
გიდების ტრენინგ-კურსი დაიწყო
აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგ-კურსი მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფასო სამთვიან სასწავლო პროგრამაში 25-ზე მეტი გიდის პროფესიით დაინტერესებული პირია ჩართული. ამჟამად მათ ლექციები კულინარიის მიმართულებით უტარდებათ.
დეპარტამენტის ცნობით, ბრენდშეფმა დადუნა ღლონტმა და კულინარიის ექსპერტმა ქეთი კვიჭიძემ გიდებს აჭარული სამზარეულოსა და თევზეულის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
,,ტრენინგის ფარგლებში, გიდები სტუმრობდნენ თევზის ბაზარსა და რესტორანს, სადაც ბათუმში არსებულ თევზის სახეობებსა და მათგან მომზადებულ კერძებს გაეცნენ.
დამწყები გიდების გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა~, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.