გარკვეული პროგრესი გვაქვს – მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი ცდილობს გარკვევას, შესაძლებელია თუ არა უკრაინის ომის დასრულება ისე, რომ დაცული იყოს ქვეყნის მომავალი და შედგეს შეთანხმება მხარეებს შორის. როგორც რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, პროცესში „გარკვეული პროგრესი“ არსებობს, თუმცა „ჯერ საბოლოო შეთანხმებამდე გზა დარჩენილია“.
მშვიდობის პერსპექტივაზე დასმული კითხვის საპასუხოდ რუბიომ თქვა, რომ მომავლის პროგნოზირება რთულია, რადგან „რუსეთის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მხოლოდ პუტინი იღებს, არა მისი მრჩევლები – მხოლოდ პუტინს შეუძლია დაასრულოს ეს ომი რუსეთის მხრიდან“.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ვლადიმერ პუტინი შეხვედრას მართავდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერთან. ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელებული შეხვედრის შემდეგ, პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ დიალოგი „სასარგებლო, კონსტრუქციული და ინფორმაციული“ იყო, თუმცა უკრაინის საკითხზე კომპრომისი კვლავ მიღწეული არ არის. მისი თქმით, ზოგიერთი ამერიკული წინადადება „მეტ-ნაკლებად მისაღებია“, მაგრამ დამატებით განხილვას საჭიროებს.