
გენო თებიძე დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს მოუწევს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას მარტივს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ – პოზიცია-ოპოზიციის ურთიერთობა და სამომავლო პერსპექტივები მრავალ კითხვას ბადებს, სწორედ მათზე პასუხებისთვის ინტერვიუ ვთხოვეთ პარტიის – „ლელო საქართველოსთვის” აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის წევრს, ბატონ გენო თებიძეს.
– როგორ დაახასიათებდით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რა ასპექტებს გამოყოფდით?
– ყველა ვხედავთ, რა სავალალო დღეშია ჩვენი ეკონომიკა, ლარის კურსი, ჯანდაცვა, განათლება, საგარეო თუ შიდა პოლიტიკა. რთულია რომელიმე მათგანის გამოყოფა, რადგან თითოეული კომპონენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. ასე მგონია, საქართველო ინერციით მიექანება დაღმართში და არსებული ხელისუფლება მის შესაკავებლად ვერაფერს აკეთებს.
– თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა რატომ დატოვა მმართველი გუნდი?
– ბიძინა ივანიშვილს მიზეზებს რა გამოულევს, თუმცა ახლა ის საკუთარ თავზე და მის პირად ქონებაზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე მიტოვებულ „ქართულ ოცნებაზე”. ვხედავთ, როგორ იცვლება მსოფლიო, როგორ შეიცვალა და გადაფასდა სახელმწიფოს მართვა. ამიტომ ვერანაირი ძალა ვერ დაუდგება წინ თავისუფლებას, დემოკრატიისკენ მიმავალ გზას. ეს ამ ქვეყნის მოქალაქეების არჩევანია და ისინი ირჩევენ ეკონომიკურ -პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ვერ უზრუნველყო „ოცნებამ”.მისმა რვაწლიანმა მმართველობამ ვერ გაამართლა, მიუხედავად მათი მხარდამჭერების ძალიან დიდი მოლოდინისა. ყველა დაპირება საპნის ბუშტივით სკდებოდა და მოსახლეობა რჩებოდა მოტყუებული.
– ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა პოლიტიკიდან. გამორიცხულია თუ არა, რომ დროთა განმავლობაში მან ახალი პოლიტიკური ძალით ცადოს მმართველობაში მოსვლა?
– ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო პოლიტიკაში, შევარდნაძის მმართველობიდან დაწყებული, ყოველთვის ახერხებდა ხელისუფლებასთან ურთიერთობის წარმართვას, რაც საბოლოოდ ღია გამოჩენით და 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლით დააფიქსირა. როგორი კვალი დატოვა ამ ხნის განმავლობაში, ისედაც ნათლად ჩანს ჩამოშლილი ეკონომიკისა და სხვა გამოწვევების ფონზე. რა თქმა უნდა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, უფლება აქვს, იცხოვროს და აკეთოს, რაც კანონით არ არის აკრძალული. ვფიქრობ, ის ნებსით თუ უნებლიეთ, საბოლოოდ, გამოეთიშა პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ არის აზრი, მისი კულუარული ჩარევის ვარაუდზეც, თუმცა დიდად ეფექტური ვერ იქნება. ის წავიდა და დატოვა გუნდი, რომელსაც შიგნითაც კი არ აქვს დალაგებული ურთიერთობები.
– ექსპერტები მმართველი პარტიის შიგნით განხეთქილებას არ გამორიცხავენ, რამდენად მოსალოდნელია „ოცნების” დაშლა?
– მმართველ პარტიაში ყოველთვის იყო განხეთქილება და დაპირისპირება. ბიძინა ივანიშვილი იყო ის, ვინც აბალანსებდა „ქართულ ოცნებას”. გავიხსენოთ პრეზიდენტის, პრემიერის, მინისტრებისა თუ პარლამენტის წევრების დაპირისპირება. შემდგომ პერიოდში მმართველი გუნდის გაღმა დარჩენილებთან დაკავშირებით ყოველთვის ეჭვობდნენ, რომ ეს ადამიანები იმიტომ გაწირეს, რომ არ ემორჩილებოდნენ მთავარს – ბიძინა ივანიშვილს. . „ქართულ ოცნებაში” შიდა ძალების კლანური ბრძოლა ძალაუფლების ბოლომდე მოსაპოვებლად გასტანს. ამ ფონზე, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ნაკლებად სავარაუდოა „ოცნებამ” შეძლოს ერთობის შენარჩუნება. კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უძალიანდება ოპოზიციის მოთხოვნებს, მას მაინც მოუწევს ხელახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ხელახალი არჩევნები კი ბიძინა ივანიშვილის გარეშე დარჩენილ „ოცნებას” გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდებს.
– მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდის დაშლაზე საუბრობს, „ქართული ოცნება” ქვეყანას მართავს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ოპოზიცია ილუზიაშია და გარკვეულწილად, საკუთარ იმიჯს აცამტვერებს. . .
– ოპოზიცია ადგას ურთულეს გზას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს არჩევნების ტოტალურად გაყალბების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლა. ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, კონსტიტუციის ფარგლებში, არ დაუშვას შეცდომა. არჩევნების მასობრივ გაყალბებას მოჰყვა საუბნო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, სწორედ ოპოზიციის ძალისხმევით, საჩივრების განხილვა, რომლებიც არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ კი ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უცვლელად, ანუ მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, ყველა ინსტანციაში მოხდა ოპოზიციის უფლებების უგულებელყოფა. გაყალბებულმა არჩევნებმა გააერთიანა ოპოზიცია, უმთავრესი, ხელახალი, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით.
– არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც მომხრეები დააიმედა არჩევნებში ხელისუფლების ცვლილების გარდაუვალობით, რეალურად კი საპირისპირო მოხდა. . .
– ოპოზიცია თავის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ ბერკეტს იყენებს, შეცდომა გამორიცხულია. თუმცა, ოპოზიციაშიც გამოჩნდნენ ძალები, რომლებმაც პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში შესვლა გადაწყვიტეს. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ოპოზიციური ერთობის საერთო გადაწყვეტილების დარღვევა. „ლელოში” იციან სიტყვისა და შეთანხმების ფასი. ამ არჩევნებში თუ ვინმე დაზარალდა, ეს არის „ლელო საქართველოსთვის”. ჩვეულებრივად მიითვისა მმართველმა პარტიამ ოპოზიციის, „ლელო საქართველოსთვის” მანდატები. ვალდებულნი ვართ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე, რომ დავიცვათ მათი ხმები, ამიტომ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და ცვლილებები აუცილებლად მოხდება.
– მიუხედავად ოპოზიციის ბოიკოტისა, პარლამენტი ფუნქციონირებს, ამჟამად გამართლებულია ოპოზიციის ბოკოტი?
– ყველაზე მეტად „ოცნება” იმაზე ღელავს, რომ მის მიერ მიგდებულ მანდატებზე უარი თქვა ოპოზიციამ. ყველა თავმოყვარე პარტიამ, რომელიც თვლის, რომ ხმები მოპარეს, უნდა უზრუნველყოს თითოეული ხმის დაცვა, ეს კი ხელახალი არჩევნებითაა შესაძლებელი.
– აშკარაა, რომ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ამ მხრივ რას ფიქრობენ თქვენს პარტიაში?
– პარტიამ „ლელო საქართველოსთვის”, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის პარტიაა, შეძლო მომხრეების შემოკრება და მოიპოვა მათი მხარდაჭერა, ასევე ოპოზიციური ერთობის მხრიდანაც. დღეს ჩვენს პარტიას, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, აკისრია ძალიან დიდი მისია. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ჩვენს ამომრჩევლებთან და ვგრძნობთ მხარდაჭერას ამ ბოიკოტში, ოპოზიციის საერთო მოთხოვნებში და ვრწმუნდებით, რომ სწორ გზას ვადგავართ. „ლელო საქართველოსთვის” დაკომპლექტებულია როგორც გამოცდილი, ასევეახალგაზრდა ადამიანებით, ძლიერი გუნდია. ყველა სახის გადაწყვეტილება მიიღება პოლიტსაბჭოზე კენჭისყრით. სასიხარულოა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება დაემთხვა ჩვენი ამომრჩევლების აზრს. ჩვენ ვიცით სიტყვისა და შეთანხმების ფასი. ამ გამოცდას, ოპოზიციურ ერთობასთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის წინაშე, დარწმუნებული ვარ, კარგად გავართმევთ თავს, რადგან ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წარმატება და მისი მომავალი.
– პოლიტიკური პარტიის „მოქალაქეები” , ასევე, „გირჩის” ორი წევრი (იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი) პარლამენტში შესვლაზე საუბრობენ და ამაში ოპოზიციის დარწმუნებას ცდილობენ. რა შემთხვევაში უნდა დათანხმდეს ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას?
– ფაქტობრივად მოხდა ლუსტრირება რიგი ოპოზიციური პარტიებისა თუ პოლიტიკური პირებისა. ყველაზე ვერ ვიტყვი, თუმცა ყველა ხვდება, რომ ის სცენარი, რომელსაც ეს პოლიტიკური პირები სთავაზობენ მოსახლეობას, მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს.
– თუ არც „ოცნება” წავიდა დათმობაზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და არც ოპოზიცია დათანხმდა ხელისუფლების გარკვეულ კომპრომისს, მაშინ ქვეყანაში რა პროცესების განვითარებას ელოდებით?
– გამორიცხულია ქვეყანაში ხელისუფლების სხვა ფორმით ცვლილება. „ლელო საქართველოსთვის” არის მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მომხრე და ვთანხმდებით ამაში ოპზიციურ ერთობასთან ერთად. ჩვენ ასე ნაბიჯ- ნაბიჯ, ყველანი ერთად, შევძლებთ უკან დავახევინოთ „ქართულ ოცნებას” და დავანიშნინოთ ხელახალი, სამართლიანი არჩევნები, რასაც ამომრჩევლების 52 პროცენტი ითხოვს. დარწმუნებული ვარ, მმართველ გუნდს მოუწევს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ამ შემოდგომაზე, ანდა მაქსიმუმ, გაზაფხულზე. ასევე საინტერესო იქნება მეხუთე რაუნდი – ფასილიტატორების მიერ მოწყობილი. არ დაგვავიწყდეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის აზრი, რომელიც უახლოეს პერიოდში გაცხადდება, ჯო ბაიდენი პრეზიდენტია. მსოფლიო პოლიტიკური სიახლეების მოლოდინშია.
– თქვენი აზრით, ბაიდენის გაპრეზიდენტება რას მოასწავებს მსოფლიოსთვის და რამდენად პრინციპული იქნება იგი რუსეთთან მიმართებით?
– ყველასთვის ცნობილია ჯო ბაიდენის დამოკიდებულების შესახებ რუსეთის თავნებობასთან დაკავშირებით. იგი არასდროს ერიდებოდა რუსეთის ღია კრიტიკას და თუ დავაკვირდებით, პრორუსულ ძალებს ზუსტად ამიტომ აფრთხობდა მისი გაპრეზიდენტება. ალბათ ისტორია და პირველ რიგში, ამერიკელები შეისწავლიან კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტს და ბევრ რამეს მოეფინება ნათელი… დარწმუნებული ვარ ამაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯო ბაიდენს 2009 წელს, საქართველოში სტუმრობისას (რუსეთთან ომის შემდეგ) გადასცეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. არა მგონია, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნა აშშ-ის ახლად არჩეულ ადმინისტრაციას უყურადღებოდ დარჩეს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციისათვის.
– კვლავ ჩვენს ქვეყანას დავუბრუნდეთ. ახლა ხშირად საუბრობენ მესამე ძალის შექმნის აუცილებლობაზე. მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა „ლელომ”, ” სტრატეგია აღმაშენებელმა” და „ევროპულმა საქართველომ” ახალი ბლოკი ჩამოაყალიბონ. რამდენად მოსალოდნელია ასეთი ალიანსი?
– „ლელოსთვის” ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა. ჩვენ ვერთიანდებით ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებით. „ლელო” არის ძლიერი გუნდი ძლიერი ლიდერებით, გვაქვს „მარშალის გეგმა”, რომელიც არის ამ ეკონომიკური ჭაობიდან ამოყვანისა და რეკონსტრუქციის სწორად გაწერილი გეგმა. დღეს „ლელოში” არის სულ სხვა დღის წესრიგი. რაც შეეხება კოალიციებსა და ბლოკებს, ამის აუცილებლობა თუ დადგა, ჩვენი პარტიის ლიდერები, პოლიტსაბჭო გადაწყვეტს. დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად მაინც ხელახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა რჩება.
– და ბოლოს, ამჟამად ქვეყნის წინაშე რა გამოწვევებია და რამდენად ადეკვატურად პასუხობს ხელისუფლება ამ გამოწვევებს?
– რომელი ჩამოვთვალო? კოვიდ-19, დაშლილი ეკონომიკა, კრიმინალის პარპაში, კორუფცია, შიდა და საგარეო პოლიტიკური კრიზისი, გაყალბებული არჩევნები და ბიძინასგან მიტოვებული „ქართული ოცნება”, რომელიც აგონიაშია და არა მგონია, ბიძინას გარეშე გაუმკლავდეს ამ პრობლემებს. მან ბიძინასთან ერთად ცხრა წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ამ ყველაფრის მოწესრიგება – საგარეო ვალი 8 მილიარდიდან 28 მილიარდამდეა გაზრდილი. ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის მართვას და უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანენ ქვეყანას, გამოსავალი კი მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებია. თავად ბიძინამ მიანიშნა – მე კი გავედი გამარჯვებული ამ ყველაფრიდან, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ ოპოზიციაშიო. . . ჰოდა წავლენ!