გალერეა არჩილ მალაყმაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 21 ოქტომბერს გაიხსნა და 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება ბათუმელი მხატვრის არჩილ მალაყმაძის პერსონალური გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ზეთის საღებავებით და აკრილით შესრულებული რეალისტური ფერწერული ტილოები, აგრეთვე რამდენიმე აკვარელით შესრულებული ნამუშევარი.

– ძირითადად, ჩემი ნამუშევრები რეალიზმის სტილშია წარმოდგენილი. აქ არის ჩემში მხატვრობის განვითარების პერიოდი, თუ საიდან დავიწყე და სადამდე მოვედი. ნამუშევრებში ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ მაქსიმალურ სიზუსტეს, რეალურ სახეს, რომელიც ყოველთვის ყვება კონკრეტულ ამბავს და მთელი სიზუსტით მიდის ადამიანებამდე, – აღნიშნა მხატვარმა, რესტავრატორმა, არქიტექტურისა და დიზაინის სპეციალისტმა არჩილ მალაყმაძემ.
მხატვარს წარმატებები უსურვეს მუზეუმის წარმომადგენლებმა და მის ნამუშევრებს შთამბეჭდავი უწოდეს.
