
„გენაცვალე“ და „მადლობა“
ამ სიტყვებში ვინც თავის სულსა და გულს აქსოვს, ვისაც ცხოვრების წესად მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატვა მიაჩნია, დამეთანხმებით, რომ ის კეთილი ბუნების ადამიანია, ზნესრული. სწორედ ასეთად წარმოჩნდა ჩვენი გაზეთის დღევანდელი ნომრის სტუმარი, ქალბატონი ნათელა შაინიძე, საინტერესო მწერალი და ადამიანი, საუკეთესო შვილების აღმზრდელი დედა, ჩინებული მეოჯახე და უაღრესად შრომისმოყვარე ადამიანი. მისი საუცხოო კარმიდამო ლაითურში ამის დასტურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ქალბატონი დიდი შემოქმედებითი ენერგიითაც გამოირჩევა, წერს ლექსებს, მოთხრობებს, აქვეყნებს მათ ინტერნეტსივრცეში, ლიტერატურულ გამოცემებში, კრებულებში. მისი ლექსების კრებული „დროში შენახული სევდა“ გულთბილად მიიღო მკითხველმა. წარმატება ხვდა წილად მოთხრობების კრებულსაც – „ასეთი სიყვარული იციან გვირილებმა“. მწერალს სიყვარულით ეხმიანებიან მკითხველები, ძირითადად, ფეისბუქის მომხმარებლები, მათი რაოდენობა კი, შეიძლება ითქვას, რეკორდულია – 23730 გამომწერი. ნათელა შაინიძე საუკეთესო ციფრული შიგთავსის შემქმნელადაა მიჩნეული. ახლა იგი ახალი წიგნის გამოსაცემად ემზადება, ეს არის რომანი სახელწოდებით „განსხვავებული“. რას ფიქრობს იგი საკუთარ პერსონასა და ცხოვრებაზე, ამას ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ციფრული შიგთავსის შემქმნელი – ფეისბუქზე თქვენი პროფილის სტატუსი ასეა განსაზღვრული. . .
– დიდი ხანი არ არის რაც, ფეისბუქის ადმინისტრაციამ გადამიყვანა ციფრული შიგთავსის შემქმნელ ფეისბუქ გვერდად, რადგან მკითხველთა დიდი აუდიტორია მყავს, დამეგობრების უამრავი თხოვნა. უკვე 23 ათასზე მეტი გამომწერი მყავს. ეს, ალბათ, ჩემმა შემოქმედებამ, ხალხის დაინტერესებამ და სიყვარულმა განაპირობა, რასაც აშკარად ვგრძნობ.
– ამაღელვებელი, დაუვიწყარი საღამო – ასე შეაფასა მკითხველმა აჭარის მწერალთა სახლში გამართული თქვენი ლიტერატურული საღამო. თავად რა შეგიძლიათ თქვათ ამ საღამოს შესახებ?
– დაუვიწყარი საღამო იყო, რასაც დიდი ხანია ველოდი. დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა და ბრწყინვალედ მიიღო ჩემი შემოქმედება, რითაც უზომოდ ბედნიერი ვარ. სამი საავტორო წიგნის – ერთი პოეტური და ორი პროზაული, პრეზენტაცია ერთდროულად ჩატარდა. მადლობას ვუხდი ამისათვის ბათუმის მწერალთა სახლის ადმინისტრაციას, კულტურის სამინისტროს, აჭარის ტელევიზიას, სტუმრებს, რომლებმაც გამილამაზეს ეს საღამო. ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ვყოფილვარ.
– სამომავლოდ მკითხველთან რა სახის კონტაქტს ამჯობინებთ, პირისპირ თუ ონლაინ, უფრო ეფექტურად რომელს მიიჩნევთ?
– მკითხველს სამომავლოდ ბევრ სიახლეს ვპირდები, რა თქმა უნდა, ონლაინ, რადგან ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს პირისპირ ურთიერთობისათვის.
– რა ლიტერატურული სიახლეებით წარუდგებით მკითხველს ახლო მომავალში?
– ჩემი შემოქმედება ყოველდღე იწერება, იქნება ეს პოეზია, პროზა თუ ბრძნული გამონათქვამები, მაგრამ ერთ საიდუმლოს გაგანდობთ – ვმუშაობ მინი რომანზე სახელწოდებით „განსხვავებული“, იმედს ვიტოვებ, მკითხველი ისევე კარგად მიიღებს, როგორც სხვა დანარჩენ ნაწარმოებებს.
– თქვენი ვაჟიშვილიც სამწერლო გზას მიუყვება. . .
– დიახ, ასეა, ჩემი ვაჟი პაატა სურმანიძე, იგივე პოეტ პოეტიშვილი ამ გზას ადგას და დიდ სიტყვას ამბობს ქართულ მწერლობაში. საკუთარ შვილზე ლაპარაკი ზოგადად, რთულია, მაგრამ მივცემ თავს უფლებას და მოვიხსენიებ როგორც დიდი ინტელექტით გამორჩეულ, სრულიად განსხვავებულ პოეტად და ამის თქმა არ მრცხვენია, რადგან ასეა ეს და ამაყი ვარ ამით.
– პირადი სივრცე – რას ნიშნავს ეს თქვენთვის? სად გიყვართ განმარტოება, ოცნება და საკუთარ თავს რა დროს უთმობთ?
– ჩემი პირადი სივრცე ჩემი სახლ-კარია, სადაც მაქვს საშუალება, ვაკეთო ის საქმე, რომელიც მაბედნიერებს და მიყვარს. ზოგადად, მეოცნებე არ ვარ, უფრო რეალისტი ვარ და რეალობას აღვიქვამ მტკივნეულად, თუ გასახარად. საკუთარ თავს ძალიან ცოტა დროს ვუთმობ, ოჯახი და შემოქმედებაა ჩემთვის ყველაფერი.
– დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, რას შეცვლიდით?
– ალბათ, არაფერს, რადგან უფალმა ასე ინება, სავარაუდოდ, იგივეს გავიმეორებდი.
– ციფრულ სამყაროში შევაბიჯეთ. როგორ შეეწყვეთ ამ რეალობას?
– ჩვეულებრივ, რადგან დრომ მოიტანა ეს ყველაფერი და დროს ვერ ჩამოვრჩებით.
– წინაპრები, რომლებთანაც სულიერ ერთობას გრძნობთ?
– წინაპრებიდან სულიერ ერთობას ვგრძნობ მამასთან, მისგან ბევრი თვისება გამომყვა.
– ვინ არის გამორჩეული ხელოვანი თქვენთვის?
– ზოგადად, მიყვარს ხელოვნების ყველა დარგი, მაგრამ გამოვარჩევდი მწერლობას და მუსიკას. ვაღმერთებ კლასიკურ მუსიკას, მწერლობას იმიტომ, რომ თავადაც მწერალი ვარ და „ალბათ ვერავინ ვერ ჩაიხედავს პოეტის სულში, პოეტის გარდა“ მიყვარს გალაკტიონი, კლასიკური მუსიკიდან გამოვარჩევდი შოპენის „წვიმას“.
– „გიყვარდეს მოყვასი შენი“ – ეს ბიბლიური შეგონება რამდენად გაითავისეს ადამიანებმა?
– სამწუხაროდ, დღეს ნაკლებად ითავისებენ ამას ადამიანები, რაც ძალიან სამწუხაროა.
– რა გწყინთ, რა გიხარიათ და რას ურჩევდით ადამიანებს?
– ზოგადად, მიხარია ადამიანური სითბო , ყურადღება, მახარებს ადამიანების წარმატება, გულს მტკენს, როცა ერთმანეთს ამცირებენ.. ადამიანებს ვურჩევდი, ვიყოთ ჰუმანურები და გვიყვარდეს ერთმანეთი.
– თქვენს სასაუბრო ენაში ყველაზე ხშირად რომელ სიტყვას იყენებთ?
– ეს სიტყვებია „გენაცვალე“ და ,„მადლობა“.
– რას ჰკითხავდით საკუთარ თავს?
– საკუთარ თავთან როცა ვრჩები, ვეკითხები: დღეს ხომ არავის ვაწყენინე, რა გავაკეთე ხალხისათვის და ამხელა აუდიტორიისათვის?
– როგორ დაემშვიდობებით ჩვენი გაზეთის მკითხველს?
– მათ უდიდეს მადლობას გადავუხდი, რომ წაიკითხეს ჩემი ინტერვიუ. წარმატებას ვუსურვებ გაზეთ „აჭარას“ და მის სარედაქციო კოლეგიას ყურადღებისათვის, გაზეთში ჩემთვის სივრცის დათმობისათვის, რათა უკეთ გამიცნოს საზოგადოებამ.
ლაშა ხომერიკი
გალერეა

