19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ბრიუსელის მკაცრი პოლიტიკა და ეუთოს მხარდაჭერა – საქართველოს
By

ბრიუსელის მკაცრი პოლიტიკა და ეუთოს მხარდაჭერა – საქართველოს

 ქვეყანაში კვლავ განხილვის თემაა ბრიუსელის გეგმა, რომლის მიხედვითაც ევროკომისიას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების უფლება ენიჭება. როგორც ცნობილია, ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება, უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ აღნიშნული პრივილეგიით. ჩამონათვალში 61 ქვეყანაა, მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ურთიერთკრიტიკის თემაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რა შეზღუდვებიც არ უნდა დაწესდეს ბრიუსელის მხრიდან, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება სამართლიანი არ იქნება. ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ოპოზიცია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ხელისუფლებაში დაბრუნების ინსტრუმენტად განიხილავს და სწორედ ამ მოთხოვნით, უკვე წლებია, ბრიუსელში დადის.
„წლებია, ოპოზიცია ღიად იბრძვის და არასოდეს მალავს, რომ გარკვეული სიები არსებობს, რომელსაც, მაგალითად, გრიგოლ გეგელია ადგენს, ჩააქვს ბრიუსელში და ევროპელ პოლიტიკოსებს ეუბნება, რომ ეს ადამიანები დასასანქცირებლები არიან. ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურება – საქართველოში რაც უფრო ცუდი ვითარება იქნება, მათთვის უკეთესია. შემდეგ დაპირებები მოდის ათასლარიანი პენსიების და ა.შ. ფონს გასვლა, სწორედ, ამ ზღაპრებით უნდათ“, – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ეს არის და ეს.
ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალური ოპოზიცია – ქუჩაში. შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინასწარი ვიზის გარეშე შედის, 60-დან 123-მდე გავზარდეთ. შანტაჟის შიშით ეს საქმე ვერ გაკეთდებოდა და საქართველოს მტრების გულის გასახეთქად ეს ციფრი არათუ დაიკლებს, გაიზრდება“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო პირდაპირ – არა, მაგრამ ირიბად ეხმაურება უვიზო მიმოსვლის შეჩერების ალბათობის საკითხს და აცხადებს, რომ საქართველო შანტაჟს არ ექვემდებარება. ,,საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ პროგრესს, სწორედ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია. ბრძოლით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსიც, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებს და მათი კარნახით მოქმედ ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად ჰქონდათ მოაზრებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია დღესაც საქართველოს შანტაჟითა და ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობით არის დაკავებული, საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დროისთვის, ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატიაც ღირსეული, დამოუკიდებელი და ევროკავშირისა და ევროპის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ელიტით ჩანაცვლდება“, – ვკითხულობთ ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
ოპოზიციისთვის ყველა გზა არჩევნებამდე მიდის, გამონაკლისი არც ვიზალიბერალიზაციის საკითხია. მათი თქმით, ერთადერთი გზა იმისა, რომ საქართველოს ბრიუსელმა ვიზალიბერალიზაცია არ გაუუქმოს, ქვეყანაში ახალი არჩევნებია.
,,ვიზალიბერალიზაცია და უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან დაიმსახურა ჩვენმა საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა და ეს არის მისი მონაპოვარი. სხვადასხვა გარემოების გამო, მათ შორის ევროპული გზიდან გადახვევის გამო, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ამაზე ერთმნიშვნელოვნად პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ არალეგიტიმური ხელისუფლება. არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ, პარტიებმა, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ, ყველამ ერთად ვაიძულოთ არალეგიტიმური ,,ქართული ოცნება“, დროებითი ადმინისტრაციის პირობებში, ჩანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, რათა საზოგადოებამ გააკეთოს თავისუფალი არჩევანი“, – განაცხადა მედიასთან საუბარში ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი კაპანაძემ.
კოალიცია ,,ძლიერ საქართველოში“ ამბობენ, რომ დღეს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის დიდი რისკი არსებობს.
,,რისკი იმისა, რომ საქართველომ დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია, არის ძალიან მაღალი და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებელი ,,ქართული ოცნებაა“, რადგან მათი რეჟიმი აკეთებს ისეთ რამეს, რაც თავსებადი არაა ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებასთან. ის, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ახალი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა და ყველა იმ კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რაც ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად არის ფუნდამენტური“, – აღნიშნა მედიასთან საუბარში კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
მიმდინარე კვირაში საქართველოს ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და მმართველი პარტიის სხვა ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ასევე ცესკოს თავჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს. გენერალური მდივანი შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.

ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. მან ღიად დააფიქსირა ეუთოს მხარდაჭერა და ,,მტკიცე ერთგულება“ საქართველოს მიმართ.
,,მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს შიდა და გარე გამოწვევების გადაჭრაში და მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, კვლავ ჰქონდეს ეუთოს გამოცდილებისა და მხარდაჭერის იმედი. გმადლობთ ეუთოს პრინციპებისადმი თქვენი ერთგულებისთვის“, – განაცხადა პრესასთან საუბარში ფერიდუნ სინირლიოღლუმ.
ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს მოჰყვა შეფასებები. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეუთოსთან პარტნიორობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
,,გულწრფელად მადლობელი ვარ გენერალური მდივნის მხრიდან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის. ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის წახალისებისა და საერთო გლობალური გამოწვევების დასაძლევად“, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება ეუთოს პრინციპების ერთგულია.
,,საქართველოს ხელისუფლება არის ეუთოს და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც. ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია საკუთარი ნდობა ეუთოსადმი. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ეუთო/ოდირის მოწვევა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და მისიის საქმიანობის განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელის შეწყობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოდირის რეკომენდაციები და მზად ვართ, თანამშრომლობა გავაგრძელოთ მათ შესასრულებლად“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მსგავსი ვიზიტი გააუქმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ.
მას ვიზიტის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციამ, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და ევროპარლამენტარებმა, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ოპოზიციის მოწოდებებმა ვერ იმოქმედა ფერიდუნ სინირლიოღლუზე, რომელიც არათუ ჩამოვიდა საქართველოში, არამედ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტი განსახილველი თემა გახდა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, სადაც აცხადებენ, რომ უკეთესი იქნებოდა, ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში არ ჩამოსულიყო.
,,უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს ვიზიტი არ ყოფილიყო. ასეთი ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორც წესი, ჩამოდიან მოლაპარაკებებისთვის, რომ კიდევ სცადონ ხელისუფლების მობრუნება, იმ კრიტიკულ წერტილამდე, რომელსაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ჰქვია. გაფრთხილებების მიმღები შიკრიკები ხშირად ჩამოდიან ამ ქვეყანაში“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან სანიკიძემ.
პარტია ,,ლელოში“ ამბობენ, რომ ცალკეული ვიზიტები ,,ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს.
„ვერცერთი ასეთი ცალკეული ვიზიტი ვერ მოახდენს ამ არალეგიტიმური ძალისთვის რაიმე ტიპის ლეგიტიმაციის მინიჭებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარი, ვინც ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ანიჭებს, არის ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიუღებლობა ამ მოღალატეობრივი, ანტიეროვნული ძალის მიმართ იზრდება. შესაბამისად, რამდენი ასეთი ცალკეული შემთხვევა და ვიზიტიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ზოგადი ფონი. საერთო კონტექსტში ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ აღმოჩენილია დიპლომატიურ თვითიზოლაციაში, სადაც ჩვენი ტრადიციული პარტნიორებიდან, ფაქტობრივად, არ მოიძებნება არავინ, ვინც აღიარებს მათ ლეგიტიმაციას ან მართავს მათთან სამუშაო შეხვედრებს“, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია ,, ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ.

 თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • აპრილი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *