
ბოლო ნამქერიც გაიჭრა
აჭარა-გურიის ქედზე მერიაყელი ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი ტერიტორიაა, სადაც ზაფხულს 150-მდე ოჯახის მეცხოველეები ატარებენ. აქ თოვლიც ხვავრიელი იცის. მთაში მისასვლელი საავტომობილო გზა თოვლისა და ზამთრის ნარჩენებისგან იყო გასაწმენდი. ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა ქვასამღერა-მერიაყელის მონაკვეთზე იყო. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის წარმომადგენლობის მექანიზატორებს თემურ ხილაძეს, მიხეილ ზოსიძეს ერთი დღე დასჭირდათ, რომ 15 მეტრი სიგრძის თოვლის ნამქერი გაეჭრათ და მთაში მეცხოველეები ტრანსპორტით გასულიყვნენ. მათ მანქანები 4 მეტრი სიმაღლის თოვლის გვირაბში გაატარეს.
სამუშაოთა მიმდინარეობას შუახევის განყოფილების უფროსი რომან დუმბაძე და მთავარი სპეციალისტი როინ აბუსელიძე აკვირდებოდნენ.
– მაისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ჩვენი მექანიზატორების ნაწილი ალპურ საძოვრებზე მისასვლელი საავტომობილო გზების თოვლისა და ზამთრის ნარჩენებისგან გაწმენდის სამუშაოებით იყვნენ დაკავებულნი. მერიაყელი ბოლო მთაა, სადაც მისასვლელი გზა მოწესრიგდა. პასუხისმგებლობას არ ვიხსნით. მთებში ხშირია სეტყვა, კოკისპირული წვიმები, რაც გზებს აზიანებს. მათაც შევაკეთებთ. გვინდა მეცხოველეებს, უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს გადაადგილებისას შეფერხებები არ შეექმნათ, – გვითხრა რომან დუმბაძემ.
ოთარ ცინარიძე