
გადაეცით, სიტყვებს დაუკვირდეს, ძალიან სახიფათო გზას ადგას – ტრამპის პასუხი მედვედევს
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა „გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს“. შეგახსენებთ, დიმიტრი მედვედევმა ტრამპს შეახსენა, რომ მას რუსეთი არ უნდა ეგონოს ირანი და დაამატა „ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს 50 დღე თუ 10 დღე. ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან. მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით!“ .
ტრამპის თქმით, მას არ აინტერესებს და სულერთია, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. „არ მაინტერესებს, შეუძლიათ თავიანთი მკვდარი ეკონომიკები ერთად ჩამოშალონ. ინდოეთთან ძალიან მცირე ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. მათი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ასევე, რუსეთსა და აშშ-ს შორის თითქმის არანაირი ეკონომიკური კავშირი არ არსებობს. მოდით, ასე დავტოვოთ და გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ჰგონია, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტია, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ის ძალიან სახიფათო გზას ადგას!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის: გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული ნაბიჯის ერთ-ერთ მიზეზად ინდოეთის მიერ რუსეთისგან სამხედრო აღჭურვილობისა და ნავთობის შესყიდვა დაასახელა.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის მიცემული საბოლოო ვადის 10 დღემდე შემცირებას „ომისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.
გალერეა
