„ბულინგის მსხვერპლი თავად უნდა გაერკვეს, რამ გამოიწვია მის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება“
By

„ბულინგის მსხვერპლი თავად უნდა გაერკვეს, რამ გამოიწვია მის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება“

ბულინგი ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის სამიზნეც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს. დამცირება, დაშანტაჟება ბევრისთვის ერთგვარ ნორმად იქცა, სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევა ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, რასაც, გარკვეულწილად, ხელი სოციალურმა ქსელმაც შეუწყო. სამწუხაროდ, არც ისე ცოტაა ისეთი, ვინც აღარ ერიდება ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად მუდმივად და მიზანმიმართულად ადამიანის დატერორებას, მიზანი ასეთია – მსხვერპლის დაშინება ან დამორჩილება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბულინგი სერიოზული საკითხია და იგი ნებისმიერი ადამიანის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საზოგადოება პრობლემას, ხშირად, სერიოზულად ვერ აღიქვამს და გულგრილია, რითაც პროვოცირებასაც კი ახდენს. სამწუხაროდ, თავის დაცვა ყველას არ შეუძლია, რაშიც სამარცხვინო არაფერია. ასეთ დროს კვალიფიციური სპეციალისტის დახმარება არათუ სასურველი, აუცილებელიც კია, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ამას ბევრი ვერ ახერხებს. ბულინგის წინააღმდეგ საზოგადოების მეტი აქტიურობაა საჭირო.

პრობლემაზე, მასთან გამკლავების გზებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ბსუს-ის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფსიქოლოგიის კლინიკის ხელმძღვანელი ქეთევან ბერიძე გვესაუბრება.

– ქალბატონო ქეთევან, როგორ ტიპს შეიძლება მივაკუთვნოთ ადამიანები, ვინც სრულიად უცნობ პირებს, სოციალურ ქსელში, შეიძლება ითქვას, უმიზეზოდ ლანძღავენ, წყევლიან?

– მართალია, ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოების კითხვისას ხასიათის ძალიან ბევრ ტიპოლოგიას ვაწყდებით, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა მაინც რთულია, ვინაიდან პიროვნებას განვიხილავთ ჰოლისტურად და არა ცალკე განყენებული ხასიათის ტიპოლოგიას. შესაბამისად, ასეთი ქცევა შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, კერძოდ:

  • ნერვული სისტემის ორგანიზაციით, იმის მიხედვით, თუ როგორ ცვლიან აგზნების და შეკავების პროცესები ერთმანეთს. შესაძლოა, აგზნება ჭარბობდეს შეკავებას და ნერვული სისტემის ტიპის მიხედვით, ადამიანი იყოს გაუწონასწორებელი, მუდმივად გამოხატავდეს უკმაყოფილებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი ქცევა ამით გავამართლოთ.
  • დაბალი თვითშეფასებით. შესაძლოა, გარეგნულად ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ აწეული თვითშეფასება აქვს, თითქოს ყველას ზემოდან უყურებს, თუმცა შინაგანად იტანჯება თავდაჯერებულობის ნაკლებობით და მიდრეკილია სხვასთან შედარებით საკუთარი მნიშვნელოვნობის დასამტკიცებლად მუდმივად ვინმე აქიაქოს;
  • ტანჯავს სირცხვილის ან დანაშაულის განცდა, იმდენად მძიმეა ამ განცდებთან ერთად ცხოვრება, რომ ამ შინაგანი შემაწუხებელი ხმის ჩასახშობად სურს, მუდმივად აკრიტიკოს სხვა ადამიანი და ამით გადაფაროს საკუთარი;
  • მუქარის/აგრესიის გამოყენება, როგორც თავდაცვის სტრატეგია;
  • ემოციების მართვის პრობლემებით, მაგალითად, რთულად აკონტროლებს გაღიზიანებას და იმედგაცრუებას;
  • ემპათიის ნაკლებობით.

ასევე, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს გამოცდილებას, რომელიც ადრეული ბავშვობიდან აითვისა ოჯახში და ზრდასრულ ასაკში ჩამოუყალიბდა ქცევის პატერნის სახით.

– როგორი რეაქცია ჯობს გვქონდეს, ყურადღების ღირსად არ ჩავთვალოთ თუ თავისი ადგილი მივუჩინოთ?

– გადაწყვეტილებას ვიღებთ სიტუაციიდან გამომდინარე. არის შემთხვევები, როდესაც გამართლებულია იგნორირება, ვინაიდან ის ცდილობს თქვენს გამოწვევას, მისი მიზანია, ჩაგითრიოთ კონფლიქტში. თუ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ უპასუხოთ, საჭიროა დაეყრდნოთ თქვენს განცდებსა და ფაქტებზე საუბარს, ილაპარაკეთ მხოლოდ „მე შეტყობინების“ ფარგლებში და ნუ გამოიყენებთ „შენ შეტყობინებას“, რადგან ეს იქნება კონფლიქტის პროვოცირების მცდელობა.

ნიშნავს თუ არა, რომ ასეთი ღვარძლიანი ადამიანები ბოლომდე ცუდები არიან და დადებითი არაფერი გააჩნიათ?

– ადამიანების დაყოფა ცუდებად და კარგებად შეუძლებელია, თუმცა იმის გაანალიზება, რომ სხვა ადამიანს შეუძლია ზიანი მოგვაყენოს, მოიქცეს არასწორად – შესაძლებელია. ჰუმანისტი ფსიქოლოგების მოსაზრებას თუ დავეყრდნობით, ყველა ადამიანში არის მზე და უნდა დავეხმაროთ, რომ გამოანათოს. საკითხს თუ შევხედავთ სოციოპათის და ფსიქოპათის ჩარჩოებიდან, ამ შემთხვევაში შეუძლებელია ველოდოთ სიკეთის გამოვლინებას და დადებით ქცევას.

არის თუ არა ერთგვარი გადახრა მუდამ სხვისი ლანძღვის სურვილი?

– კონკრეტულად სხვისი ლანძღვა არ გახლავთ გადახრა, მაგრამ ხასიათის აქცენტუაციის მხრივ თუ ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვისი დაკნინება, ძალადობრივი ქცევის გამოყენება, შეურაცხყოფის მიყენება დამახასიათებელია ფსიქოპათებისთვის. ემოციების მართვის და სოციალური უნარების გავარჯიშება ნაწილობრივ ეხმარება იმაში, რომ შეცვალოს მისთვის დამახასიათებელი ქცევის პატერნი, თუმცა, ძირითად შემთხვევაში, მისი მართვა შეუძლებელია და არ ექვემდებარება მკურნალობას.

– რას ურჩევთ ბულინგის ობიექტებს? როგორ უნდა მოიქცნენ სიტყვიერი თავდასხმების დროს?

– ბულინგის მსხვერპლი თავად უნდა გაერკვეს, რამ გამოიწვია მის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება. მსხვერპლის როლში აღმოჩენა შემთხვევითი არ არის. ვურჩევდი, მიმართოს ფსიქოთერაპევტს და გაარკვიოს მიზეზი, თუ რატომ არის მუდმივად თავდასხმის ობიექტი. არაცნობიერში არსებული ინფორმაცია უკვალოდ არ იკარგება, ჩვენში ცხოვრობენ ის (მოძალადე) ადამიანები მანამ, სანამ გამოჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ საჭიროა, გაანალიზდეს წარსულში არსებული ტრავმული გამოცდილებები, გადამუშავდეს, რათა ადამიანმა შეძლოს ჯანსაღი გარემოს შექმნა საკუთარი თავისთვის.

როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები ასეთები იბადებიან თუ გარემოებები ცვლის უარესობისკენ?

– ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში გავლენას ახდენს როგორც თანდაყოლილი თავისებურებანი, ასევე – მიკრო და მაკრო გარემო, ის ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობს, ღირებულებები, რომლებიც მიღებულია და დაკანონებულია საზოგადოებაში, რელიგიური მრწამსი, აღზრდა, მიღებული განათლება. რა თქმა უნდა, ხასიათის ძირითადი კარკასი არ იცვლება, თუმცა მნიშვნელოვანმა ცხოვრებისეულმა ცვლილებებმა, როგორებიცაა ომი, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, დანაკარგის ტრავმა და ასევე, პიროვნულმა თავისებურებამ, მაგალითად, სტრესმედეგობამ, შფოთვის დონემ, რის გამოც მას არ ყოფნის რესურსი, გაუმკლავდეს გამოწვევებს და სირთულეებს, შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს და შეცვალოს ხასიათის რიგი თვისებები. ადამიანები განსხვავებულად პასუხობენ სტრესულ და ტრავმულ გამოცდილებებს. ზოგიერთი შექმნილ სირთულეს აღიქვამს როგორც ზებუნებრივი ძალების რისხვას, მეორენი საკუთარ წარუმატებლობაში მუდმივად ადანაშაულებენ სხვებს, თუმცა იმის თქმა, რომ ეს ადამიანები ასეთებად დაიბადნენ, არაკორექტულია, რადგან ახალშობილი ბავშვი არც ბოროტია, არც კეთილია, არც ზარმაცი და ა. შ. ის ასეთად შეიძლება ჩამოყალიბდეს ცხოვრების განმავლობაში.

მოუმართავთ თუ არა თქვენთვის მსგავსი პრობლემებით და როგორ ეხმარებით მათ?

– ძირითადად, მოგვმართავენ მსხვერპლები, მოძალადე არ თვლის, რომ ზიანს აყენებს სხვას, არ გააჩნია მგრძნობელობა სხვისი ტკივილის მიმართ, ამიტომაც მათი ხილვა ფსიქოთერაპევტის კაბინეტში შესაძლებელია კანონის მიერ დაკისრებული თერაპიის გავლის ვალდებულებით. საბედნიეროდ, ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება ვითარდებოდა კაცობრიობის განვითარების კვალდაკვალ. თუ გადავხედავთ ხალხურ ფსიქოლოგიას, ვიპოვით ბევრ ისეთ ხერხს, რომლითაც მაშინდელი ქურუმები, თუ გურუები ცდილობდნენ ადამიანის დახმარებას და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენას. შემდეგ მეცნიერული ფსიქოლოგიის განვითარებამ ხელი შეუწყო ახალი სტრატეგიების შემუშავებას, გაჩნდა სხვადასხვა ფსიქოთერაპიული სკოლა, რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა თერაპიული დახმარების ტექნიკით, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა პროფესიულ დონეზე, კომპეტენტური დახმარების გაწევა.

მანანა ტაკიძე

 

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *