„გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებულია ვიქტორია მელნიჩუკი – სოციალურ ქსელში მან 200 მილიონი ნახვა დააგროვა
By

„გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებულია ვიქტორია მელნიჩუკი – სოციალურ ქსელში მან 200 მილიონი ნახვა დააგროვა

დასრულდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ორთვიანი სარეკლამო კამპანია ,,გამომყევი აჭარაში“, სადაც ქართველ კონტენტ-კრეატორებს, ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და ცნობილ სახეებს საშუალება ჰქონდათ ემოგზაურათ აჭარაში, შეექმნათ საინტერესო კონტენტი, გაეზიარებინათ გამომწერებისთვის და მოეგოთ კამპანიის მთავარი პრიზი 150 000 ლარი.

,,კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო რაოდენობის – 500 მილიონამდე წვდომა დააგროვა. კამპანიის გამარჯვებულები ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე უკვე გამოვლინდნენ. პირველი ადგილი კონტენტ-კრეატორმა ვიქტორია მელნიჩუკმა აიღო. მის მიერ აჭარაში მოგზაურობისას გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 200 მილიონს გადააჭარბა. მეორე ადგილზე კონტენტ-კრეატორი ამირან ზარქუა გავიდა, რომლის მიერ გამოქვეყნებულმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 70 მილიონამდე წვდომა დააგროვა. მესამე ადგილი – მოგზაურმა ფოტოგრაფმა ზურა გელაშვილმა ( 47 627 267 წვდომა), ხოლო მეოთხე ადგილი ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა (38 256 846 წვდომა) დაიკავა. თავიანთი რჩეულები გამოავლინეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს მონაწილე ინფლუენსერებს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. წელს კამპანიის მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში აჭარის შესახებ 6000-მდე პოსტი გამოაქვეყნეს, მათმა კონტენტმა კი გასულ წელთან შედარებით 260 მილიონით მეტი წვდომა დააგროვა. კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 400-მდე ტურისტულ ობიექტს, ადგილსა და პროდუქტს გაუწიეს პოპულარიზაცია“, – აღნიშნავენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, 2023 წლიდან დაიწყო. გასულ წელს მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ-კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023-ში კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში – 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა.

2025 წლის გამარჯვებულმა კონტენტ-კრეატორმა ვიქტორია მელნიჩუკმა, პირველ რიგში, იმ ადამიანებს გადაუხადა მადლობა, რომლებიც ამ დროის განმავლობაში მას გვერდით ედგნენ. მეორე ადგილზე გასულმა ამირან ზარქუამ აჭარაზე ყველა ვიდეო ოჯახთან ერთად გადაიღო, ამიტომ პირველი მადლობა მან ოჯახს გადაუხადა.

,,ოჯახი, უპირველეს ყოვლისა, სულ ამ სიტყვებს ვამბობ, ასე ვთქვათ, ჩემი ,,დევიზია“ და პირველი ვისი იმედიც მაქვს, ყოველთვის ჩემი ოჯახია. . . მადლობა მათ. ისინი რომ არა, დღეს ერთ-ერთი გამარჯვებული არ ვიქნებოდი. განსაკუთრებული მადლობა დანიელს, რომელიც დაჯილდოებას ვერ დაესწრო და დიდი მადლობა, ორგანიზატორებთან ერთად, თითოეულ მაყურებელს და გულშემატკივარს. ზუსტად ისე დასრულდა ყველაფერი, როგორც გვინდოდა. რა თქმა უნდა, ყველა სხვა გამარჯვებულსაც ვულოცავ წარმატებას და ვფიქრობ, პრიზებიც დამსახურებულად განაწილდა. ორგანიზატორებმა წესები ისე შეადგინეს, რომ ყველამ თავისი ჩადებული რესურსის და შრომის შესაბამისი დაფასება მიიღო, ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ“, – აღნიშნა ამირან ზარქუამ.
,,გამომყევი აჭარაში“ მართლაც რომ საუკეთესო პროექტია რეგიონისთვის. კამპანიის მიზანი აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი კონტენტ-კრეატორების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს ჩაერთოს კამპანიაში, იმოგზაუროს აჭარაში და შექმნას მრავალფეროვანი კონტენტი (ფოტო და ვიდეომასალა). კამპანია ,,გამომყევი აჭარაში“ 2025 მომავალ წლამდე დაგვემშვიდობა.

ხატია იაშვილი

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *