
გია დავითაძე: მეც წვლილი შევიტანე ,,საუკუნის პროექტის“ მშენებლობაში
2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკან დარჩა. ქვეყანაში არჩეული საკრებულოების წევრთა შორისაა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩეული მაჟორიტარი გია დავითაძე. მასთან საუბარი იმ პროგრამებსა და სიახლეებს შეეხება, თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად მომავალი 4 წლის განმავლობაში რომ უნდა განხორციელდეს.
– ბატონო გია, რა განწყობა გქონდათ, როცა 4 ოქტომბრის საღამოს მაჟორიტარული ოლქის ყველა უბანზე ხმები დაითვალეს?
– ეს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში პირადი წვლილის შეტანის შესაძლებლობაა. ჯერ კიდევ ახალგაზრდული ასაკი მაქვს. ორი ვაჟისა და ერთი ქალიშვილის მამას მსურს, ამომრჩევლის ნდობა გავამართლო, ვერ გეტყვით, რომ ეს 4 წელი ჩემთვის იოლი იქნება. დაბაძველში, ბესელაშვილებში, ჩანჩხალოში, სხეფში, დაბა შუახევსა და ოქროპილაურში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მაგრამ დაწყებული საქმეები გაგრძელებას მოიითხოვს. მჯერა, მუნიციპალიტეტის მერ ბატონ ომარ ტაკიძის, რომელსაც ამომრჩეველთა 91,5 პროცენტმა მხარი დაუჭირა, „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის სათავეში მყოფი იაგო დავითაძის (ის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია), მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელების თანადგომით, ამომრჩეველს ვალში არ დავრჩები.
– საკრებულოს 9 მაჟორიტარული ოლქიდან თქვენ და ზამლეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ავტორიტეტული მოწინააღმდეგეები გყავდათ...
– გეთანხმებით. ბატონი მერაბი შუახევსა და რეგიონში კარგი ავტორიტეტით სარგებლობს. ის მოქმედი საკრებულოს წევრი იყო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რიგებიდან. 4 წლის განმავლობაში ასრულებდა ხალხის რჩეულის მოვალეობას. 85 პროცენტამდე ამომრჩეველმა მხარი მაინც მე დამიჭირა, რაც დასტურია, რომ ისინი მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას მხარს უჭერენ. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ყველა ამომრჩეველს მადლობა გადავუხადო, რომლებმაც მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს. ბატონ მერაბს და მე მომავალი 4 წლის განმავლობაში ერთად მოგვიხდება მუშაობა შუახევის საკრებულოში. ის და ზვიად დიასამიძე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები იქნებიან.
– ამომრჩევლების სურვილები და წინადადებები როგორია? მთავარ მიმართულებად რა მიგაჩნიათ?
– მთაში ქართული სოფლის შენარჩუნება. ოღრიალის დასახლებიდან 40-მდე ოჯახი წინა საუკუნის 60-იან წლებში ჩაქვში გადაიყვანეს. დღეს აქაურობა გავერანებულია. ერთ დროს დაბაძველის, ბესელაშვილების, კლდისუბნის მცხოვრებლები ტერიტორიებს სათიბებად, შემოდგომაზე საქონლის საძოვრებად იყენებდნენ. ახლა ისიც მიატოვეს. არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი, სათიბი ფართობები გატყევდა, გარეული ცხოველების სათარეშო ტერიტორიად იქცა. ჩემი და მუნიციპალიტეტის ახლანდელი ხელმძღვანელობის ვალია, ოღრიალის ბედი არ გაიზიაროს თერნალმა, სხეფელამ, ღორექეთმა, აფხაკეთამ. გომარდულის სამთო-სათხილამურო კურორტად აღიარებამ, ბიზნესმენ ლევან მჟავანაძის წამოწყებამ მოსახლეობის ერთი ნაწილი დაამაგრა თერნალსა და ღორექეთში. ჩვენი ვალია, მეტი ლევან მჟავანაძის სადარი ბიზნესმენები მოვიზიდოთ, რომ მიტოვებულ-მივიწყებული ტერიტორიები აითვისონ, კუთხისთვის დამახასიათებელი მრავალწლიანი მცენარეები გააშენონ და შინაური ცხოველების სანაშენეები და სადგომები მოაწყონ, ფუტკარი მოამრავლონ. ეს გააკეთა ლევანმა ზვარეში და დაწყებულ საქმეს აგრძელებს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ ომარ ტაკიძის საქმიანობის მთავარი მიმართულება ტურიზმის განვითარებაა. საამისოდ ჩემს მაჟორიტარულ ოლქში მრავალი სიახლე იქნება. კურორტ გომარდულში მისასვლელი გზა სხეფელა-სხეფ-ღორექეთის ტერიტორიაზე გადის. დროა, ადგილობრივმა მოსახლეობამ მიბაძოს ქვეყნის სხვა რეგიონების მკვიდრებს, რომლებიც ანალოგიური კურორტების მისასვლელ გზებზე კვების ობიექტებს, სხვა ინფრასტრუქტურას აწყობენ. შუახევის ტურისტულ პოტენციალში მეტი დატვირთვით უნდა ჩავრთოთ ოქროპილაურის, ჩანჩხალოს, კავიანის ისტორიული ძეგლები, დანდალო-კლდისუბანი-დაბაძველი-უჩამბის ტურისტული ბილიკი, იგივე ოღრიალის ტერიტორია, რომელზეც შუა საუკუნეების საქარავნო გზა გადიოდა. მეტი ტურისტული ობიექტი მეტი ტურისტია, რაც შემოსავალს დაუტოვებს ადგილობრივ მოსახლეობას. ესეც ერთგვარი წინაპირობა იქნება მოსახლეობის დამაგრებისთვის. გაგრძელდება სოფლების, დაბა შუახევის ცენტრის კეთილმოწყობა. საამისოდ, 2012 წლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, თუმცა ერთი ადგილის ტკეპნა, გაკეთებულით თავის მოწონება არ გვარგებს. ისევ მისახედია დაბაძველის, ბესელაშვილების, სხეფის სარწყავი არხები, ჩანჩხალოს წყალსადენი. აღარაფერს ვამბობ დაბა შუახევის წყალმომარაგებასა და წყალარინებაზე, რადგან მიმდინარეობს მუშაობა დიდ პროექტზე, რომელიც დაბა შუახევისა და კიდევ 14 სოფლის წყალმომარაგებას გააუმჯობესებს. ყოფილმა მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ დაიწყო და შემდეგ ომარ ტაკიძემ გააგრძელა დაბა შუახევის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები, რაც მარტო საყრდენი კედლების მოპირკეთებით, ქუჩების სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგებით არ შემოიფარგლება. მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების შეკეთება, სახურავების გამოცვლა. მალე კულტურის ცენტრის შენობისა და დარბაზის რეკონსტრუქციაც დასრულდება და ეს შენობა თავის ფუნქციას დაიბრუნებს.
– დაბა შუახევის ცენტრში გადის ბათუმი–ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის ერთი მონაკვეთი. მის კეთილმოწყობაზე რა ინფორმაციას ფლობთ?
– ეს გზა რუსთაველის ქუჩაზე გადის. გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, ერთ ხანს შეჩერებული იყო საყრდენი კედლის კეთილმოწყობა. ახლა ეს სამუშაოები დასრულებულია. უკვე დაიდგა საგზაო ნიშნულები, დაიხაზა ზებრა-გადასასვლელები. საავტომობილო მაგისტრალის ხიჭაური-ჩანჩხალოს 9-კილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთებაც დამთავრდა. აღარ რთულდება ტრანსპორტის მოძრაობა კლდისუბნისა და ჩანჩხალოს კლდეებში. მეტიც, ხულო-ზარზმის მონაკვეთის სრული რეაბილიტაციის შემდეგ ტრანსპორტის მოძრაობა უფრო ინტენსიური იქნება. მგზავრი, ტურისტი დაბა შუახევშიც შეისვენებს და აქ არსებულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს, კვების ობიექტებში კი ადგილობრივი კულინარიისთვის მახასიათებელ კერძებს დააგემოვნებს.
– წლების განმავლობაში დაბა შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლად იმუშავეთ. იმ პერიოდს როგორ შეაფასებთ?
– ეს იყო მოსამზადებელი პერიოდი წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად. ყველას გათავისებული გვაქვს ქართული ანდაზა: ,,რასაც დასთეს, იმას მოიმკი“, ვიტყვი, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობაში შეცდომები არ მქონია. ისინი გვერდით მედგნენ და მწამს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც ასე იქნება. ჩვენი წინაპარი შუახევში ღორჯომის ხეობიდან დამკვიდრდა. იმ დროიდან მოყოლებული, კარგი ავტორიტეტი მოვიხვეჭეთ. ბაბუა, მამაჩემი ამ ავტორიტეტით მოდიოდნენ, ამ გზას მეც ვაგრძელებ. დასტურად სტატისტიკასაც მოვიშველიებ: 4 ოქტომბერს უბნებზე გამოცხადებული 1156 ამომრჩევლიდან 951-მა ამომრჩეველმა ხმა მე მომცა. უბნებზე ამომრჩეველთა გამოცხადების მაჩვენებელი 65 პროცენტზე მეტი იყო. წინა თანამდებობაზე მუშაობის წლებში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ჩვენი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზეა შუახევიჰესის გამშვები სადგური, სადაწნეო გვირაბი, სოფლებზე გადის გვირაბის მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლა ეს ჰესი გამართულად ოპერირებს და ქვეყნის ენერგოსისტემას დენს აწვდის. მის მშენებლობას რიგი გაუგებრობები იყო, მაგრამ ობიექტური და დროული ჩარევით ბარიერები დავძლიეთ. წლების გადასახედიდან სიამაყით ვიტყვი, რომ მეც შევიტანე წვლილი,,საუკუნის პროექტის“ მშენებლობაში.
– სამი შვილის მამა საგანმანათლებლო დაწესებულებებზე რას იტყვით?
– რატომღაც ბაგა-ბაღების, სკოლების საქმიანობაზე სიტყვა არ მითქვამს. თემის რწმუნებულად მუშაობის პერიოდში დაბა შუახევში ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი სკოლის შენობა. ჩანჩხალოში ახალი ბაგა-ბაღი აიგო და სკოლამდელი დაწესებულება იმ დღიდან მუშაობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეკეთდა დაბაში არსებული ბაგა-ბაღის შენობა. ნორმალური მატერიალური ბაზა აქვს ჩანჩხალოს სკოლას, შეკეთდა სხეფის სკოლის შენობაც. გულსატკენია, რომ ამ სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტი მინიმუმამდეა დასული. იმედი მაქვს, სოფლები დაცარიელებას გადაურჩება.
ოთარ ცინარიძე