გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება წაკითხულის გააზრების, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს მოიცავს და ელექტრონული ფორმატით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.
„გამოცდის მიზანია იმ სტუდენტების აკადემიური მზაობის შეფასება, რომლებმაც უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს და საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება სურთ.
გამოცდა მნიშვნელოვანი მექანიზმია ობიექტური და სტანდარტიზებული შეფასებისთვის, რაც კანდიდატების საგანმანათლებლო პროცესში თანაბარ ჩართულობას და მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდას 2019 წლიდან, წელიწადში რამდენჯერმე ატარებს.
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ობიექტური და გამჭვირვალე ტესტირების სისტემა ხელს უწყობს როგორც სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, ისე ქვეყნის განათლების სისტემის გაძლიერებას.
აპლიკანტები ტესტირების გასავლელად უნდა გამოცხადდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა №9).
რეგისტრაცია 13:00 საათზე, გამოცდა კი 14:00 საათზე დაიწყება.
გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში, გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება. გამოცდის მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს, ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში, შესაბამისი ინსტრუმენტებით (კალამი, ფურცლები დ სხვა..) უზრუნველყოფს.