
გზავნილები საქართველოს
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მოუსმინონ ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
„იმედი გვაქვს, საქართველო შეძლებს დაბრუნებას ევროპულ გზაზე, რომლისკენაც ქართველი ხალხი მიისწრაფვის“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.
განცხადება გააკეთა ასევე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ვალდკამპმა.
„ძალიან ფართოდ არის გაზიარებული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიდგომისადმი. ეს ნამდვილად წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც ჩვენ მივიჩნევთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიდგომად. საქართველოში ხალხი მაღელვებს, ბევრი ადამიანი მიისწრაფვის ევროპული ჰორიზონტისკენ, ბევრი ადამიანი სარგებლობს უვიზო მიმოსვლით. დღეს ჩვენ განვიხილავთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი, მაგრამ ვხედავ, რომ ძალიან ფართოდ არის გაზიარებული შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, – აღნიშნა კასპარ ვალდკამპმა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა ცოიუ მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა განაგრძონ ევროკავშირის გეზის მხარდაჭერა.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ, თუმცა, ამავე დროს, რუმინეთშიც გამოვცადეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გააგრძელონ ევროკავშირის გეზის მხარდაჭერა, ისინი მხარს უჭერენ თავიანთი დემოკრატიის მედეგობას. ამ შემთხვევაში, რუმინეთი მხარს უჭერს ზომების მიღებას, თუმცა ეს უნდა იყოს პროპორციული ზომები, ისეთი, რომელთა უკან წაღებაც შესაძლებელია, რადგან გვჯერა გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ევროპული გზის“, – განაცხადა ოანა ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.