ბრიტანეთის სანქციები და პრემიერისა და „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შეფასებები
By

ბრიტანეთის სანქციები და პრემიერისა და „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შეფასებები

დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულება“ უწოდა და განაცხადა, რომ „დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში ჩამოყალიბებული ვითარება განსაკუთრებით სამწუხაროა“.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი, რომელიც ისტორიულად ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, დღეს თავად უგულებელყოფს როგორც მედიის თავისუფლებას, ისე ადამიანის ძირითად უფლებებს. „არასერიოზულია, სამარცხვინოა“, – ასე შეაფასა პრემიერმა ბრიტანეთის ნაბიჯი და ხაზი გაუსვა, რომ პრაქტიკაში სანქციებს ეფექტი არ ექნება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში მედიის თავისუფლებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. მან გაიხსენა 2007 წლის მოვლენებიც და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, მისი შეფასებით, მედიის პლურალიზმი და თავისუფლება უზრუნველყოფილია. პრემიერი ირწმუნება, რომ არც ერთ ჟურნალისტს და არც ერთ ტელეკომპანიას საქმიანობის პირობები არ გაუუარესდება და სახელმწიფოს მხრიდან მედიის თავისუფლების დაცვა გარანტირებული იქნება.
ამავე თემაზე საუბრისას, კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სანქციების საკითხზე საერთაშორისო კონტექსტშიც. მისი თქმით, ბოლო წლებში სანქციების დაწესებისკენ მოწოდებები არსებობდა როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციების დონეზე, ისე, ცალკეული დიპლომატიური განცხადებებით. პრემიერის შეფასებით, მსგავსი მოთხოვნები სხვა ქვეყნებთან მიმართებით არ გაჟღერებულა, რაც, მისი თქმით, ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
მკაცრი განცხადება გაავრცელა პარტიამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“. მათ ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება „პოლიტიკურ შანტაჟად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ სანქციების მიზანი ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაა. განცხადებაში საუბარია ე.წ. დიფ სთეითის გავლენაზეც და ხაზგასმულია, რომ, მათი შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი ვერ შეცვლის ვერც ტელევიზიების პოზიციას და ვერც საზოგადოების განწყობას.
პარტიის განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ მსგავსი „ჰიბრიდული შეტევები“ შესაძლოა გაგრძელდეს და ხელისუფლებამ, სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, თანმიმდევრული სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადადგას.
ცნობისთვის, 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირება, რასაც საქართველოში მწვავე პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

  • No Comments
  • თებერვალი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *