ბრიტანეთის სანქციები – რუსეთს
By

ბრიტანეთის სანქციები – რუსეთს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სანქციების პაკეტი გამოაცხადეს, რაც მათივე ცნობით, ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს და კრემლის მიერ უკანონო ომის წარმოების უნარს მნიშვნელოვნად შეამცირებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რუსეთის წინააღმდეგ 300-მდე ახალი სანქცია დააწესეს, რაც ენერგეტიკულ შემოსავლებზე, ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებსა და სამხედრო აღჭურვილობის მიმწოდებლებზე შეზღუდვებს ითვალისწინებს.

„ჩვენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და ევროპულ უსაფრთხოებას დავიცავთ. უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი.

დღევანდელი სანქციების ფარგლებში შეზღუდვები ვრცელდება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსადენების კომპანიის, „ტრანსნეფტის“ წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტის გადაზიდვაზეა პასუხისმგებელი.

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსული ნავთობით უკანონოდ მოვაჭრეების ქსელს, კერძოდ, ნავთობის ქსელის „2Rivers“-ის 175 კომპანიას, რომელიც მსოფლიოში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ერთ-ერთი უდიდესი ოპერატორია. ასევე, სანქციები გავრცელდება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 48 ნავთობტანკერზე.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის სანქციები მოიცავს: 49 ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალებს მხარს უჭერენ; სამოქალაქო ბირთვული ენერგიის 3 კომპანიას და 2 ფიზიკურ პირს, რომლებიც საზღვარგარეთ რუსული ბირთვული ობიექტებისთვის კონტრაქტების მოპოვებას ცდილობენ; რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ინდუსტრიის 6 ობიექტს, რომლებიც თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტზე არიან პასუხისმგებელი; 9 რუსულ ბანკს, რომლებიც საზღვარგარეთ გადახდებს ამუშავებენ და კრემლს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომაში ეხმარებიან.

 

  • No Comments
  • თებერვალი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *