
გაერო: ისრაელის ქმედებები ღაზაში გენოციდს უტოლდება
ისრაელის ქმედებები ღაზაში გენოციდს უტოლდება, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შექმნილი კომისია იუწყება.
გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ ღაზაში „პალესტინელების განადგურება ხდება“ და ისრაელის ქმედებები აკმაყოფილებს გენოციდის განმარტებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.
როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერომ მსგავსი განცხადება საჯაროდ გააკეთა და, სავარაუდოდ, მას ისრაელის მთავრობის კრიტიკა მოჰყვება.
მედიის ცნობით, ისრაელი გაეროს კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და აღნიშნავს, რომ კომისია მიკერძოებულია.
ისრაელი ამ დროისთვის ღაზის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ბოლო დღეების განმავლობაში ქალაქი ღაზა ღამით 20 000-მა პალესტინელმა დატოვა.
გავრცელებული ცნობით, ქალაქიდან 320 000-ზე მეტი პალესტინელი გადავიდა სექტორის სხვა რაიონებში, რაც ისრაელის არმიის მიერ ამ ტერიტორიაზე „ჰამასის“ წინააღმდეგ დაგეგმილი შეტევის დაწყებამდე მოხდა.