გელა ზოიძე: ჩვენი სურვილია, ქართული ჭიდაობა მსოფლიო სარბიელზე გავიტანოთ
By

გელა ზოიძე: ჩვენი სურვილია, ქართული ჭიდაობა მსოფლიო სარბიელზე გავიტანოთ

დაბადებიდან 60 წელი უსრულდება აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტ გელა ზოიძეს. მან მთელი ცხოვრება აჭარის მთიანეთში სპორტის განვითარებას, სპორტსმენების აღზრდა-დაკვალიანებას მიუძღვნა. გელა ზოიძე ჩვენი გაზეთის სტუმარია.

– ბატონო გელა, როგორც ვიცი, უცხო ენების ფაკულტეტზე აპირებდით სწავლის გაგრძელებას. რამ შეგაცვლევინათ გადაწყვეტილება?

– დაბაძველის 8-წლიანი სკოლა მაქვს დამთავრებული. აქ უცხო ენებს (გერმანული, რუსული) მოვლინებული პედაგოგი ანატოლი კანაფოლსკი გვასწავლიდა. მან შემაყვარა ეს საგნები. უმაღლეს სასწავლებელშიც ამ მიმართულებით მსურდა სწავლის გაგრძელება. მშობლებიც მიწონებდნენ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ დაბა შუახევის საშუალო სკოლაში სწავლისას, სპორტმა, კერძოდ, ძალოსნობამ გამიტაცა, გავხდი აჭარის ჩემპიონი. ოჯახში, ძმების მსგავსად, თასები, სხვა ჯილდოები მივიტანე. იმ წლებში, შუახევის სკოლები და სპორტული დაწესებულებები ადგილობრივი კადრების ნაკლებობას განიცდიდა. ნოშრევან დავითაძისა და სხვათა რეკომენდაციით, თბილისს წავედი და . . . სტუდენტიც გავხდი.

– რა მოგონებები დაგიტოვათ თბილისში გატარებულმა წლებმა?

– მას შემდეგ 40 წელია გასული. ახლაც ბავშვივით მიხარია, როცა თბილისში ღონისძიებებზე ჩავდივარ, ჩემი დროის სტუდენტები, უკვე თმაშევერცხლილი წარმატებული ადამიანები არიან. ოლიმპიური, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონების აღმზრდელები და მათთანაც ვმეგობრობ. დაბაძველშიც ხშირად მსტუმრობენ. სითბოთი და სიყვარულით ვმასპინძლობ.

– აჭარის მთიანეთი, კერძოდ, შუახევის რაიონი, სპორტის მასწავლებლების ნაკლებობას განიცდიდა. ეს სივრცე თქვენმა თაობამ შეავსო. რა შედეგებით შეგიძლიათ იამაყოთ?

– წლების წინ ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში შუახევი ნაკლებად იყო ჩართული, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მუხრან ვახტანგაძე შუახევში ეზიარა ჭიდაობის ანბანს. დღეს სიტუაცია შეიცვალა. კვიახიძეებელია იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ანრი ფუტკარაძე. მიშა ზოიძე ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა, შუახევის სახელი გაიტანეს სპორტის ფართო ასპარეზზე გოგიტა, მერაბ ზოიძეებმა, რომან დავითაძემ. უკვე სპორტის ყველა სახეობაში აჭარისა და საქართველოს პირველობების პრიზიორები გვყავს. ქუთაისელი რამაზ სვანაძისა და ფურტიოელი ზაურ ხიმშიაშვილის დამსახურებით შუახევში რაგბიც შემოვიდა. ფურტიოში მორაგბე გოგონათა გუნდიც გვყავდა. შუახეველი ჭაბუკები ბათუმის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაშიც არიან. სკოლები და სპორტული ორგანიზაციები ადგილობრივი კვალიფიციური სპეციალისტებითა და პედაგოგებითაა დაკომპლექტებული.

– წარმატებულმა სპორტსმენმა ქართულ ჯარშიც იმსახურეთ . . .

– იმ წინაპრების ტრადიციებზე ვიზრდებოდი, რომლებიც მუდამ ერისა და ქვეყნის სადარაჯოზე იდგნენ. 50 წლის განმავლობაში, მშობლიური სოფლის ტერიტორიის მომიჯნავედ იყო ხიჭაურის სასაზღვრო ნაწილი. იქიდან რუსი ჯარისკაცების გასვლის შემდეგ, ქართული ჯარის მუნდირის მორგების სურვილი გამიჩნდა. რამდენიმე წელი ჯარში ვიმსახურე. ეს წლები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ბიოგრაფიაში.

– საზღვარგარეთ მრავალი მეგობარი გყავთ, მათ შორის, უკრაინაშიც, ძნელბედობის დროს შეიკედლეთ კიდეც ისინი. . .

– ჩემი სიძლიერე მეგობრები არიან, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მეგულება – ხელოვნებასა და სპორტს საზღვრები არ აქვს. ჩემი ოჯახი სოფელ დაბაძველში უკრაინიდან დევნილთა დროებით თავშესაფრად იქცა, მათ გულთბილად ვმასპინძლობდი, თვეობით რჩებოდნენ ჩემთან. ამ ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დიდია საქართველო-უკრაინის მეგობრობის საზოგადოების წვლილი. ახლაც ველოდები საზოგადოების ხელმძღვანელობისგან სატელეფონო ზარებს დევნილთა მიღება-დაბინავების თაობაზე. მათი კეთილი მასპინძელია ჩემი მეუღლეც – ნანული ქარცივაძე.

– პოლიტიკურ საქმიანობაშიც დააპირეთ ჩართვა.

– 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა მეც ამიხილა თვალი. რესპუბლიკური პარტიის რიგებში გავერთიანდი, კენჭსაც ვიყრიდი შუახევის საკრებულოს წევრობაზე, მაგრამ შემდეგ ქართულ ჯარში სამსახური და შუახევში სპორტის განვითარებაზე ზრუნვა ვარჩიე.

– წლებია, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის მმართველი რგოლის წევრი ხართ. თქვენი და რამდენიმე პიროვნების დამსახურებაა რეგიონში სპორტის ამ ეროვნული სახეობის გაცოცხლება. რას მიიჩნევთ საჭიროდ მისი განვითარებისთვის?

– ჩვენი თაობის დამსახურებაა აჭარის მთისა და ბარის სოფლებში ქართული ჭიდაობის გაცოცხლება (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით). დღეს უკვე, ქობულეთიდან დაწყებული ხულოთი დამთავრებული, 15-ზე მეტ ხსოვნის, სახელობით, ადგილობრივ და რესპუბლიკურ ტურნირებს ვატარებთ. ბათუმმა ქვეყნის ფალავნობას და ორჯერ იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ამაგს ვერ დავუკარგავთ ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტ ჯემალ წულუკიძეს. აჭარაში კარგი რესურსია საიმისოდ, რომ ჭაბუკებმა საერთაშორისო სარბიელზე თავიანთი სიტყვა თქვან. სასიხარულოა, რომ ქართული ჭიდაობა მკვიდრდება სახალხო დღესასწაულებზე.

– შუახევში ქართული ჭიდაობის სექციები გახსენით, რასაც დადებითი შედეგი მოჰყვა. რამდენად საჭიროდ მიიჩნევთ სკოლებში ქართული ჭიდაობის დაბრუნებას?

– შუახევის რამდენიმე სოფელში ქართული ჭიდაობის სექციები უკვე მოქმედებს. მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოება „შუბანის“ ხელმძღვანელობას. დარჩიძეებსა და შუბანში სექციების გახსნით, რამდენიმე ჭაბუკი ეზიარა ჭიდაობის ამ სახეობას. რიჩარდ ფუტკარაძის სახით კარგი მწვრთნელიც გვეზრდება. ახლა სკოლამ უნდა თქვას თავისი სიტყვა. ამ მხრივ სამაგალითოა მაწყვალთელთა მიდგომა.

– აჭარაში გამართული რესპუბლიკური თუ მსოფლიო მნიშვნელობის ტურნირების მთავარ მსაჯობას განდობენ. როგორია დღეს მსაჯობა?

– თანამედროვე ტექნიკურმა საშუალებებმა სპორტის ამ სახეობაში მსაჯობა ობიექტური გახადა. როცა პრესტიჟულ ტურნირებზე ვმსაჯობ, ვცდილობ, მიუკერძოებელი ვიყო. ქართული ჭიდაობის მესვეურთა სურვილია, ჩვენი დედა ჭიდაობა მსოფლიო სარბიელზე გავიტანოთ და ოლიმპიადის სახეობებშიც შევიტანოთ. მსოფლიო პირველობა უკვე ტარდება. ჯერჯერობით ამ ტიტულს ქართველები იმარჯვებენ. აქვე აღვნიშნავ, ლევან ხიმშიაშვილის, გოგიტა ზოიძის სახით კვალიფიციური მწვრთნელები გვყავს.

– ყოველთვის ცდილობთ, ობიექტურობა და ზომიერება შეინარჩუნოთ.

– ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ ჩემგან შეცდომის დაშვება გამორიცხულია. მთის ხასხასა მინდორსა თუ სპორტულ დარბაზში პირველობა ან ტურნირი რომ იმართება, მეც და ფედერაციის ხელმძღვანელობაც ვცდილობთ, ყველაფერი სწორად და კარგად ვმართოთ, პატივი ვცეთ ქართულ ჩოხას.

– რას ნიშნავს თქვენთვის ქართული სოფელი?

– ყველაფერს. აქ თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი სახლი ავიშენე. შვილივით ვეფერები ნეკერჩხალზე გაყვანილ ჩხავერს – ვენახში ცოლიკაურს, ეზოში ხეჭეჭურის ნერგს. თქვენთან საუბარს რომ მოვრჩები, ღვინო უნდა გავფილტრო. კარგი ამინდებია და ვაზის გასხვლასაც ვაპირებ. მიყვარს სოფელი და მას ვერ შეველევი.

– მრავალშვილიანი ოჯახი გყავთ. სამი შვილი უცხოეთშია. დაუბრუნდებიან ბუდეს თუ . . .

– ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა ცდას არ ვაკლებ, რომ საქართველოში დაბრუნდნენ, მათ უკვე მიიღეს კვალიფიციური განათლება. შვილებიც აღიარებენ, რომ საქართველოსა და ქართველებზე უკეთესი პლანეტაზე არავინ და არაფერია.

– გასაკეთებელი რა გრჩებათ?

– უქმად გაჩერება არ შემიძლია. წარსულს დიდებად შემორჩა მრავალი აჭარელი მოჭიდავის სახელი. ჩემი და ფედერაციის მმართველი გუნდის ოცნებაა, აჭარაშიც აღიზარდოს ფალავანი, რომელიც ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონობას მოიპოვებს.

ოთარ ცინარიძე

 

 

  • No Comments
  • დეკემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *