განათლების რეფორმის გზაჯვარედინზე – ცვლილებები, გამოწვევები და შესაძლო შედეგები. . .
By

განათლების რეფორმის გზაჯვარედინზე – ცვლილებები, გამოწვევები და შესაძლო შედეგები. . .

საქართველოში განათლების სისტემის რეფორმა, რომელსაც მთავრობა მომდევნო სასწავლო წლიდან გეგმავს, საზოგადოების ყველაზე აქტუალურ თემად იქცა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებები შეეხება როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემას, ისე უმაღლესი განათლების დონეს. რეორგანიზაცია, საკადრო პოლიტიკის მოწესრიგება და პროგრამების ოპტიმიზაცია მთავარ მიმართულებად სახელდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, განათლების სისტემის რეორგანიზაციის პირველი ეტაპი ერთი წლის განმავლობაში დასრულდება. მისი თქმით, მთავრობა საჯარო განხილვების შემდეგ დაამტკიცებს რეფორმის კონცეფციას და ცვლილებები მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

„საკადრო სისტემის მოწესრიგება და რეორგანიზაცია მომდევნო სასწავლო წლისთვის დასრულდება. სტუდენტებისთვის, რომლებიც უკვე ჩარიცხულნი არიან, არსებული საგრანტო სისტემა შენარჩუნდება, ხოლო ცვლილებები შეეხება მხოლოდ მომავალ აბიტურიენტებს,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

განათლების სპეციალისტების განცხადებით, ასეთი მასშტაბური ცვლილებები საჭიროებს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ ღრმა აკადემიურ ანალიზსაც:

„რეფორმა წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტებს მიეცემათ საკმარისი დრო და რესურსი ადაპტაციისთვის. საკადრო პოლიტიკის გადახედვა კარგია, მაგრამ უმთავრესია, რომ აკადემიური თავისუფლება და უნივერსიტეტების ავტონომია არ დაზიანდეს“, – აცხადებენ ისინი.

რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე სადავო ნაწილი გახდა პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“. ამ მიდგომით, ერთი და იმავე ქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტებს აღარ ექნებათ ერთნაირი პროფილის ფაკულტეტები.

„თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის მათი ისტორიული ფუნქციებისა და ტრადიციების მიხედვით,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

როგორც განათლების ექსპერტი თამარ ხუციშვილი ამბობს:

„ოპტიმიზაცია ზოგჯერ ხარისხის შემცირებას იწვევს. უნივერსიტეტებს შორის კონკურენცია არის ის, რაც ხარისხს ამაღლებს. თუ ეს კონკურენცია გაქრება, სტუდენტებს ნაკლები არჩევანი დარჩებათ, ხოლო რეგიონული უნივერსიტეტები შესაძლოა ნაკლებად მიმზიდველი გახდნენ“.

სტუდენტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი გარკვეულად ზღუდავს არჩევანს:

„თუ ჩემი ფაკულტეტი სხვა უნივერსიტეტს გადაეცემა, იკარგება გარემო, რომელშიც ვსწავლობდი. უნივერსიტეტი მხოლოდ კურსი არ არის, ეს არის სოციალური და კულტურული სივრცეც“, -ამბობს სტუდენტი ნინო ტაკიძე.

სკოლაში 11-წლიანი განათლება პრემიერმა დააანონსა და თქვა, რომ ეს ცვლილება „სწავლის ხარისხს არ დააზარალებს. 11 წელიწადში სრულად შესაძლებელი იქნება პროგრამის ათვისება”. მისივე თქმით, რეფორმა ახალგაზრდების მიგრაციის შემცირებასაც ისახავს მიზნად.

„ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ახალგაზრდები საქართველოში დარჩნენ და აქ მიიღონ მაღალი დონის განათლება. რატომ უნდა წავახალისოთ ხელოვნურად მიგრაცია?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნული ცვლილების განხორციელებას განათლების ექსპერტები, ასევე პედაგოგები ევროპასთან დაშორების საფრთხედ მიიჩნევენ.

ქართული ენის პედაგოგის თამთა ქამადაძის თქმით,

„ევროპის უმეტეს ქვეყანაში 12-წლიანი საშუალო განათლებაა სტანდარტი. თუ ჩვენი მოსწავლეები 11-წლიანი ატესტატით დარჩებიან, მათ შეიძლება პრობლემები შეექმნათ უცხოურ უნივერსიტეტებში ჩარიცხვისას. ეს, ფაქტობრივად, საერთაშორისო სისტემიდან გამოსვლას ნიშნავს“.

მშობლებშიც აშკარა გაურკვევლობა შეინიშნება. ნაწილი მიესალმება პროგრამების დაჩქარებას, ნაწილი კი შიშობს, რომ დროის შემცირება განათლების ხარისხს დაარტყამს.

პრემიერის თქმით, რეფორმის გარკვეულ მიმართულებებს ექნება გარდამავალი ფაზა, მაგალითად, დაფინანსების მოდელი ან ფაკულტეტების განაწილება. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების ასეთი სწრაფი ტემპი შესაძლოა სტაბილურობის დარღვევის რისკს შეიცავდეს. მათივე განმარტებით, როდესაც ერთდროულად იცვლება საკადრო პოლიტიკა, დაფინანსების მოდელი, სასწავლო ციკლი და უნივერსიტეტების სტრუქტურა, სისტემა კრიზისის ზღვარზე დგება. მიიჩნევენ, რომ განათლება ისეთი სფეროა, სადაც თითოეულ ცვლილებას წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი პროცესი უნდა უძღოდეს.

დაანონსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ

საქართველოს განათლების სისტემას დიდი გარდაქმნა ელის, ერთგვარი „გადატვირთვა“, რომელიც მიზნად ისახავს სისტემის გამჭვირვალობას, ოპტიმიზაციას და ახალგაზრდების საქართველოში შენარჩუნებას, მაგრამ, ისევ განათლების სისტემის მკვლევარების განმარტებით, ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნება რეალისტური, თუ რეფორმა დაიგეგმება არა პოლიტიკური, არამედ აკადემიური ლოგიკით.

სწორად გაწერილი გარდამავალი პერიოდი, უნივერსიტეტების ჩართულობა და საზოგადოების გამჭვირვალე ინფორმირება გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ ცვლილება პროგრესად იქცეს და არა კრიზისად.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *