ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტი იმართება – განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოა
4 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის გაფართოების სამიტი, რომლის ფარგლებში ევროკომისია 2025 წლის გაფართოების პაკეტს დაამტკიცებს და კანდიდატი ქვეყნების პროგრესის შესახებ წლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
დოკუმენტი მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც და შეფასდება რეფორმების შესრულების ხარისხი, პოლიტიკური პროგრესი და ინსტიტუციური განვითარების დონე.
„გაფართოების სამიტში“ მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები. მათ შორის არიან:
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოჟკო სპაჟიკი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერი ჰრისტიან მიცკოსკი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.
სამიტი სატელევიზიო ფორმატში ჩატარდება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებული შეფასების შესახებ კომენტარს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი პრესკონფერენციაზე გააკეთებს, რომელიც 18:00 საათზეა დაგეგმილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის ანგარიშმა პოზიტიურად ასახოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია.
მინისტრის თქმით, ევროკავშირის შეფასებებში ხშირად შეინიშნება ტენდენციურობა და არაობიექტურობა:
„ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ ნაკლებად კეთდება ობიექტური შეფასებები. ძირითადად, შეფასებები ტენდენციურია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ და ასახავს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც ქვეყანამ მიაღწია“ , – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ვარაუდი ეფუძნება წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ნაბიჯებს:
„ჩვენ შეგვიძლია ეს ვივარაუდოთ ევროკავშირის მიერ წლის განმავლობაში გაკეთებული კომენტარებიდან და გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. თუმცა დაველოდოთ ანგარიშს და ვნახოთ, რამდენად ობიექტურად იქნება ასახული საქართველოს პროგრესი – ის რეფორმები, ეკონომიკური ზრდა და განვითარება, რასაც ბოლო წელს ადგილი ჰქონდა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისთვის, რადგან სწორედ მასზე დაყრდნობით განისაზღვრება ქვეყნის მომავალი ნაბიჯები წევრობის კანდიდატის სტატუსისა და მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით.
სამიტს საქართველოდან არავინ დაესწრება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აქვს და გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წინსვლისა და რეფორმების პრიორიტეტების ყოველწლიურ შეფასებას.
ნანა აბულაძე