გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები
„მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად შეიცვალა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები“, – აღნიშნულია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, დეპარტამენტი განმარტავს, რომ კრიტერიუმების გამკაცრება განაპირობა არსებულმა პრაქტიკამ, როდესაც ცალკეულ შემთხვევებში არ შესრულდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად, სახელმწიფო სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯა, შემსყიდველი ორგანიზაციები კი მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.
„ამასთან, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად გაიზრდება წარმოსადგენი საბანკო გარანტიების მოცულობა, ხოლო 2029 წელს დაგეგმილია „თეთრი სიის“ სრულად გაუქმება. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სახელმწიფო სახსრების მიზნობრივად განკარგვას, ასევე, აამაღლებს მიმწოდებელთა მზაობას, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, რათა უწყვეტად ისარგებლონ „თეთრი სიით“ მინიჭებული შეღავათებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.