„გეოპოლიტიკური მნიშვნელობა არ არის სტატიკური – ის ყოველდღიური ქმედებებით შენდება“
ზესახელმწიფოები სულ უფრო ესწრაფვიან გავლენის სფეროების დაუფლებას, განმტკიცებას ახლო სამეზობლოსა და გეოსტრატეგიულ რეგიონებში, რისი თვალსაჩინო მაგალითია აშშ-ის ბოლოდროინდელი ქმედებები ამერიკის კონტინენტსა და ახლო აღმოსავლეთში. ამ კონტექსტში საინტერესოა მიუნჰენის ამასწინანდელი კონფერენცია, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიოდ თქვა, რომ აშშ და ევროკავშირი პარტნიორები არიან და ჩინეთი და რუსეთი მიზანს (დააპირისპირონ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები) ვერ მიაღწევენ. თავის მხრივ, ირანი და ჩინეთი რუსეთს ეხმარებიან უკრაინასთან ომში, რათა კოლექტიური დასავლეთი დაასუსტონ. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ანალიტიკური ორგანიზაცია Politico EuroPe-ს ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ნიჟარაძე.
– მიუნჰენის კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივან რუბიოს გამოსვლა ევროპელმა ლიდერებმა დადებითად შეაფასეს. რეალურად, რა იკითხებოდა მის გზავნილებში?
– 2026 წლის მიუნჰენის კონფერენცია ნამდვილად გამორჩეული იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ევროპის ერთგვარი დამშვიდება, მაგრამ ამავე დროს გაფრთხილებაც – ამერიკა პარტნიორია, მაგრამ აღარ არის ერთადერთი გარანტორი. მთავარი გზავნილი კი სწორედ ის იყო, რომ უსაფრთხოების პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადანაწილდეს და ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი თავდაცვისთვის. ღირებულებითი თანხვედრა ევროპასა და ამერიკას შორის ისევ მთავარ ატრიბუტად რჩება.
ფაქტობრივად, ეს იყო ტრანსატლანტიკური ალიანსის „განახლებული ვერსიის“ გამოცხადება – თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ ძველი კომფორტული მოდელი დასრულდა.
– არადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ზემოაღნიშნულ განცხადებამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ტრამპი ევროკავშირის დაშლას ცდილობს. როგორ დაახასიათებდით აშშ–ევროკავშირის ურთიერთობებს ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში?
– საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეფასება, რომ დონალდ ტრამპი ევროკავშირის დაშლას ცდილობდა, პრაგმატული იყო, მაგრამ გარკვეული საფუძველი ნამდვილად ჰქონდა. ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა ევროპას უფრო მეტად კონკურენტ ეკონომიკურ ბლოკად გვისახავს, ვიდრე სტრატეგიულ პარტნიორად. ევროკავშირი, არსებობის ისტორიაში, პირველად დაფიქრდა, რომ უსაფრთხოებაში მეტი დამოუკიდებლობა სჭირდებოდა. შედეგად, დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიის პირველად კონტურებს, რათა საკუთარი დღის წესრიგი და უსაფრთხოება, ხშირ შემთხვევაში, დამოუკიდებლად გაატაროს. ამ მხრივ, მეტწილად, გამოირჩევა საფრანგეთი და გერმანია, განსხვავებით იტალიისგან, რომელიც აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირების კატეგორიული წინააღმდეგია.
– სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისიც აღნიშნა, რომ მრავალპოლარულ მსოფლიოს ვუბრუნდებით, რადგან, არსებობს ჩინეთი და, გარკვეულწილად, რუსეთი. ეს რისი მანიშნებელია?
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კლასიკური რეალიზმის დაბრუნებაა საერთშორისო ურთიერთობებში. იდეალისტური ლიბერალური წესრიგის რიტორიკა წარსულში დარჩა და დავიწყებას მიეცა. მთავარი გზავნილი კი იყო შემდეგი: მსოფლიო, ისევე როგორც ძალთა ბალანსი, შეიცვალა და პოლიტიკაც სწორად უნდა მოერგოს. აშშ-ის მიერ ახალი სტრატეგიული ხედვის დოკუმენტშიც აშკარად ჩანს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი ფოკუსი ჩინეთის შეკავება იქნება გლობალურ პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ამერიკა ისევ ლიდერად გვევლინება, მაგრამ აღარ არის ერთადერთი დამცველი. ხოლო რაც შეეხება რუსეთს, რასაკვირველია, საფრთხეა, თუმცა ამჟამინდელი ადმინისტრაციის ხედვით, კონტროლირებადი და ევროპის კონტინტენტის ძალთა ბალანსს შეუძლია მისი შეკავება.
– რამდენად მოსალოდნელია, რომ აშშ რუსეთის მოთხოვნებს (გავლენის სფეროების დაუფლებას, თუნდაც საქართველოს საზიანოდ) დათანხმდეს?
– აშშ-ის არცერთი ადმინისტრაცია საჯაროდ ამას არ დათანხმდება. მაგრამ რეალურ პოლიტიკაში არსებობს სამი სცენარი:
1) ფორმალური უარი, არაფორმალური კომპრომისები;
2) რეგიონული საკითხების დროებითი გაყინვა:
3) პრიორიტეტების გადანაწილება სხვა მიმართულებებზე.
თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. კავკასიის რეგიონი ისევ პრიორიტეტად რჩება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო კურსი მეტად დაახლოვდა ამერიკასთან და მათ სტრატეგიული თანამშრომლობაც გააფორმეს სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში. გარდა ამისა, მათი არაპირდაპირი ინტერესია რუსეთის გავლენის შეკავება კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით.
– კავკასია რომ მნიშვნელოვანი რეგიონია, ცხადზე უცხადესია. სომხეთს და აზერბაიჯანს აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი სტუმრობდა, ჩვენი ქვეყანა თამაშგარე მდგომარეობაში ხომ არ რჩება?
– ერევანი და ბაქო ახლა აქტიური დიპლომატიური პროცესის ეპიცენტრში არიან – მშვიდობის შეთანხმება, ენერგეტიკა, სატრანზიტო კორიდორები. აშკარაა, რომ რეგიონში კონკურენცია გაიზარდა და მეტად მოერგო აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. გეოპოლიტიკის მთავარი არსი კი სწორედ ისაა, რომ ვინც უფრო მეტ სტრატეგიულ ფუნქციას ასრულებს, ის უფრო მეტ ყურადღებას იღებს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტიც, სწორედ, ამის გამოხატულება იყო. ვფიქრობ, საქართველოს გარეშე, რეგიონალური პროცესების მასშტაბური განვითარება, ფაქტობრივად, გამორიცხულია.
– რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გეოპოლიტიკური მნიშვნელობა არ დაკარგოს?
– პირველ რიგში, საჭიროა თანმიმდევრული, სტრატეგიული ხედვა – ტრანზიტში, დიპლომატიასა და რეგიონულ კომუნიკაციაში. სტაბილური შიდა გარემო და პროგნოზირებადი პოლიტიკა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გეოგრაფიული მდებარეობა. გეოპოლიტიკური მნიშვნელობა არ არის სტატიკური – ის ყოველდღიური ქმედებებით შენდება. თბილისი, ისტორიულად, ყოველთვის იყო კავკასიის მთავარი ქალაქი. სწორედ ეს ნიშა არ უნდა დავკარგოთ და ეკონომიკური ჰაბის მნიშვნელობა მეტწილად გავზარდოთ კიდეც, რაც საბოლოოდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ორმაგად გააძლიერებს. თუ ეკონომიკური გავლენა იზრდება, ავტომატურად იზრდება პოლიტიკური წონაც – და ეს არის ის ფორმულა, რომელიც პატარა ქვეყნებს დიდ თამაშში ამყოფებს.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით უკრაინას, ეს ომი დასავლეთ–რუსეთის გლობალური დაპირისპირებაა?
– რუსეთ-უკრაინის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და გრძელვადიანი ომია ევროპის კონტინენტზე. ეს, ჯერ კიდევ, 2014 წელს დაიწყო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებით. სამწუხაროდ, ევროპის მაშინდელი რეაქცია ძალიან სუსტი გახლდათ, განსაკუთრებით კი გერმანიის. დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად, ეს დაპირისპირება დასავლეთ-რუსეთის გლობალური დაპირისპირების მთავარ მოვლენად იქცა, რადგან სწორედ აქ წყდება დასავლეთ ევროპის მომავლის ბედი. გარდა ამ დაპირისპირებული ძალებისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის მხარეს, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით, ჩართულნი არიან ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი.
– უკრაინის ომის შედეგი განსაზღვრავს თუ არა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს?
– დიახ, შეგვიძლია ასეც შევაფასოთ, რადგან ეს არის პრეცედენტის საკითხი. თუ ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა შედეგს მოიტანს, ეს სხვა რეგიონებისთვისაც მაგალითი გახდება, მაგალითად, ჩინეთისთვის, რომელიც ტაივანის დაბრუნებისთვის ნებისმიერი ხერხის გამოყენების მომხრეა, მათ შორის, სამხედრო. აღსანიშნავია, ასევე, ჩრდილოეთ კორეის მეტად სახიფათო ბირთვული პოტენციალი და შესაძლო შედეგები.
ფაქტობრივად, ეს ერთგვარი ტესტია ევროპის უსაფრთხოებისთვის – თუ რამდენად შეუძლიათ ახალ მსოფლიო წესრიგში საკუთარი თავის პოვნა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების განეიტრალება.
– არანაკლებ მნიშვნელოვანი და დრამატული ამბები ხდება ირანში, რამდენად მოსალოდნელია აშშ–მა საჰაერო დარტყმები განახორციელოს ირანზე და, ამ მხრივ, ჩვენი რეგიონი რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება?
– ირანში აშშ-ის ინტერვენცია საკმაოდ რეალური სცენარია და ვფიქრობ, უახლოეს კვირებსა თუ დღეებში, გარკვეული ფორმით, ის განხორციელდება ისრაელთან ერთად. ერთადერთი რამ, რაც ამ სცენარს აგვარიდებს – ირანის მზადყოფნაა ბირთვული იარაღისა და ურანის გამდიდრების შეწყვეტის თაობაზე. ახლო აღმოსავლეთში უპრეცედენტოდ დიდი სამხედრო მობილიზაციაა აშშ-ის მხრიდან, ყველაზე დიდი, ერაყის 2003 წლის სამხედრო ოპერაციის შემდეგ. პენტაგონი კი, თავის მხრივ, სრულ მზადყოფნაშია და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ელოდება. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, მთავარი რისკი სწორედ ის არის, რომ ნებისმიერი ესკალაცია ავტომატურად ზრდის არასტაბილურობას, რაც შემდეგ უსაფრთხოების გაურკვევლობაში, ინვესტიციების შემცირებასა და გარე მოთამაშეების აქტიურობაში იჩენს თავს.
– დაბოლოს, წყდება თუ არა უკრაინაში ევროპის და მით უმეტეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მომავალი?
– უკრაინაში დღეს ნამდვილად წყდება ევროპის, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მომავალი. კრემლის იმპერიალისტური ამბიციები ან საბოლოოდ ჩაეხშობა, ან პირიქით, ბალტიისპირეთსა და კავკასიის ქვეყნებზე გაგრძელდება. ევროპის უსაფრთხოების არქეტიპი სწორედ ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც თამაშის წესებს განსაზღვრავს არა ერთ თაობაზე, არამედ ათწლეულებზე.
ლაშა ხომერიკი