გენპროკურორი: თაღლითური ქოლცენტრების უმრავლესობა ეკუთვნოდა ჯგუფს, რომელიც ოპოზიციურ მედიასაშუალებებს აფინანსებდა
გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი ეპიზოდი ე.წ. ქოლცენტრების საქმეს ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ქოლცენტრების შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციური მედიასაშუალება ფინანსდებოდა.
როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2021-2023 წლებში, მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
მისივე თქმით, ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა.
„თავის მხრივ, ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ“, – განაცხადა გვარაკიძემ.