
გაზრდილი ბიუჯეტი ახალ პროექტებზე გადანაწილდება
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის მნიშვნელოვანი იყო ქედის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. საკრებულოს წევრებმა 223 000 ლარით გაზრდილი ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც 30 977 500 ლარს შეადგენს.
გაზრდილი ბიუჯეტი ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით გადანაწილდება. დაფინანსდება როგორც უკვე დამტკიცებული, ასევე, ახალი პროექტები. ესენია: შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია; მთა ,,ტბათში“ ელექტრო-გადამცემი ხაზის გაკეთება; ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისა და სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა,არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სხვადასხვა დასახელების ინვენტარის შეძენა; სარწყავი არხების, სასმელი წყლისა და წყალსადენებისთვის მილების შეძენა; უსახური შენობების დემონტაჟი; სსიპ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის საკლასო ოთახის რემონტი და ინვენტარის შეძენა. გაიზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება.
– ჩვენი მიზანია თითოეული პროექტი ხარისხიანად და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდეს. საკრებულოს წევრები მონიტორინგს დააწესებენ, – გვითხრა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ.
თამაზ მგზავრიძე