გენო თებიძე: ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების ნათელი, ევროპული მომავლისთვის
By

გენო თებიძე: ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების ნათელი, ევროპული მომავლისთვის

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გენო თებიძემ „აჭარასთან“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

რადიკალური ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, თუმცალელომმიიღო საპირისპირო გადაწყვეტილება. რატომ ჩაერთეთ წინასაარჩევნო მარათონში?

– დავიწყოთ იქიდან, რომ „ლელო – ძლიერი საქართველო“ ის პოლიტიკური გუნდია, რომელიც არასოდეს ეპუება „ქართულ ოცნებას“, ყველა მის წინააღმდეგ მიმართული აქციის ავანგარდში იდგა და დგას. ამის შედეგად, დღესდღეობით დაპატიმრებული არიან ჩვენი ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ვეფხვია კასრაძე. პერმანენტულად აკავებდნენ და ჯარიმებს აკისრებდნენ ჩვენს ახალგაზრდა აქტივისტებს. მოკლედ რომ ვთქვათ, „ლელომ“ საკუთარ ტყავზე იწვნია ამ რეჟიმის ყველა უსამართლობა. ბრძოლა ახლაც გრძელდება და ჩვენც ვიბრძვით ისე, როგორც უნდა იბრძოდნენ არსებული წყობილების შეურიგებელი პოლიტიკური ძალები.

– და ამის მიუხედავად, მაინც მონაწილეობთ არჩევნებში ანუ ბოიკოტს აღარ თვლით ქმედით ინსტრუმენტად?

– ბოიკოტის რეჟიმში, 28 ნოემბრიდან 5 ივლისამდე, 24/7-ზე არ შეგვიჩერებია აქტივობა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ვთვლით, რომ ძალიან გააძლიერა ჩვენმა აქციებმა ოპოზიცია საერთაშორისო სარბიელზე, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა დასავლეთის შეცდომაში შეყვანა და აქედან გამომდინარე, სწორედ ჩვენ მივიღეთ დამატებითი ქულები. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური დასავლეთი ქართულ ოპოზიციას, უპირობოდ უჭერს მხარს. ევროპარლამენტმა არ სცნო საპარლამენტო არჩევნების შედეგები, არალეგიტიმურად იხსენიებს დე ფაქტო მთავრობას, ითხოვს ვადამდელ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების სასწრაფოდ გათავისუფლებას. ანუ ჩვენმა ბოიკოტმა შეიყვანა ჩიხში „ქართული ოცნება“ და ვერ შეძლო საკუთარი ქმედების „გაპრავება“. არც ის დაგავიწყდეთ, რომ წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირები, რომლებიც სასტიკად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს, დაასანქცირეს და ისინი ვეღარ შეძლებენ ევროპაში ჩასვლას.

– დანარჩენი ოპოზიციის ისევ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენას როგორ შეაფასებთ?

– ბოიკოტი ეფექტური ინსტრუმენტია დემოკრატიისკენ სწრაფვაში და ახლაც გააჩნია დატვირთვა. პატივს ვცემ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ჯერ ისევ აგრძელებს ხელისუფლებასთან ამ კუთხით დაპირისპირებას. ესენი ძალიან მამაცი და უაღრესად პატრიოტი ხალხია. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, მივალთ კონსენსუსამდე და ორი გზის მეშვეობით შევძლებთ მივაღწიოთ იმ ორი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რასაც მუდმივად ვაჟღერებთ როგორც ჩვენ, ისე ევროპის წამყვანი სახელმწიფოების წარმომადგენლები. ვგულისხმობ, ისევ და ისევ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ანუ მიტაცებული ხმების ხალხისთვის დაბრუნებას. ეს არის ამ შეურიგებელი ბრძოლის მთავარი ხაზი. ადამიანებს უნდა გააჩნდეთ ამა თუ იმ პოლიტიკის სწორად შეფასების უნარი. ბრძოლა და ტაქტიკა შეიძლება სხვადასხვა იყოს, მთავარია, მივიღოთ შედეგი, რომელსაც ვესწრაფვით.

რადიკალური ოპოზიცია გაბრაზდა, რომ გამოეთიშეთ მათ რიგებს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თვითმმართველობის არჩევნებისთვისლელო ძლიერი საქართველოსადა გახარიას პარტიას „საქართველოსთვისშორის გაფორმებულ მემორანდუმს უწოდებს პოლიტიკურ ქორწინებას და მიაჩნია თანამშრომლობის პაქტად ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის.

– დიახ, ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი გახარიასთან და მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით, ივანიშვილის რეჟიმს კი ვებრძვით. როგორც მათ აზრს აქვს არსებობის უფლება, ასევე – ჩვენსას. „ლელომ“ ავირჩიეთ ის პოლიტიკა, რომელიც უფრო სწორად მიგვაჩნია. აქ, ცხადია, გადის გამყოფი ხაზი ჩვენსა და იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებისთვისაც ეს გზა მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, ყველა პროდასავლური პარტია მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას და შევთანხმდებით ძირეულ საკითხებში, რაც სარგებლის მომტანი უნდა გახდეს საქართველოსთვის, ყოველგვარი უსაფუძვლო ეჭვიც გაქარწყლდება.

– უკვე გქონდათ მათთან საუბარი?

– კი, გვქონდა მცდელობა აგვეხსნა, თუ რატომ ვარჩიეთ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა არგუმენტირებული საუბარი ვერ შედგა. ჩვენც გვაინტერესებდა მათი აზრი, რითი ახსნიდნენ ბოიკოტის გაგრძელების აუცილებლობას. დღესაც დგანან ახალგაზრდები საპროტესტო აქციებზე და დიდ პატივს ვცემ იმათ თავდადებას, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ივანიშვილს აღარ აშინებს პროტესტის ეს ფორმა, უკვე შენელდა მისი ეფექტი. ვთვლი, უფრო ფართომასშტაბიანი უნდა გახდეს პროტესტი და მიმაჩნია, რომ სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდება ბრძოლის შემდეგი ეტაპი. დღეს „ახალი სისხლი“ სჭირდება საპროტესტო მოძრაობას, მით უმეტეს, რომ ივლის-აგვისტო აპოლიტიკური პერიოდია. ემოციურად, ფიზიკურად, ფინანსური პრობლემებით გადაღლილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეეცდება დასვენებისთვის ან საკუთარი ბიუჯეტის შესავსებად გამოიყენოს ეს დრო, არჩევნებში მონაწილეობა კი ახალ ცეცხლს დაანთებს და მეტ მომხრეს მოიზიდავს. ვიმეორებ, აქ მონაწილეობა უნდა ჩაითვალოს ბრძოლის ახალ ეტაპად. „ქართულ ოცნებას“ უნდა ვაიძულოთ უკან დახევა და არ დავუტოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გარდა არც ერთი სხვა გზა. მოსახლეობამ თავისუფალი ნება უნდა გამოხატოს და თავად გადაწყვიტოს, თუ ვის ხელში მოაქციოს ქვეყნის მართვის სადავეები. ცხადია, აქვე ვიმეორებ პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლების აუცილებლობას. ციხეებში სხედან უდანაშაულო, სინდისის პატიმრები, მაშინ როდესაც მართლა კრიმინალები მთავრობაში არიან.

აჭარაში 340 საარჩევნო უბანია და როდესაც თითოეულში დაჯდება თითო აქტიური, პოლიტიკურად მომზადებული შენი წარმომადგენელი, რომელიც გაესაუბრება, დააკვალიანებს ამომრჩეველს, სულ სხვა ეფექტს მივიღებთ. იმ ადამიანს ხომ ჰყავს ოჯახის წევრები, სამეგობრო, სანათესაო? ცხადია, ისინიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. რა გამოდის? მხოლოდ და მხოლოდ მისი იქ ყოფნით ბევრს მივაღწევთ. მოქალაქეებს უნდა აჩვენო, დაარწმუნო, რომ ბრძოლის ყველა ფორმას აქვს აზრი, რომ შენ მის გვერდით ხარ ყველგან, როგორც არჩევნებზე, ისე მიტინგებსა თუ საპროტესტო აქციებზე, მაშინ მოგენდობა და დაინახავს, რომ მარტო არაა და მის ხმას გააჩნია ყველაზე ქმედითი ძალა.

– თქვენ უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი დატოვეთ, აქედან გამომდინარე, ვერ ჩავთვლი, რომ დეპუტატობისთვის იბრძვით…

– კი, დავტოვე და არასოდეს მიფიქრია სარგებლიანი პოსტის დაკავებაზე. იმედია, მართლა ვერავინ მეტყვის, რომ უმაღლესი საბჭო დავტოვე და ახლა საკრებულოს წევრობისთვის ვიღვწი. აქვე იმასაც დავამატებ, რომ ორჯერ ვიყავი ბათუმის საკრებულოს წევრი და არანაირად არ ვაკნინებ მის მნიშვნელობას, ძალიან კარგად ვიცი, რა დატვირთვა აქვს თვითმმართველობის დეპუტაციას.

– მაშინ რა მიზანი გამოძრავებთ?

– არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალება, უბრძოლველად დაეუფლოს მართვის ყველა სადავეს. არ ვაპირებთ ბრძოლის ველის იოლად დათმობას. ამას წინათ ბათუმის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი შემხვდა, მასაც აინტერესებდა ჩვენი არჩევნებში მონაწილეობის მიზეზი და როდესაც ავუხსენი, მითხრა, მომწონს, რომ რწმენით აკეთებთ ამ ყველაფერს და არა იმის გამო, რასაც გაბრალებენ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთო. ეს შეხვედრა იმიტომ გავიხსენე, რომ მინდა გითხრათ, საზოგადოება ბრმა არ არის, ყველაფერს ხედავს, სწორ აქცენტებს აკეთებს მიმდინარე პროცესებზე და ყველაფერი საბოლოოდ ერთიან ბრძოლის ველად იქცევა, სადაც შემოგვიერთდებიან რიგითი მოქალაქეები და სხვა პროდასავლური პარტიები.

– რამდენად გაართმევს თავს წინასაარჩევნო კამპანიას „ლელო“ ლიდერების გარეშე?

– თავად გადათვალეთ, მერამდენე არჩევნებში ვმონაწილეობთ 2020 წლიდან და აბსოლუტურად ყველგან „ლელო – ძლიერი საქართველო“ მანდატების გარეშე არ დარჩენილა. ყველა არჩევნებში, უთანასწორო ბრძოლის მიუხედავად, ვღებულობდით საკუთარ ადგილს. ძალით ვგლეჯდით „ქართულ ოცნებას“ მოპოვებულ მანდატებს, რომელიც ორჯერ მეტი გვექნებოდა, რომ არ გაყალბებულიყო. ჩვენ წინასაარჩევნო მარათონში მონაწილეობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, გაწაფული გუნდი ვართ და ვიცით, სად რა უნდა გავაკეთოთ. მექანიზმი ისე კარგად არის აწყობილი, რომ ვერ შეგვაშინებს ლიდერების დაპატიმრება, თუმცა სწორედ ამაზე ჰქონდა მმართველ პარტიას გათვლა.

– რამდენად გაქვთ გამარჯვების იმედი?

– არათუ იმედი, სრული რწმენა მაქვს, რომ ეს არჩევნები გახდება გარდამტეხი ეტაპის საწყისი ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო, უპირობო გამარჯვებამდე. თავად წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ისევ ბოიკოტის რეჟიმში რომ დავრჩენილიყავით: „ოცნება“ სიამოვნებით, აუღელვებლად, მშვიდად ჩაატარებდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და შემდეგ დოკუმენტაციით, ქაღალდების ფრიალით ირბენდა ევროპასა და აშშ-ში, რა გინდათ, მეტი რა უნდა გავაკეთოთ, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატარეთ, ისეთი, როგორსაც თქვენ ითხოვდით, ამაზე დემოკრატიული არჩევნები არ არსებობსო და სხვ. ხოლო თუკი შეახსენებდნენ, რომ სხვა პარტიები არ მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში, უპასუხებდნენ – ყველა პირობა შევუქმენით, მაგრამ თავად არ ინდომეს, ალბათ არ ჰქონდათ საკუთარი მომხრეების იმედიო.

ამიტომ არ უნდა დაუტოვო ივანიშვილს არანაირი საფუძველი და საბაბი, რომ თავი გამართლებულად და გამარჯვებულად იგრძნოს, გააბითუროს და მოატყუოს ჩვენი საერთაშორისო მხარდამჭერები, ის ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად სურთ, ეს ქვეყანა იხილონ პროდასავლური ოჯახის სრულფასოვან წევრად. „ოცნება“ ხომ ამბობს, ქვეყნის უდიდესი ნაწილი მხარს მიჭერსო, ჰოდა, თავად ნახავს, ვინ და რამდენი უჭერს მხარს, რამდენი მოგვცემს ხმას ჩვენ და რამდენი – მათ.

– აჭარაში უკვე დაიწყეთ წინასაარჩევნო მზადება… კანდიდატებს რა პრინციპით დაასახელებთ, უკვე გყავთ შერჩეული?

– კი, უკვე ხუთივე რაიონში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ძალიან სერიოზული კამპანიის ჩატარებას ვაპირებთ. ვარჩევთ ღირსეულ ადამიანებს ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს მცოდნე, გამოცდილი, მაღალი რეიტინგის და ავტორიტეტის მქონე ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ ადგილობრივი მოსახლეობის ყველა პრობლემას, ნდობით სარგებლობენ თანამოქალაქეებში და ძალუძთ ნებისმიერი საკითხის პროფესიულ დონეზე გადაწყვეტა, თუკი შევლენ საკრებულოებში. ამასთან, ჩვენი ყველა კანდიდატი, აუცილებლად უნდა იყოს პროდასავლური მენტალიტეტის. სწორედ მათთან ერთად შევძლებთ ქვეყნის იმ ჩიხიდან გამოყვანას, სადაც შეიყვანა „ოცნებამ“ თავისი არათანმიმდევრული, კორუფციული და ქაოსური მმართველობით.

– მაჟორიტარები ვინ იქნებიან?

– ჩვენ გახარიას პარტიასთან ერთად უნდა შევათანხმოთ მაჟორიტარები. ანუ რაიონებში მხოლოდ თითო კანდიდატს წარვადგენთ, რათა ხელი არ შევუშალოთ ერთმანეთს და ხმები არ გავყოთ. ასეთი მეთოდი უკვე გვქონდა 2021 წლის არჩევნებში და კარგი შედეგი მივიღეთ. ჩვენთვის მთავარია არა სკამები, არამედ – გამარჯვება. მაშინ უფრო მეტი პოლიტიკური პარტია ვიყავით და შევთანხმდით, რომ თუკი ერთი დააყენებდა კანდიდატს, სხვები მის გაყვანაზე იმუშავებდნენ და ამან კარგი შედეგი მოგვცა. სამი სამაჟორიტარო ოლქი მოვიგეთ, პრაქტიკულად, ბათუმიც მოვიგეთ, თუმცა 19 ადგილი 16-ზე გადანაწილდა… უკვე აღარ მივყვები იმ დღის წესრიგს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა საზოგადოებას და ამის გამო დავკარგეთ ის მთავარი მონაპოვარი, რაც ბათუმელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ: გაყალბება, ამომრჩევლების მოსყიდვა, ნუგზარ ფუტკარაძის ტრაგიკული სიკვდილი და შემდეგ ასე გადანაწილებული ბათუმის საკრებულო… უნდა ვაღიარო, რომ ჩვენდა სამარცხვინოდ ვერ შევძელით შეგვენარჩუნებინა უკვე მოგებული თვითმმართველობის არჩევნები.

– რამდენად უშვებთ, რომ ისევ გამოაცხადებთ ბოიკოტს და არ შეხვალთ საკრებულოში რამდენიმე ადგილის მოპოვების შემთხვევაში?

– თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. კიდევ ერთხელ უნდა გამოვაფხიზლოთ მოსახლეობა, დავანახოთ, რომ ყველა ასპექტში მათ გვერდით ვდგავართ, მივცეთ მათ არჩევანის გაკეთების საშუალება. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვისაც გულით და სულით უნდათ, ამ ქვეყანაში მოხდეს ძირეული ცვლილებები. მივა ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან და როგორ უნდა მოიქცეს, თუკი არ ექნება „ქართული ოცნების“ ალტერნატივის არჩევის შანსი?

– ანუ, თვლით, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ის ხმები დაფიქსირდება, რასაც მიიღებთ?

– არა, ასე შორს არ წავსულვართ, იმის ილუზია, რომ „ოცნება“ არჩევნებს არ გააყალბებს, ნამდვილად არ გვაქვს, ვიცით, რომ ხმებს აუცილებლად მოგვპარავს, მაგრამ ისიც არ ეგონოთ, რომ ბრძოლის გარეშე დავთმობთ რაიმეს, ყველა ხმის გამო ვიბრძოლებთ, არ მივცემთ იმის ფუფუნებას, ისე ჭრან და კერონ, როგორც გაუხარდებათ. მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახებთ, რა ძალა მართავს დღეს საქართველოს.

– ანუ თქვენ ისევ ბრძოლას და ბოიკოტირებას აპირებთ?

– არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. ეს არის პროცესი, პოლიტიკა სიტუაციურია, შეიძლება ხვალ ისე შემობრუნდეს, ვერც კი გავითავისოთ რა მოხდა. რა იქნება, კაცმა არ იცის. შეიძლება სულ სხვა ბრძოლის ველი ჩამოყალიბდეს და სულ სხვა საპროტესტო მექანიზმი დასჭირდეს ამ ქვეყანას. კარგად ვიცით, რომ 31 აგვისტოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტაზეა საუბარი, ამისთვის ყველაფერს აკეთებს ახლანდელი მთავრობა, მაშინ როდესაც საკუთარი შვილები ევროპაში ჰყავთ, რუსულ ნარატივებზე აგებენ პოლიტიკას და ამით გვაშორებენ კოლექტიურ დასავლეთს, იმ სამყაროს, საითკენაც ისწრაფვის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო პროდასავლური მენტალიტეტის და არასოდეს უღალატებს ამ გზას. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების ნათელი, ევროპული მომავლისთვის და არა რუსეთის მონებად მათი ქცევისთვის. ხვალ რა სიმძლავრით იფეთქებს ქართველი ხალხის ნება, არავინ იცის.

– დღეს რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ პრობლემად ბათუმისთვის, რა დაპირებებს ამზადებთ თვითმმართველობის არჩევნების კამპანიისთვის?

– ერთადერთი დაპირება, ლოზუნგი თუ პირობა იქნება არსებული მმართველობისგან გამოთავისუფლება, რადგან შეუძლებელია ქვეყნის, ქალაქის, სოფლის მართვა კორუფციის და განუკითხაობის მორევში. ქალაქს არ გააჩნია განვითარების გენერალური გეგმა, ამ ყველაფერს იყენებენ საკუთარი ჯიბეების შესავსებად. ბათუმი იქცა ნარკოტიკების ბუდედ და აქ ტრიალებს უზარმაზარი რაოდენობის შავი ფული, რომელიც შემოდის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მეშვეობით. კრიმინალური მოძრაობის სიბრტყედ აქციეს ჩვენი გარემო. ეს ყველაფერი უნდა მოვაცილოთ ბათუმს, უსაფრთხოდ უნდა ვიცხოვროთ აქ. ეს არის პირველი რიგის ამოცანა. სხვა ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება, რადგან ქალაქს ძალუძს თავად გამოკვებოს საკუთარი მოქალაქეები, მისცეს მათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, კარგი ჯანდაცვა, სკოლამდელი აღზრდა, ფეშენებელური სკოლები და უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლები საუკეთესო განათლებით. აქ აღზრდილი ახალგაზრდები კი ისევ და ისევ საკუთარ ქალაქს დაუბრუნდებიან და კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ.

 

ირმა ცეცხლაძე

 

  • No Comments
  • ივლისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *