
ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ბსუ-ის რექტორმა ტიტე აროშიძემ ცენტრის თანამშრომლებს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ბადრი გეჩბაია წარუდგინა. რექტორმა ბადრი გეჩბაიას წარმატება უსურვა ახალ თანამდებობაზე და ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების როლზე თანამედროვე სასწავლო პროცესში.
,,ბადრი გეჩბაიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიულ სფეროში. იგი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ადმინისტრაციულ და აკადემიურ საქმიანობაში. პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი მიზნად ისახავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, არაფორმალური განათლებისა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების ხელშეწყობას როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის. წარდგენას ბსუ-ის რექტორის მოადგილეები გიორგი ქათამაძე და მერაბ ხალვაში ესწრებოდნენ“, – ვკითხულობთ ბსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.