გამოხმაურებები მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი  პატიმრობის შეფარდებაზე
By

გამოხმაურებები მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი  პატიმრობის შეფარდებაზე

„ამ მუხლის შეფარდება ისეთივე აბსურდულია, როგორც „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით“ – განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლისთვის 2-წლიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ.  მაია მწარიაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით სისტემა თავის გადარჩენას შეეცადა:

„ვერც პოლიციელზე თავდასხმა დაამტკიცა და ვერც ის დაამტკიცა, რომელი მუხლითაც გადაკვალიფიცირდა ეს ბრალი. სამართლებრივად ერთი და იგივეა, ერთნაირად უკანონოა, გინდ 2 წელი იყოს და გინდ 4 წელი. ამ წუთას სისტემამ იმუშავა საკუთარი თავის გადარჩენაზე. ყველამ გაიგო ამ ქვეყანაში, რომ ის, რაც მზიას ბრალად ჰქონდა შერაცხული, არ იყო თავდასხმა პოლიციელზე. ამიტომ მათ მოუწიათ ამის აღიარება, თუმცა 353-ე მუხლის შეფარდება ისეთივე აბსურდულია. ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი, განაცხადი, რომ ამ ადამიანს სჯიან პოლიტიკური ღირებულებითი არათავსებადობის გამო მათთან და იმისათვის, რომ მათი თამაშის წესებით არ ითამაშა. თუნდაც ეს ახალი მუხლი, რომლის შეფარდებაც ასევე უკანონოა, დღეს სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა ჯარიმისთვის და დარბაზიდან გაეთავისუფლებინა და შეეძლო პირობითი მსჯავრის დადგენა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

შეგახსენებთ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა  გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა.

როგორც ცნობილია, მოსამართლის აღნიშნულ  გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მზია ამაღლობელის პატიმრობა გააპროტესტა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„ეს მეტყველებს, პირველ რიგში, რეჟიმზე, რომელსაც აღარ აქვს არანაირი გამბედაობა და უნარი, რომ უკან დაიხიოს, როცა ამდენად ნათელია, რომ აქ არანაირი დანაშაული არ არსებობდა და როცა საზოგადოებამ თქვა საკუთარი სათქმელი. არც იმის გამბედაობა აქვს, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს და არც იმის, რომ ნამდვილად დაიხიოს უკან. რჩება ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც ჰგონია, რომ გამოძვრება. ვერ გამოძვრება! აქ არ დამთავრდა ეს ბრძოლა. ვნახეთ მზიას ტოტალური შემართება, რომელიც ძალიან დიდი იმედის მომცემია და რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან დიდი მაგალითია. ამას ეს ხელისუფლება ვერანაირად ვერ დაამარცხებს. არ არის ის განაჩენი, რომელსაც ჩვენ, ყველანი ველოდებოდით, რომ მზია განთავისუფლდებოდა. ამიტომ, არ შეიძლება ასეთ რეჟიმებთან რაიმე მოლოდინი გქონდეს. უნდა ვიყოთ ძალიან მშრალი ამ შეფასებაში და ვიცოდეთ, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ. ასევე, დავინახოთ, სად არის იმ სისუსტის ნიშნები, რომლებიც აშკარად გამოჩნდა მთელი ამ პროცესის მსვლელობის დროს. ამასთან, სად არის სიძლიერის უდიდესი ნიშანი და ამას ჰქვია დღეს მზია ამაღლობელი. მადლობა მას!

მისი პატიმრობაში ჩატოვებით ევროკავშირს „ქართულმა ოცნებამ“ უთხრა ის, რასაც ეუბნება ყოველდღე, ასევე, ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ ჩვენ თქვენთან არ გვინდა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ვითომ ჩვენი სუვერენობა. ეს არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. პირიქით, ეს მიდის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და ქართველი ხალხის ნებას ვერავინ ვერ დაუდგება წინ“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან.
„რაც ჩვენ სასამართლო დარბაზში ვიხილეთ, იყო ბიძინა ივანიშვილის დამხობა. ამ ადამიანმა, ერთმა ქალმა სიმტკიცით, მისი უდრეკობით, შეუპოვრობით, ბრძოლით ამხილა და დაამხო რეჟიმი. დიახ, ეს იყო ერთი ქალის რევოლუცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ!
არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, მოსამართლედ წოდებული პოლიტიკური მონა 2 წელს, 3 წელს თუ 7 წელს გამოაცხადებდა. არ მიმაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკან დახევაა – ეს არის ხალხის მოტყუების მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გაქრეს და ერთი ქალის რევოლუცია, რომელიც დღეს ჩვენ მზია ამაღლობელის მხრიდან ვიხილეთ, ჩაცხრეს და აორთქლდეს. ეს არ უნდა მოხდეს – პირიქით! უნდა მოვახდინოთ ენერგიის კონსოლიდაცია და რეჟიმის დამხობა, რომელიც ასეთ უსამართლობას სჩადის“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  თინა ბოკუჩავამ.

საპროტესტო მსვლელობით საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილებმა  გამომცემლობა „ბათუმელების“ ოფისთან გადაინაცვლეს. „ბრძოლა ბოლომდე, არცერთი ნაბიჯით უკან” – აცხადებენ მოქალაქეები, რომლებიც 200 დღეზე მეტია ქუჩაში ორი მთავარი მოთხოვნით გამოდიან: „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები“ და „ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო  არჩევნები“.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • აგვისტო 6, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *