გზა ძალადობიდან – წარმატებამდე – სოფიო დანელიას ისტორია
By

გზა ძალადობიდან – წარმატებამდე – სოფიო დანელიას ისტორია

ძალადობის მსხვერპლი ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ჩვენი გაზეთიდან ხშირად ისმის მათი ხმა.
სამწუხაროდ, სტატისტიკურად, საქართველოში ქალზე ძალადობის ფაქტები გაზრდილია. ხშირია შემთხვევა, როდესაც ძალადობა ფემიციდამდეც (ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინება) მიდის და ამის არაერთი ფაქტია ცნობილი.
ჩვენი რესპონდენტი ძალადობის ყოფილი მსხვერპლი, 39 წლის სოფიო დანელიაა, რომელზეც მეუღლე სისტემატურად ძალადობდა, თუმცა მან შეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა და ახალი ცხოვრების დაწყება. იგი ახლა ძლიერი, გამბედავი, პროფესიულად შემდგარი ქალია.
-14 წლის დავოჯახდი, მაშინ დასრულდა ჩემი ბავშვობა და სიმშვიდეც. ვერ ვიტყვი, რომ კარგი გარემო დამხვდა, ოჯახის წევრები ხშირად კამათობდნენ, არც ჩემი ქმარი გამოირჩეოდა მშვიდი და კარგი ხასიათით. ამის შემყურე, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. საბოლოოდ, ნევროზი დამემართა. ექიმთან წავედი, დამამშვიდებლები დამინიშნა… ბოლო ვიზიტისას მითხრა, თუ შენს თავს თვითონვე არ მიხედავ, ვეღარ გიშველიო. ამის შემდეგ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. ამ დროისთვის 15- 16 წლის ვიყავი, ბავშვიც პატარა მყავდა – პირველი შვილი 15 წლის ასაკში გავაჩინე. ძალიან რთული იყო მდგომარეობიდან გამოსვლა, ამ ასაკში ბავშვებს გარდატეხის პერიოდი აქვთ, მე კიდე საკუთარ თავთან ბრძოლებში ვიყავი.
ხშირია შემთხვევა, როცა ქალებს გათხოვებიდან მალევე სურთ მოძალადე ოჯახიდან თავის დაღწევა, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოების მხრიდან სტერეოტიპული დამოკიდებულება ამის საშუალებას არ აძლევს.
ალბათ, იკითხავთ, რატომ არ წამიყვანეს მშობლებმა სახლში. სცადეს, მაგრამ არ გავყევი. ხალხის აზრის შემეშინდა, მონატაცები ვიყავი და მეგონა, ჩემზე ჭორაობას დაიწყებდნენ… სტერეოტიპები ადამიანის ცხოვრებას ანგრევს.
ჩემს სტრესს მალევე დაემატა მეუღლის ღალატიც. ერთმანეთისთვის გაგზავნილი შეტყობინებებით გავიგე, რომ საყვარელი ჰყავდა (ძმაკაცის ცოლი). ამას რომ ვსაყვედურობდი, იწყებდა ჩხუბს, შეურაცხყოფას მაყენებდა, ფიზიკურადაც მეხებოდა, ყელში ხელს მიჭერდა.
ხშირად ვადანაშაულებდი თავს, რომ მასთან ვიყავი. დედა ძალიან ნერვიულობდა და ვცდილობდი, არაფერი გაეგო. ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ გამოსწორდებოდა, თუმცა ამაოდ.
მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად, როცა ისე მეჩხუბა, წავალ-მეთქი ვუთხარი. ხელი მომიქნია და ყელში წამიჭირა – აბა, გაბედე და წადიო.
მის გამო დავკარგე ბინა, რომელიც დედაჩემმა მიყიდა, ბანკში ჩავუდე და აღარ გადაიხადა. ყველაფერი დავკარგე, საკუთარი თავიც. ხშირად ცდილობდა ჩემს გაღიზიანებას და საშინელი სიტყვებით მომმართავდა. როცა დამშვიდდებოდა, ვეკითხებოდი, რატომ მეძახი ასეთ სიტყვებს, რით ვიმსახურებ – მეთქი? აბა, სხვანაირად არ ბრაზდებიო, ასე მპასუხობდა.
ელემენტარულის გამო შეეძლო ეჩხუბა და ჩემთვის დაერტყა. არა მარტო ფიზიკურად, ფსიქოლოგიურადაც ძალადობდა, თუკი რამეს ვიტყოდი, მისთვის სისულელე იყო, გარეთ არ უნდა მესაუბრა, არ უნდა გამეცინა და ა.შ. არასდროს ვსაუბრობდით რამე თემაზე, არასდროს გვქონია საერთო მიზნები, გარეთ კი, სხვების დასანახად, ოჯახი გვერქვა. სულიერად დავცარიელდი, სარკეში საკუთარ თავს ვუყურებდი და ვეღარ ვცნობდი.სოფიო ჩვენთან საუბარში იხსენებს ფაქტს, როდესაც ყოფილი მეუღლე იარაღით დაედევნა. ასეთ დროს მოძალადეები არ ფიქრობენ შვილებზე და გააზრებული თუ გაუაზრებელი ქმედებებით, მათ ფსიქიკასაც ვნებენ.
– ბოლო ჩხუბის დროს რომ გავაფრთხილე, იცოდე, წავალ, არ გაპატიებ-მეთქი, უარესი გააკეთა. იარაღით გამომეკიდა. ღამე იყო და გარეთ დავიმალე. ჭიშკრისკენ ისროდა, ეგონა, გავიქეცი. შემდეგ ოთახიდან სროლის ხმა გავიგონე, მეგონა, ბავშვებს ესროლა, მივვარდი და იარაღი წავართვი. ბავშვები ამ ყველაფერს უყურებდნენ. პატარა 4 წლის იყო, უფროსი – 11-ის. ცოტა ხანში მამაჩემს დაურეკა და მოიყვანა. მამა რომ მოვიდა, ჩემმა ქმარმა მოიტყუა – იარაღს ვწმენდდი და გამივარდაო. სიმწრისა და სიბრაზისგან დანა ავიღე, მოგკლავ-მეთქი, ვუთხარი. წამართვა. იგინებოდა მამაჩემისა და ბავშვების თვალწინ. ბავშვები მამას გავაყოლე, რადგან არ მინდოდა, ამისთვის ეყურებინათ. ჩემი ყოფილი მეუღლე იმ მომენტში ისეთი შეურაცხადი გახდა, რომ ბავშვებს და მამაჩემსაც მოკვლით დაემუქრა, ოთახში შემობრუნებულმა კი ტირილი დაიწყო, თავს მოვიკლავო. ამ ყველაფრის შემდეგ გადავდგი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი ნაბიჯი – მისგან წამოვედი, – მიყვება სოფიო.
სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობლები და ახლობლები ცდილობენ, მოძალადეს ოჯახი შეუნარჩუნონ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
– მისი ემიგრანტი დედა 15 წლის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. დღე არ გავიდოდა, ქმარი და მისი ნათესავები არ მოსულიყვნენ შერიგების თხოვნით. იმ ზომამდე მიმიყვანეს, გადავწყვიტე თავი მომეკლა და წამლები დავლიე, რასაც დღემდე ვნანობ. ამის შემდეგ თავი დამანებეს, – მითხრა ჩემმა რესპონდენტმა.
სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს მაქსიმალურად უნდა დაუდგეს გვერდით. მოძალადეები კანონის უმკაცრესი ფორმით უნდა დაისაჯონ, ამისთვის მხოლოდ შემაკავებელი ორდერი არ კმარა.


– დაახლოებით რვა თვე იყო გასული, ისევ დაიწყო რეკვები და ბავშვებთან მიქმნიდა პრობლემებს. მაშინ მივმართე პირველად პოლიციას და გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი. როცა ქურდობა და ყაჩაღობა ხდება, ბრალდებულს წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ, როცა ქალზე ძალადობენ – გარეთ უშვებენ. ასეთი ავადმყოფი ადამიანების გამო უამრავი ქალი გახდა ფემიციდის მსხვერპლი, – გულისტკივილით ამბობს სოფიო.
ამ ყველაფერში სახელმწიფოს ეკისრება დიდი როლი, რადგან ხშირად ძალადობის მსხვერპლი ქალები მოძალადის ოჯახიდან იმიტომ ვერ მიდიან, რომ წასასვლელი არსად აქვთ. სწორედ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს მარტოხელა დედები, მოძალადისგან თავის დაღწევა უფრო ადვილად რომ შეძლონ.
ხშირია შემთხვევა, როდესაც მოძალადე თავად არის ძალადობის მსხვერპლი და ეს დროთა განმავლობაში მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება.
– ვფიქრობ, ჩემი ყოფილი ქმრის ასეთი მდგომარეობა ოჯახური გარემოს ბრალიც იყო. მამამისს სხვა ქალი ჰყავდა და ოჯახში ამის გამო ხშირად იყო კამათი და ჩხუბი. საკუთარი მამა ჩემს ყოფილ მეუღლესაც ძალიან ცუდად ექცეოდა. ხალხში, ბიჭებთან, სულ ეუხეშებოდა. თვითონაც ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.
ბევრჯერ ვუთხარი დედამისს და მასაც, რომ ფსიქოლოგი სჭირდებოდა, მაგრამ არ მისმენდნენ. მის ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობას ისიც უწყობდა ხელს, რომ წამალზე დამოკიდებული იყო. ახლა მას სხვა ცოლი ჰყავს, ჩვენი შვილის ტოლი გოგო, რომელიც ჩვენი დაშორების შემდეგ მალევე მოიყვანა ცოლად. მასთან შვილიც ჰყავს და როგორც ვიცი, ამ გოგოსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
ჩემი შვილები 24,17 და 11 წლის არიან და მამასთან კონტაქტი არ აქვთ, არც ჩემი ყოფილი მეუღლე ინტერესდება ბავშვების ბედით.
სამწუხაროდ, ქალების რაღაც ნაწილი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბოლომდე რჩება მოძალადის ოჯახში, თუმცა ბევრია ისეთი, ვინც ძალადობას თავს აღწევს და ცხოვრებას თავიდან იწყებს. ძლიერ ქალებს არ ეშინიათ წარსულის იარების და ახალი ცხოვრებისთვის იბრძვიან. სოფიო დანელიამ, მძიმე ძალადობის მიუხედავად, შეძლო და წარმატებულ ქალად იქცა. მას ბათუმში პატარა ბიზნესი აქვს და ქალბატონებს კიდევ უფრო ალამაზებს.


– ბანკის დახმარებით, ბიზნესი წამოვიწყე. მაქვს ესთეტიკის ცენტრი „კესანე-ბათუმი“, ასევე, „ესთეტიკის ცენტრი კესანე აკადემია“, სადაც დაინტერესებული პირებისთვის ესთეტიკის შემსწავლელი კურსებია. დავამთავრე საბუღალტრო კურსი და ვცდილობ, პარალელურად ამ საქმიანობითაც დავკავდე. ვერ ვიტყვი, რომ მარტივი ცხოვრებით ვცხოვრობ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მშვიდად ვარ ჩემს შვილებთან ერთად.
ჩვენთან საუბარში სოფიომ ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებსაც მიმართა:
– მინდა, თითოეულ ქალს, მამაკაცს ვუთხრა – არა ძალადობას!
ძალიან დიდი ენერგიის ხარჯზე, შეიძლება რაღაც დროით შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მაგრამ საბოლოოდ, მოძალადე ადამიანი არ იცვლება.
არ გაჩერდეთ ადამიანთან, ვინც გართმევთ პირად ცხოვრებას და თქვენზე ძალადობს. არ ღირს დროის კარგვა, დროულად უნდა დაშორდეთ და ცხოვრება მის გარეშე განაგრძოთ. დამიჯერეთ, ასე ბევრად უკეთესია. გაუფრთხილდით თქვენს და თქვენი შვილების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მე ვიყავი იქ, სადაც შენ ხარ ახლა, მე შევძელი და თავი დავაღწიე, შენც შეძლებ!

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • აგვისტო 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *