
გამოძიება დასრულდა – საზოგადოება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოლოდინში
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების, პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნა მიიღო, რომელიც სექტემბრის პირველ ნახევარში გასაჯაროვდება.
კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღემდე ჩადიოდნენ. საგამოძიებო კომისიის სხდომები მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან მიმდინარეობს, ჯამში 46 სხდომა გაიმართა. დაიკითხა 139 პირი, ზოგიერთი – ორჯერაც. ორჯერ დაკითხულთა შორისაა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია. იგი პირველად მიმდინარე წლის 15 აპრილს ე.წ. ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით დაიკითხა, ხოლო იმავე საქმეზე მეორედ 2 ივლისს – უკვე დისტანციურად. ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა წრეებში არ გამორიცხავენ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ერთ დროს „ქართული ოცნების“ ლიდერ, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმის აღძვრასა და მის დაპატიმრებას. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დასკვნა რამდენიმე თავისგან შედგება და ისეთ საკითხებს შეეხება, როგორებიცაა: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამება და არაადამიანური მოპყრობა; ქონებრივი უფლებების დარღვევა და ბიზნესის რეკეტი; სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი მკვლელობები და ძალადობა; მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორი და მათი უფლებების დარღვევები; 2008 წლის აგვისტოს ომი და ასევე, 2012 წლიდან დღემდე ომის პროპაგანდა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობები; მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეში ფაქტები, მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების გაკეთება და შემდეგ ამ ჩანაწერების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტები.
„ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი რომ გაეცნობა, განურჩევლად ასაკისა – და დიდი იმედი მაქვს, რომ მას ახალგაზრდები გაეცნობიან – ნახავს, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, როგორი იყო ფაქტები. ერთ დოკუმენტში ქრონოლოგიურად არის ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები და ინფორმაცია, რაც არის საკუთრივ ამ დოკუმენტის ღირებულება. ასევე, იმედი მაქვს, რომ მოცემული დოკუმენტი შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გამოადგება სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, ასევე, შესაბამის სასამართლოებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულია იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი და კვლევა აწარმოონ და საკუთარი სამშობლოს ინტერესებისათვის გამოიყენონ. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, სხვათა შორის, არსებობს და გაძლიერება სჭირდება, ეს მასალა გამოადგებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა დასკვნით სხდომაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას გარკვეული სასჯელიც მოჰყვა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომისიის წევრებს უფლება ჰქონდათ, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაებარებინათ ნებისმიერი პირი, ხოლო ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. ასეთ პირებს შორის აღმოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერთა უმრავლესობა, მათ შორის – ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა მელია,ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა გვარამია, რომლებსაც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 7-8 თვე მოუწევთ ციხეში ყოფნა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დასკვნა არ გამოქვეყნებულა, ოპოზიციურ პარტიებში მას სკეპტიკურად უყურებენ. ერთი ნაწილი მას ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობას უწოდებს, ხოლო მეორის აზრით, საგამოძიებო კომისიის მუშაობა, საბოლოოდ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ემსახურება.
„ეს კომისია საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისიაა. ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის – მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, რომელიც სწორედ პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს იმისთვის, რომ მან შექმნა თანამედროვე, წარმატებული ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არ დაუთმო მტერს 2008 წელს“, – ასე აფასებს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საგამოძიებო კომისიას.
აღნიშნულ კომისიას პარტია „ლელოში“ პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ: „ჩვენს ქვეყანაში ეს რუსული კომისია არის შექმნილი პოლიტიკური დევნის ახალი, მძლავრი ინსტრუმენტის შექმნის მიზნით. დარწმუნებული ვარ, ამ კომისიის დასკვნას ექნება სწორედ ეს დანიშნულება, რომ ყველა დემოკრატიული და პროევროპული პარტიის საქმიანობა შემდგომ შეიზღუდოს და, სავარაუდოდ, აიკრძალოს საქართველოში, რადგან ასეთია რუსეთის დავალება. ამიტომ, ქალბატონი წულუკიანის და მისი რუსული კომისიის დასკვნას აქვს ერთადერთი ფუნქცია, ეს არის რუსეთის ინტერესების მსახურება. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ კომისიას, როგორც ლეგიტიმურს, დღეს ჩვენი პარტიის ორი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რუსული რეჟიმის მიერ არიან გაგზავნილი საპატიმროში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.
მმართველი გუნდისა და კომისიის წევრები დასკვნის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს საქართველოს უახლესი ისტორიის შეფასებაში.
„თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დასკვნა არის მაღალპროფესიონალური, დასაბუთებული და თითოეული სიტყვის უკან დგას უამრავი ფაქტი, წყარო. მადლობა კომისიის თითოეულ წევრს და ყველა ადამიანს, ვინც გვერდით გვედგა ამ ხნის განმავლობაში. განსაკუთრებით იმ ხალხს, რომელმაც უმძიმესი პერიოდი გაიარა და თითოეული მათგანისთვის წარმოუდგენლად მძიმე იყო აქ მოსვლა, კიდევ ერთხელ გახსენება ტკივილის, წამების, სისასტიკის. მათ საკუთარ თავს აჯობეს და მოვიდნენ, რომ საზოგადოებას სცოდნოდა სიმართლე. მგონი, ეს დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს საქართველოს უახლესი ისტორიის შეფასებაში“, – აღნიშნა კომისიის წევრმა სოზარ სუბარმა.
მმართველ გუნდში წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაზეც საუბრობენ.
„ის დოკუმენტები, რომლებიც კომისიამ მიიღო და ის ადამიანები, რომლებიც კომისიამ გამოჰკითხა და სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც დაამუშავა, ნათლად ადასტურებს იმას, თუ რასთან გვქონდა საქმე წლების განმავლობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც შევასრულეთ“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.
როგორც აღვნიშნეთ, დასკვნის შედეგები სექტემბრის პირველ კვირაში გასაჯაროვდება, 4 ოქტომბერს კი უკვე თვითმმართველობის არჩევნებია, ამიტომ შესაძლოა, დასკვნა საარჩევნო პროცესებზეც აისახოს. ფაქტია, ამის ფონზე წინ პოლიტიკური მოვლენების კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარება გველოდება.
თამარ ლამპარაძე