განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში აკრედიტებულ რამდენიმე ქვეყნის ელჩთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
მინისტრი შეხვდა სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მატუშ ბუშოვსკის. მხარეებმა საქართველო-სლოვაკეთს შორის არსებული პარტნიორობის გაფართოებაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ საგანმანათლებლო ინიციატივებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობას, რაც მომავალში თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს შექმნის. მინისტრმა ელჩს გააცნო საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები.
გივი მიქანაძე ასევე შეხვდა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობერტ გერშნერს. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. საუბარი შეეხო ერთობლივ ახალგაზრდულ პროექტსაც, რომელიც ქართველი და ავსტრიელი ახალგაზრდებისთვის ორკვირიანი საზაფხულო ბანაკების ორგანიზებას ითვალისწინებს როგორც საქართველოში, ისე ავსტრიაში.
მინისტრმა გაცნობითი შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩთან ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების გაფართოებაზე, უმაღლესი განათლების დიპლომების ურთიერთაღიარებაზე და სამედიცინო მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებაზე. ასევე, გამოიკვეთა უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის პირდაპირი კავშირების განვითარების პერსპექტივა.
შეხვედრების ბოლოს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, რომ განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობა მომავალშიც კიდევ უფრო გაძლიერდება.