდ ძაღლის გასეირნება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ზურაბიშვილის საფრანგეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება მას სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.
– საკრებულოებში პოლიტიკური პროცესები გარკვეულწილად, გაცოცხლდა, ზოგან ოპოზიციამ მოახერხა შეთანხმება, ზოგან – ვერა, ექსპერტები ამბობენ, რომ ოპოზიცია სათანადო ყურადღებას არ აქცევს ადგილობრივ თვითმმართველობებს, ამაზე რას ფიქრობთ?
-“სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში, თუმცა, ბუნებრივია, არ ხდება ყველაფრის აფიშირება ტელევიზიებში და ჩნდება განცდა, რომ თითქოს ოპოზიცია არაფერს აკეთებს რეგიონებში. ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს წარმომადგენლებთან და ვცდილობთ, ყველა პრობლემის გადაწყვეტისას შევასრულოთ მედიატორის როლი ხელისუფლებასა და ხალხს შორის, სადაც ილახება ადამიანის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები, ეს ერთგვარი რუტინაა, მაგრამ იმის გამო, რომ ყოველდღიურად არ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, არ უნდა გვქონდეს განცდა, თითქოს მიტოვებული გვყავს ხალხი უყურადღებოდ.
– საგარეო საკითხსაც შევეხოთ. ამჟამად დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირების არეალი უკრაინაა, რამდენად თანმიმდევრულია დასავლეთი რუსეთთან დაკავშირებით?
– დასავლეთზე მეტად აქცენტს გავაკეთებდი ოკუპანტ რუსეთზე, აგრესორ ქვეყანაზე, როგორც საქართველოსთვის ასევე უკრაინისთვის. ოკუპანტ ქვეყანას მიტაცებული აქვს ყირიმი, უკაინისთვის მხარდაჭერა ამ პროცესში არის სამართლიანი და მორალური. სამართლიანი იმიტომ, რომ რუსეთი ახდენს სუვერენული სახელმწიფოს ოკუპაციას, ტერიტორიების მიტაცებას. მორალურად სწორია, უკრაინის მხარდაჭერა, რადგან მაშინ, როდესაც საქართველოს დახმარება დასჭირდა, უკრაინის პრეზიდენტი თბილისში იდგა რუსული ტანკების წინააღმდეგ. უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ ამით ვიცავთ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ინტერესებსაც, რადგან თუ რუსეთი უკრაინაში მიაღწევს საწადელს, შემდეგ იგივეს გააკეთებს საქართველოში.
– დასავლეთში პოლიტიკური პარტიების უმეტემობა ქვეყნის საგარეო კურსზე შეთანხმებულია, ამ მხრივ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში როგორი სურათია და რამდენად ძლიერია ჩვენთან მეხუთე კოლონა?
– ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამ საკითხზე, აუცილებელია ისეთ ფუნდამენტურ, პრინციპულ საკითხებზე ეროვნული კონსესუსი, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში, ასევე დემოკრატიზაციის საკითხზე, რათა ქვეყანაში იყოს სამართლიანი სასამართლო და არჩევნები. ამ კონკრეტულ საკითხებზე ნამდვილად შეთანხმებულნი არიან დასავლეთში, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ამ პრინციპების დასამკვიდრებლად კონკრეტული ნაბიჯებს არ დგამენ. “ქართული ოცნება” ერთის მხრივ, საუბრობს დასავლეთში ინტეგრაციაზე, დეოკუპაციის პროცესის აუცილებლობაზე, მაგრამ მოქმედებით საწინააღმდეგოს ამტკიცებს.