გენო თებიძე: „ქართულ ოცნებას“ 14 წლის შემდეგ გაახსენდა მარკეტებში გაძვირებული ფასები?
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა გენო თებიძემ „აჭარასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. შიდა პოლიტიკურ პროცესებზე
– როგორ პოზიციონირებს დღეს პარტია „ლელო საქართველოსთვის“?
– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის უმთავრესი და მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეები არიან, ვინც წყვეტს ამ ქვეყნის მომავალს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით დააფიქსირეს, თუ სად ხედავენ ამ ქვეყნის მომავალს. ასე, რომ „ლელო – ძლიერი საქართველო“ მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.
– საკრებულოში შეხვედით, ხოლო უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტში – არა. ხომ არ იჩქარეთ სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა?
– „ქართული ოცნება“ უმძიმეს მდგომარეობაშია. მისი წევრები რობინზონ კრუზოებად იქცნენ, შემოიღობეს კუნძული და გარე ცივილიზებული სამყაროსგან მოწყვიტეს საქართველო, ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. არცერთმა პროდასავლურმა ქვეყანამ არ ცნო მათ მიერ მიტაცებული ხელისუფლება. ჩემს სიმართლეს ელემენტარული სტატისტიკაც ადასტურებს. არ გაინტერესებთ, 2024-2025 წლებში დღევანდელ ე. წ. პრემიერ-მინისტრს რამდენი სამუშაო ვიზიტი ჰქონდა საზღვარგარეთ? 2024 წელს მხოლოდ ორჯერ იმყოფებოდა აზერბაიჯანში. 2025 წელს ცოტა გააუმჯობესა ვიზიტების რაოდენობა და ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უზბეკეთი, უნგრეთი, ჩინეთი, თურქეთი. ეს არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოების მიმართ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, უბრალოდ, ეს არის განიავებული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ტრამპის მიერ დაანონსებულ „მშვიდობის საბჭოში“ საბჭოთა კავშირის ყოფილი თხუთმეტი რესპუბლიკიდან 14 შეიყვანეს. წარმოიდგინეთ, რუსეთიც და ბელარუსიც… მხოლოდ ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ დაუძახეს. საქართველო მსოფლიო რუკიდან ამოაგდეს „მათი“ გაუმაძღრობის გამო. ეუთო ოდირის და ჰელსინკის ჯგუფის დასკვნებში კარგადაა ასახული ხელისუფლების სრული მიტაცება.
– რას გულისხმობთ?
– ხელისუფლების მიტაცება გულისხმობს: როცა ქვეყანას მართავს სანქცირებულთა ჯგუფი, როცა მოქალაქეებს ასამართლებენ სანქცირებული მოსამართლეები, როცა საკანონმდებლო ორგანო იქცა ერთი პირის ნოტარიუსად, როცა ქვეყანას ჰყავს სინდისის პატიმრები, როცა მზია ამაღლობელის სილა 2-წლიანი პატიმრობით კვალიფიცირდება და ა.შ.
– გამოსავალს რაში ხედავთ? გული ხომ არ გწყდებათ, რომ არ ხართ საკანონმდებლო ორგანოს წევრი, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ნაბიჯით ამომრჩევლების ხმები გააუქმეთ, იქნებ, უმაღლესი საბჭოდან უფრო მეტის გაკეთებას შეძლებდით?
– აქ მხოლოდ ხელისუფლების ცვლა თუ შეძლებს ამ მავნებლობის გამოსწორებას, ანუ ხელახალი არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენი მონაწილეობაც ბრძოლის მხოლოდ ერთი ეტაპი იყო.
– რატომ დამარცხდით არჩევნებში? ყოველ შემთხვევაში, ხმების ის რაოდენობა ვერ მიიღეთ, რასაც აანონსებდით…
– სამწუხაროდ, ჩვენს გეგმას პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ნაწილი არ შემოუერთდა, არადა, ერთიანი ჩართულობით ძალიან დიდი შანსი იყო, მოგვეგო საკვანძო ქალაქები „ოცნებისთვის“… ჩვენ მართლაც ბევრი გავაკეთეთ და ახლაც ვაკეთებთ, არ ვწყვეტთ ბრძოლას, ყველა ხერხს მივმართავთ, რათა მივაღწიოთ ამ ხელისუფლების ცვლას, რა თქმა უნდა, კანონიერ ფარგლებში. ჩვენ ჯანსაღი ოპოზიცია ვართ და მიგვაჩნია, რომ დემოკრატიისთვის დემოკრატიული წესებით უნდა ვიბრძოლოთ.
– როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია არ უშვებს შეცდომებს?
– რა თქმა უნდა, ოპოზიციაც უშვებს შეცდომებს და ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა იმის დაჯერება იყო, რომ „ქართული ოცნება“, ივანიშვილი ყურად იღებდა შარლ მიშელის ვიზიტს, თხოვნას და შეუდგებოდა დემოკრატიზაციის გზას, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. დღევანდელ ეტაპზე, ყველაზე მთავარი ჩვენი მომხრეების გვერდით დგომაა, ისინი კარგად გვიგებენ და ესმით, რატომ ვიღებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ყველა ნაბიჯის გადადგმისას ვითვალისწინებთ მათ შეხედულებებს, მოთხოვნილებებს, პოზიციებს.
– …და რა სურთ თქვენს მომხრეებს, პარტია „ლელო –საქართველოსთვის“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პენსიების 1000 ლარამდე ზრდას აანონსებდა. მაშინ, პარტიის წევრებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ეს არ არის წინასაარჩევნო დაპირება და „ეს რეალური გეგმაა“.
– კი, იყო ამაზე საუბარი. 1000-ლარიანი პენსიები ძალიან რეალური თემაა, უბრალოდ, არ უნდათ, რომ მოქალაქეებს ფინანსური დამოუკიდებლობა ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ ხდება ის, რაც ხდება. დღეს ქართველ პენსიონერს არ აქვს შესაძლებლობა, გაუძლოს იმ მინიმალურ გამოწვევებს, რომელიც მას ყოფით ცხოვრებაში აქვს. „ქართული ოცნება“ ზრუნავს მხოლოდ რუსეთის ინტერესებზე და საკუთარ ჯიბეზე. „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ეს ინიციატივა უკვე დათვლილი და შეფასებულია ექსპერტების, ეკონომისტების მიერ და 2024 წლიდან შესაძლებელი იყო პენსიის რეალურად გაზრდა… დღეს, ხელისუფლება ქართველებს აიძულებს ემიგრაციაში წასვლას და შავ სამუშაოებზე მუშაობას ლუკმა-პურისთვის, რათა თავად უფრო იოლად დაეპატრონოს საქართველოს და უფრო იოლად მართონ აქ დარჩენილი ხალხი. ერთი მინდა ვთქვა, ჩვენი პოლიტიკური პარტიის ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ ხალხის სურვილის მიხედვით მიიღება. ჩვენ მათ „ოცნების“ გასტუმრებას და პროდასავლური კოალიციური მთავრობის შექმნას ვპირდებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარებისათვის.
– როგორ შეაფასებდით ამჟამინდელ ქართულ პოლიტიკურ ველს?
– მძიმედ!.. და უნდა შევახსენო მკითხველს, რომ პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ლიდერები ციხეებში სხედან, იდევნებიან და მათ სხვადასხვა სახის ბრალდებებს უგორებს „ოცნება“. რასაც დღეს ეს მავნებლები უკეთებენ ჩვენს ქვეყანას, არის იმაზე საშიში, ვიდრე წარმოგიდგენიათ. დემოკრატიისკენ მიმავალი გზა ჩამოშლილია და ზუსტად ბოიკოტით და პოლიტიკური პარტიების ურყევი ბრძოლით ვაიძულეთ ხელისუფლება, სრული დიქტატურისგან და ამ ქვეყნის რუსეთში საბოლოო გაფორმებისგან თავი შეეკავებინა, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს, თუ რაიმე რეალური არ გადაწყდა, საბოლოოდ, მაინც რუსეთს შეაფარებენ თავს, რადგან მხოლოდ კრემლისგან იღებენ საკუთარი არსებობის გრძელვადიან გარანტიებს. სწორედ ამიტომ მიიწევენ ჩრდილოეთისკენ ჯიუტად და ქართველ ხალხსაც მიერეკებიან იქითკენ, საიდანაც ძლივს დავაღწიეთ თავი.
– კანონებში ბოლოდროინდელ ცვლილებებთან დაკავშირებით თქვენი გუნდი ყოველთვის აკეთებს კონკრეტულ განცხადებებს. რომელს გამოარჩევდით?
– ყველა კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, არის არა ხალხზე, არამედ მასზე მორგებული. თითოეული მათგანი ზღუდავს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებას და დემოკრატიის პრინციპებს: ე.წ. რუსული კანონი, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების წართმევა, ახლად დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება ყველა ფინანსურ ტრანზაქციაზე და სხვა… რომელი ერთი ჩამოვთვალო?
– ბევრი მიიჩნევს „ქართულ ოცნებას“ წარმატებულ პოლიტიკურ ძალად…
– ადამიანის უფლებების დარღვევა, „კამიტით“ მოწამვლა, ციხეებში ჩაყრა – აი, მისი წარმატება. ფაქტობრივად, მეორე პუტინის და ლუკაშენკოს გზას გადის ივანიშვილი და ამსხვრევს ცივილიზებული სამყაროსკენ სწრაფვის პერსპექტივას. ეს უკვე დაინახა ევროპამ, ამერიკამ, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ და შეაქციეს ზურგი. ამიტომ მირბიან აზიისკენ, საკუთარ ნაბიჯებს კი ამართლებენ „აბრეშუმის“ გზის ზღაპრული პერსპექტივებით, თუმცა უკვე ესეც რომ იკეტება, ყველა კარგად ხედავს.
– ფასების კლებაზე ხომ დაიწყო უკვე ოფიციალური საუბრები?
– „ქართულ ოცნებას“ 14 წლის შემდეგ გაახსენდა მარკეტებში გაძვირებული ფასები და ქმნის ფასადურ კომისიებს თითქოს იმ მოტივით, რომ ზრუნავს მოქალაქეების ჯიბეზე. აქვე ისიც გაიხსენეთ, რომ „ქართული ოცნება“, ბათუმის მერია აპირებს, ბათუმელების ცხოვრება გააძვიროს ორნახევარჯერ – ბათუმის საკრებულოს სხდომაზე უკვე გადაწყდა საკითხი, რომლის თანახმადაც, ავტობუსით მგზავრობის ტარიფის ორნახევარჯერ გაზრდა იგეგმება და 30 თეთრიდან 70 თეთრი ხდება. არანაირი დასაბუთება, არანაირი კვლევა, არანაირი ახსნა, თუ რატომ აძვირებენ. თითქოს ავტოპარკის განახლებას აბრალებენ, მაგრამ იმხელა ბიუჯეტი აქვს მერიას, რა პრობლემა იყო, რომ ძველი ფასი დაეტოვებინათ ძალაში. მხოლოდ ამ მაგალითითაც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა ქართველების გაღარიბება და არა მათ ჯიბეებზე ზრუნვა. რაც შეეხება უცხოეთიდან ფინანსური ტრანზაქციების შესახებ ახლად დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, აქ მართლა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯეს, ანუ პოტენციურად დასჯადი ხდება ყველა ფინანსური ტრანზაქცია, რომელიც, მათ შორის, უცხოეთიდან, ემიგრაციიდან განხორციელდება! საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავს ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრების მიერ გადმორიცხული თანხებით ირჩენენ, შესაძლოა სამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ ნებისმიერ დროს, თუ ხელისუფლება ამას საჭიროდ ჩათვლის. ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის შემდეგ, ხელისუფლებას მძევლად აჰყავს მათი ოჯახის წევრებიც და, ფაქტობრივად, უკრძალავს პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის უფლებას, სიტყვის თავისუფლებასაც კი. პოლიტიკურად გაკოტრებული, ლეგიტიმაციადაკარგული „ქართული ოცნება“, როგორც საბჭოთა პირდაპირი გადმონაშთი, უკვე ღიად იწყებს მოსახლეობის ფინანსურ რეკეტს და ამით ცდილობს საყოველთაო მორჩილების მიღებას. რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში მოყვნენ მეწარმეებიც. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
– თუ შეიძლება დააკონკრეტოთ?..
– ამ „სამართალდარღვევის“ ჩადენის შემთხვევაში, აუდიტის სამსახური მეწარმეს დააჯარიმებს 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების ყოველი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 40 000 ლარის ოდენობით. ასევე, „ქართული ოცნების“ დაანონსებული კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ამ ცვლილებით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს უმაღლეს კანონს, რადგან ეს ჩანაწერი პირდაპირ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაა! „ძლიერი საქართველო – ლელო“ აღნიშნულ ცვლილებას, როგორც მანამდე მიღებულ ანტიკონსტიტუციურ საკანონმდებლო ცვლილებებს, გაასაჩივრებს ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდგომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში და მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს აამოქმედებს, რომ რეპრესიული, ანტიკონსტიტუციური კანონის მიღება შეჩერდეს.
– „ქართული დასის“ ერთ-ერთი ლიდერი ჯონდი ბაღათურია აპირებს პლებისციტის ჩატარებას თემაზე, სურთ თუ არა ქართველებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც ხსნის ახლად შექმნილი რთული სიტუაციებით. როგორ ფიქრობთ, რა გზას აირჩევს საქართველო?
– ჯონდის და სხვა მიძინებული პოლიტიკოსების გააქტიურება იწყება მაშინ, როცა ძალიან უნდათ, ვიღაცის ხელით დააანონსონ მორიგი მავნებლობა. პატარა ბავშვმაც იცის, რომ საქართველოს, ძლიერი პარტნიორების გარეშე, გაუჭირდება. აქედანაც კარგადაც ჩანს, თუ რა წნეხს ახორციელებს რუსეთი ჩვენს ქვეყანაზე. ეს ინიციატივა თავიდანვე მკვდრადშობილია, ნეიტრალიტეტს სჭირდება ძლიერი ქვეყნების მტკიცე შეთანხმება.
– რომელ პრობლემებს გამოჰყოფდით აჭარასა და ბათუმში?
– პრობლემა ბევრია, მათ შორისაა: კორუფცია, კუნძულის მშენებლობა, გონიოს პოლიგონთან დაკავშირებული, გაუსაჯაროებელი ხელშეკრულება არაბულ კომპანიასთან, დაცარიელებული სოფლები, განათლება, უმუშევრობა… სია ძალიან გრძელია. ერთადერთი გამოსავალია ხელახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!