
გემიდან დანახული რეალობა – ბათუმელი ვლოგერის ცხოვრება ტალღებს მიღმა
ლაშა ქარცივაძემ პროფესია 17 წლის ასაკში აირჩია, დღეს კი ოკეანის შუაგულში არა მხოლოდ გემის ტექნიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, არამედ ქმნის ისტორიებს, გვიზიარებს ფიქრებს და აშენებს კავშირს ადამიანებთან, რომელთათვისაც მისი გზავნილები ვიდეოს თუ ტექსტის სახით მნიშვნელოვან შთაგონებად იქცევა. გემის ახალგაზრდა ინჟინერს სოციალურ პლატფორმაზე 50 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ეს სივრცე ერთგვარ დღიურს ჰგავს, სადაც ის არა მხოლოდ მეზღვაურის ყოველდღიურობაზე გვიყვება, არამედ გვაზიარებს სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, პირად ემოციებსა და გამოცდილებებს. ამას გარდა, ხმელეთზე ყოფნისას მოგზაურობს საკუთარი ხელით შექმნილი სახლ-მანქანით – „ბუსკით“, რაც თავისუფლების, შემოქმედების და ტექნიკური ოსტატობის უნიკალურ სინთეზს ქმნის. როგორც ლაშა ქარცივაძემ გვითხრა, იქ, სადაც ყველაზე მარტივია მარტო დარჩენა, საკუთარ თავს უახლოვდება. როგორ შეძლო შიშისა და მონატრების ფონზე სიმშვიდის, მოთმინებისა და მიზნის პოვნა, ამ და სხვა საინტერესო თემებზე თავად გვესაუბრება.
– ლაშა, გემის ინჟინერ-მექანიკოსი ხართ, როგორ დაიწყო თქვენი გზა და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
– ეს პროფესია 17 წლის ასაკში ავირჩიე. ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ზღვებსა და ოკეანეებში ყოფნა წლობით მომიწევდა. ცხოვრებაზე ძალიან შეყვარებული ვარ, ამიტომ დღემდე მიჭირს მივიკლო დრო, რომელსაც ხმელეთზე „ადამიანურად“ ვატარებ. გააზრებული მაქვს, რომ რაღაც ეტაპზე ეს პროფესია მჭირდება, ამიტომ თავს ძალა დავატანე და შევიყვარე. მის არჩევაში დიდი როლი ჩემმა ამბიციებმა ითამაშა, რომლებიც, ძირითადად, სამომავლო პერსპექტივაზე თუ ფინანსურ კეთილდღეობაზე გადის.
– გემზე თვეების გატარება რთულია, როგორ უმკლავდებით მარტოობას და ყოველდღიურ რუტინას?
– ოკეანეში ხანგრძლივი ყოფნა გაძლევს იშვიათ შესაძლებლობას, საკუთარ თავთან მარტო დარჩე, დაინახო შენი ძლიერი და სუსტი მხარეები ისე, როგორც ხმელეთზე ვერც კი შეამჩნევდი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა განმარტოებაა, დრო, როცა მხოლოდ საკუთარ ფიქრებთან ერთად რჩები. ოკეანე თავისი უსასრულო ჰორიზონტით, თითქოს აიძულებს ადამიანს, გაიაზროს, ვინ არის სინამდვილეში. ხშირად, ხმელეთზე ჩვენ უამრავ როლს ვირგებთ, სხვა ვართ, როცა ვერთობით, როცა ვსეირნობთ, სხვა ვართ სოციალურ ურთიერთობებში თუ ყოველდღიურ რუტინაში. შუა ოკეანეში ეს ყველაფერი ქრება, მარტო რჩები – მხოლოდ შენ და შენი აზრები. ეს არ არის მარტივი. საკუთარ თავთან შეხვედრა ზოგჯერ უფრო რთულია, ვიდრე ფიზიკური გამოწვევები თუმცა სწორედ ასეთ მომენტებში ვსწავლობ მოთმინებას, სიმშვიდეს, ნებისყოფას. . . ზოგ მეზღვაურს ეს განმარტოება სიმძიმედ ექცევა და დეპრესიაში აგდებს, თუმცა ამ გამოწვევას ვუმკლავდები, ვიბრძვი, რომ განმარტოება სიმძიმედ არ მექცეს.
– რა იყო ყველაზე დიდი ტექნიკური გამოწვევა, რაც ოკეანეში ყოფნისას შეგხვედრიათ?
– რთული ტექნიკური გამოწვევების წინაშე ჯერ არ ვმდგარვარ, გამოწვევა უფრო ფსიქოლოგიური თუ მენტალურია და ეს საკუთარ თავთან განმარტოების გამოწვევაა.
– ყოფილა შემთხვევა, როცა გემზე კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩენილხართ? როგორ გადაგიჭრიათ პრობლემა?
– კი. . . კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის მახსენდება მთავარი – შენ ხარ ადამიანი, შეიძლება რაღაც გასცდეს შენს კონტროლს და ეს ნორმალურია, არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. . . ამ დროს სუნთქვის ვარჯიშები მეხმარება და იმაზე ფიქრი, რომ „ესეც ჩაივლის“.
– როგორია თქვენი ყოველდღიურობა გემზე? არის რამე რიტუალი, რაც გეხმარებათ, იყოთ ფორმაში?
– ჩემი დღე დილის 7 საათზე იწყება, სამუშაო გეგმა კი, როგორც ყოველთვის, წინა დღით მაქვს გაწერილი, რაც დღის რუტინას მიმარტივებს. ყოველთვის ვცდილობ, სამუშაოს მიღმა გემზე დაკავებული ვიყო, იქნება ეს წიგნების კითხვა, ჩანახატების თუ ეგზიპიური წერილების წერა, ვლოგების გადაღება და მონტაჟი, რიტუალად კი მაქვს დილის მედიტაცია, რომელსაც გაღვიძების დროს მივმართავ. შაბათ-კვირას ვვარჯიშობ, რათა არ დავკარგო ტონუსი, რომლის გარეშეც თითქმის შეუძლებელია იყო ინჟინერ-მექანიკოსი.
– ტიკ-ტოკზე 50 000-ზე მეტი გამომწერი გყავთ, როგორ დაიწყო ყველაფერი?
– პირველად სოციალურ ქსელებში „ბუსკის“ აწყობის დროს გამოვჩნდით და ასე მოვაგროვეთ პირველი 7 000 გამომწერი. შემდეგ გემზე წავედი და ჩემს უკვე არსებულ აუდიტორიას მეზღვაურის ვლოგებიც შევთავაზე.
– საიდან გაჩნდა იდეა, ხალხისთვის სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ცხოვრების სტილი გაგეზიარებინათ?
– გემზე რომ წავედი, „ბუსკის“ ვიდეოებს ვეღარ ვტვირთავდი, ჩემმა გამომწერებმა მომწერეს, სად დაგვეკარგეო. . . ასე გადავიღე გემზე პირველი ვიდეო. ზოგადად, საქართველოში მეზღვაურობა ძალიან პოპულარულია, 20 000-მდე ქართველ მეზღვაურს მინიმუმ, 100 000 ახლო ნათესავი ჰყავს, ვისაც ძალიან უყვარს მეზღვაურის ისტორიების მოსმენა, მეც სწორედ ამ აუდიტორიაზე გავედი. მათ ყურადღებას იქცევს ვიდეოები დაძაბული, ემოციური და ინტრიგის შემცველი სიუჟეტით.
– როგორ ირჩევთ თემებს ტიკ-ტოკ ვიდეოებისთვის? რას ანიჭებთ უპირატესობას – ინფორმაციულობას, ვიზუალურ ეფექტს თუ პირად ემოციას?
– ძირითადად ჩემი გამომწერები აქტიურობენ, კომენტარების საშუალებით მიმანიშნებენ გადასაღებ თემებს. ძალიან ინტერესიანი და ინტელექტუალი აუდიტორია მყავს, ასე რომ, იდეებს ისინი მაწვდიან. ჩემი ვიდეოები ერთგვარი კოქტეილია: ინფორმაციულობა – 30%, ვიზუალური ეფექტი – 30%, პირადი ემოცია – 40% და შაქარი გემოვნებით (იცინის).
– სოციალური მედიის აქტიურობა ზღვაში ყოფნისას დამატებით სტრესს ქმნის, თუ პირიქით, მოტივაციას გიჩენთ?
– ზოგადად, მეზღვაურები ადამიანებთან ურთიერთობის დანაკლისს განვიცდით. თვეობით გვიწევს სოციუმისგან შორს ყოფნა. . . ინტერნეტი და სოცმედიის აქტიურად გამოყენება, თითქოსდა, ამ უკმარისობას აბალანსებს. ჩემთვის მოტივაციასთან ერთად ეს ერთგვარი თერაპიაცაა.
– გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას აუდიტორიის წინაშე? ცდილობთ, თქვენი კონტენტი იყოს საინტერესო, ავთენტური და სტაბილური?
– ცხადია, პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ვცდილობ, კომპეტენტური ვიყო ყველა ვლოგში და გადმოვცე უტყუარი ინფორმაცია. კონტენტი რომ საინტერესო იყოს, აუცილებელია იყო ნამდვილი, გულწრფელი და უბრალო. სტაბილურობა ძალიან მიჭირს იქიდან გამომდინარე, რომ მაქვს 5-6-თვიანი პაუზები. ამიტომ ვცდილობ, გემზე ყოფნის დროს რაც შეიძლება მეტი ვიდეომასალა მოვაგროვო, რომ აქ, შვებულების დროსაც ავტვირთო ხოლმე გვერდის აქტივობის შესანარჩუნებლად.
– ყოფილა ვიდეო, რომელიც განსაკუთრებით ვირუსული გახდა? როგორ იმოქმედა ამან თქვენს პროფილსა ან ყოველდღიურობაზე?
– დიახ, მახსოვს პირველად „ფორ იუ-ზე“ მოხვდა ჩემი ვიდეო, რომელიც თანამედროვე მეკობრეებზეა გადაღებული. მახსოვს, იმ დღეს არ მეძინა, კომენტარებზე პასუხის გაცემას ვერ ვასწრებდი.
– იღებთ თუ არა სარეკლამო შემოთავაზებებს ტიკ-ტოკის საშუალებით?
– ბევრი მწერს რეკლამის თაობაზე. რამდენიმე საინტერესო პროდუქტი მოხვედრილა ჩემს ვიდეოებშიც, თუმცა უმეტეს შემოთავაზებაზე უარის თქმა მიწევს, ზოგ შემთხვევაში – არამიმზიდველი პირობების გამო.
– როგორ ახერხებთ პირადი სივრცისა და საჯაროობის დაბალანსებას, როდესაც თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი მაყურებლის თვალწინ მიმდინარეობს?
– პოპულარობაზე არასოდეს მიოცნებია, ინტროვერტი ვარ და ხშირად მიგრძნია ცნობადობით გამოწვეული დისკომფორტიც, თუმცა ბოლო პერიოდში ვახერხებ, ვიყო სოციუმში და ამავდროულად, თავი ვიგრძნო სრულიად მარტოდ, გემზე ყოფნის დროს კი პირადი სივრცე ზედმეტად დაცულია, იმდენად დაცული, რომ პირიქით, მინდება, ჩემი იქ ცხოვრება სხვასაც ვაჩვენო თუ გავუზიარო.
– არის ქვეყანა, რომელმაც სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება დაგიტოვათ, ვიდრე ელოდით?
– დიახ, სინგაპური. გამაოცა აზიის ბუნებამ, კულტურამ და კულინარიამ. იქ თავი სრულიად სხვა სამყაროში ვიგრძენი.
– რას გასწავლით ზღვა ადამიანურ ურთიერთობებზე?
– ზღვაში ყოფნა ჩემთვის გამოწვევაა. ვსწავლობ სიმშვიდეს ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. მაჩვევს პასუხისმგებლობას და მოთმინებას. ზღვამ შემაყვარა სტაბილურობაც. ზღვა ყველაფერს გასწავლის – როგორ გაუძლო სირთულეებს, როგორ იპოვო სიმშვიდე ქაოსში და როგორ იყო მადლობელი იმისთვის, რაც გაქვს. ზღვამ გაფილტრა ადამიანური ურთიერთობები, ხვდები, ვინაა შენთვის ძვირფასი და გენატრება.
– როგორ შეცვალა თქვენმა ცხოვრების წესმა დროის, სივრცისა და მიზნების მიმართ დამოკიდებულება?
– გემზე დროის აღქმა სრულიად განსხვავებულია – ხარ სრულ ერთფეროვნებაში, შეზღუდულ სივრცეში, სადაც ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. ღია ოკეანეში მზის ამოსვლას და ჩასვლას სხვანაირად უყურებ, ზოგჯერ დღე ისეთი ნაცრისფერია, რომ გაურკვეველია, დილაა თუ შუადღე, ასევე, შტორმიანი დღეები თითქოს უსასრულოდ იწელება, ხოლო მშვიდი ამინდები სწრაფად გადის. როდესაც გემზე ხარ, შენებური კალენდარი გაქვს შედგენილი და შენებურად თვლი და ხაზავ დღეებს. გემზე დრო სხვანაირად გადის, რადგან აქ იგი მონოტონურობის, სტრესის, სამუშაოს და მოლოდინის ნაზავია – ზოგჯერ უსაშველოდ იწელება, ზოგჯერ კი თვალის დახამხამებაში გადის. . . შტორმის დროს გრძნობ, რომ ბუნების წინააღმდეგ უძლური ხარ – ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი ხმაურობს და გარშემო თითქმის ყველაფერი უკონტროლოა, რთული ხდება მუშაობა, დასვენება და ძილიც კი. ერთხელ, შუაღამით, კოშმარული სიზმრების ფონზე, საწოლიდანაც კი გადმოვვარდი. ეს როგორც ფიზიკურად, მენტალურადაც ძალიან რთულია, თუმცა შტორმს დადებითი მხარეც აქვს, ის განსაკუთრებული ადრენალინის შეგრძნებას და შიშის დაძლევის შესაძლებლობას გაძლევს. ოკეანეში ხვდები, რომ გამოწვევები გაქცევას კი არა, დაძლევას საჭიროებს.
– მოგვიყევით, როგორ დაიბადა იდეა, საკუთარი ხელით შეგექმნათ სახლ-მანქანა – „ბუსკი“ და რატომ შეარქვი ეს სახელი?
– გემზე პირველად რომ წავედი, ერთ საინტერესო იტალიურ ქალაქში, ტრიესტეში მოგვიწია შესვლა. ნაპირზე გადავედი და ქალაქში სეირნობა დავიწყე, იქ პირველად დავინახე საკემპინგე ადგილებში გაჩერებული სახლი-მანქანები. გემზე ამოვედი თუ არა, იუთუბზე მოვძებნე და ვიდეოებს ჩავუჯექი. „ბუსკის“ რაც შეეხება, მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს მოფერებით „ბუსას“ ვეძახით. აქედან გაჩნდა იდეა. ჩემს პირველ ავტომობილსაც „ბუსკი“ ერქვა, მეორეს – „ბლუსკი“ (მისი ცისფერი ფერის გამო). შემდეგ მიკროავტობუსი შევიძინეთ, „გამოვშიგნეთ“ და საკუთარი ხელით მოვაწყვე ყველაფერი, საწოლი, ხელსაბანი, გაზი და ა.შ. ინგლისურ ენაზეც კარგად ჩაჯდა – „ბას“ ავტობუსს ნიშნავს, „ქეი“ კიდევ გასაღებია.
– როგორია ცხოვრება მოძრავ სახლში?
– არასტანდარტული. „ბუსკის“ განსხვავებული ემოციები მოაქვს, თითქოს ბავშვობაში დაბრუნდი და ხეზე სახლის მოწყობის და იქ ცხოვრების იდეაც განახორციელე… „ბუსკი“ ძალიან უბრალოა, ის ბიუჯეტურად ავაწყვე, თუმცა მაძლევს ისეთ ადგილებში ცხოვრების ფუფუნებას, სადაც დასასვენებლად ბევრად ძვირსაც კი გადავიხდიდი.
– რა გეგმები გაქვთ სახლ-მანქანით მოგზაურობაზე?
– „ბუსკის“ წელიწადში მაქსიმუმ 1 თვით ვიყენებთ, ის კი უფრო მეტი დროის დათმობას მოითხოვს ჩვენგან. გული გვწყდება, როცა მისი დაპარკინგება 11 თვით გვიწევს. ვფიქრობ, ადამიანებმა უფრო ნაკლები უნდა ვიმუშაოთ და მეტი დრო დავუთმოთ მოგზაურობას, დასვენებას. იმედი მაქვს, პარასკევი დღეც ოფიციალურად უქმედ გამოცხადდება და შვებულებების მოცულობაც გაორმაგდება (იცინის).
მარიამ ხითარიშვილი