ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
By

ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი, მივიდა. დიპლომატი უწყებაში ოფიციალური განმარტებების მოთხოვნის მიზნით დაიბარეს. სამინისტროს შენობაში შესვლამდე ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი, „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ქართული მხარე ელჩისგან დეტალურ ახსნა-განმარტებას ელოდება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია იმედი და POSTV სანქციების სიაში შეიყვანა.
მინისტრის თქმით, ლონდონთან კომუნიკაცია უკვე შედგა, თუმცა აუცილებელია კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტების წარმოდგენა. „ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, თუ რა არის საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების.  როდესაც სანქციებზეა საუბარი, ამას სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ საკითხი ეხება როგორც მედიას, ისე სიტყვის თავისუფლების სტანდარტებს.
ცნობისთვის, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნულ ტელეკომპანიებს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ საფუძვლით, რომ ეს მედიასაშუალებები „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებად“ მიიჩნიეს. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ფინანსური მომსახურების შეზღუდვას და დირექტორთა დისკვალიფიკაციას. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ არხები, ბრიტანული მხარის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებენ.
საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებები ბრიტანეთის ელჩის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

  • No Comments
  • თებერვალი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *