გიორგი ბალახაშვილი: საკუთარ სახლში – სოხუმში მინდა…
By

გიორგი ბალახაშვილი: საკუთარ სახლში – სოხუმში მინდა…

გიორგი ბალახაშვილი სოხუმშია დაბადებული. როცა 1992 წელს, სოხუმი მამასთან ერთად დატოვა, ხუთი წლის იყო. 13 წლის ასაკში დაიწყო ლექსების წერა. სპეციალობით პოლიტოლოგია. უკვე ლექსების ორი კრებულის ავტორია. ამჟამად საქართველოს ფოსტაში მუშაობს. წელს მეორედ ჩამოვიდა აჭარის მთიანეთში და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში „ზე-კართან“. გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი ბალახაშვილთან.

– 5 წლის ვიყავი, ჩვენი სახლის წინ ყუმბარა რომ ჩამოვარდა და მრავლობითი ჭრილობები მიიღო ჩემმა დამ. დედამ ბავშვს ხელი სტაცა და პირველივე საავადმყოფოში გააქანა, მაგრამ უთხრეს, რომ ვერაფერს უშველიდნენ და თბილისში გადმოფრინდა. მე მარტო დავრჩი სახლის სარდაფში, რადგან მამა იბრძოდა. როდესაც სახლში მოვიდა და ყველაფერი ვუამბე, დამავლო ხელი და დავადექით ჭუბერის გზას. მახსოვს უღელტეხილი, სიცივე, თოვლი, მიცვალებულები, რომელთა შორისაც მოვაბიჯებდით ზღვა ხალხთან ერთად… თბილისში რომ ჩამოვედით, დედას და თამუნას სამთო ქიმიის შენობაში მივაკვლიეთ. მაშინ იქ ბავშვთა საავადმყოფო იყო. თამუნა ჯერ კიდევ კომაში იყო, მაგრამ ღვთის წყალობით, გადარჩა. დღეს ცხოვრებას და შრომას ჩვეულ რიტმში აგრძელებს. მას ნამსხვერი ჰქონდა მკერდის არეში მოხვედრილი. შემდეგ შაქრის თუ პურის რიგში მდგომები, ერთმა ღვთისნიერმა კაცმა შეგვამჩნია და გამოგვეცნაურა. როდესაც ჩვენი ისტორია მოისმინა, თავისთან წაგვიყვანა და დაგვაბინავა.

EWAN BARKHO PHOTOGRAPHY

– ვინ იყო ეს ღვთისნიერი პიროვნება?

– ეს ადამიანი ბიძინა მიხელიძეა. მთელი ცხოვრება მემახსოვრება ამ ადამიანის სიკეთე. თამუნა მომჯობინდა, ბატონმა ბიძინამ ერთი ოთახი გამოგვიყო ელექტრომშენი ქარხნის სანატორიუმში, სადაც სხვა დევნილებიც ცხოვრობდნენ. დედა, მამა, თამუნა და მე ერთ ოთახში, დაახლოებით 15 კვადრატულ მეტრში ვცხოვრობდით, ძალიან გაუსაძლის პირობებში, მაგრამ არ გვათოვდა და გვაწვიმდა. სამწუხაროდ, ბატონი ბიძინა რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს. მისგან ვისწავლე თანადგომა და ადამიანების გატანა. სულ ვცდილობ, მისი გაკეთებულის დაფასებას, თუ ვინმეს წავაწყდები, დახმარებასა და თანადგომას არ ვაკლებ. შემდეგ მამა ძველ პროფესიას დაუბრუნდა, აფხაზეთის განათლების სამინისტროში დაიწყო მუშაობა, სადაც ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერიონი“, რომელიც დღემდე აგრძელებს არსებობას და მისი ხელმძღვანელი მამას მეგობარი ბადრი უგრეხელიძეა.

– როგორ გახსოვთ სოხუმი?

– ბუნდოვნად. მახსოვს, დედას გავყავდი ზღვის სანაპიროზე და მასეირნებდა. მახსოვს ზღვისპირა სახლიც, სადაც მუდამ სტუმრიანობა იყო. მინდა დავბრუნდე სოხუმში და თბილისური ცხოვრება სასიამოვნო მოგონებად დამრჩეს. ვიცი, უთბილისოდ ცხოვრება ძალიან გამიჭირდება, მაგრამ საკუთარ სახლში – სოხუმში მინდა.

– თუ გახსოვთ პირველი ლექსის სტრიქონები?

– როგორ არა: „მე ჩიტის ფრენის ყოველთვის მშურდა, მშურდა იმიტომ, რომ ფრენა მსურდა. ჩიტი, რომ მკითხავს შენ რა გწადია? მე ვპასუხობ: რომ ფრენა მწადია“. ლექსებს მამაც წერდა, მაქვს ძველი რვეულები მისი ხელნაწერი ლექსებით. დედა პროფესიით პედაგოგი, ფილოლოგია. ისიც წერდა თურმე ახალგაზრდობაში. სიყვარულმა დამაწყებინა ლექსების წერა. სტუდენტობისას ერთი გოგო შემიყვარდა „ნამეტნავად“ და.. არ მიმიშვა თავისთან. ახლა მეგობრები ვართ.

– ვინ იყო თქვენი ლექსების პირველი შემფასებელი?

– პირველი ლექსების წამკითხველი, შემფასებელი და გამსწორებელიც დედა გახლდათ. უკვე ორი პოეტური კრებულის ავტორი ვარ . პირველი კრებული რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა, მეორე გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა შარშან, მისი სახელწოდებაა „თილისმა“. წარდგენილი იყო ივანე მაჩაბლის პრემიაზე, ასევე, არის ლიტერატურული კონკურსის „ქუჯის“ წლის საუკეთესო კრებული. რამდენიმე წლის წინ მწერალთა კავშირმა ჩაატარა ახალგაზრდა პოეტთა კონკურსი „მერანი“. მეც მივიღე მონაწილეობა. სამწუხაროდ, საპრიზო ადგილებზე ვერ გავედი. თუმცა შემდგომში ამ კონკურსმა სისტემატური ხასიათი მიიღო და ყოველ წელს ჩემი ლექსები შეაქვთ კრებულში. როდესაც „გალაკტიონობა 2010“ ჩატარდა, დიდი პოეტისადმი მიძღვნილ საკონკურსო ლექსთა შორის იყო ჩემი ლექსიც, რომელიც საუკეთესო ათეულში შევიდა. ხალხმა მეტ-ნაკლებად გამიცნო და ჩემი მკითხველი შევიძინე. მათ შორის პოეტები, რომელთა აზრი ძვირფასია ჩემთვის.

ვის გამოარჩევდით?

– ბევრი კარგი პოეტი გამოიკვეთა დღეს საქართველოში: გიორგი საჯაია, რობერტ მესხი, რეზო გეთიაშვილი, ლელა სამნიაშვილი. ბევრიც ფესტივალებზე გავიცანი. ყველას ჩამოთვლა რთულია.

– მეორედ მონაწილეობთ ფესტივალში „ზე-კართან“. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ?

– ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ხშირად ბედნიერებისთვის მცირედიც კი კმარა. ჩემი აზრით, ბედნიერებაა, როცა გახარებს თითოეული დღე, რომელსაც გაატარებ საყვარელ ადამიანებთან ერთად, ბედნიერებაა, როცა გიყვარს და უყვარხარ ყოველგვარი ანგარების გარეშე. ბედნიერებაა, როცა სოფლებში გაღიმებულ სახეებს ხედავ… ფესტივალი „ზე-კართან“ ადამიანებს შორის სიყვარულის, ურთიერთობების გაღვივებაა. გავიცანი და დავიმეგობრე რამდენიმე ადამიანი. მხიბლავს ამ კუთხის შესანიშნავი ხედები და ისტორიული წარსული, რომელიც უშუალოდ ლიტერატურასთანაა შერწყმულია. ფესტივალი ბუნებისა და ლიტერატურის სინთეზია. მიხარია, რომ მეორედ მომეცა შესაძლებლობა, ვიყო აქაურობის სტუმარი. თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ პირადი შემოქმედებით ფესტივალს ჩემი წილიც შევმატო.

– ფესტივალის ფარგლებში გამართულ რომელ შეხვედრას გამოარჩევდით?

ქართველი და უცხოელი მეცნიერები კარგად იცნობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მომწერს, ქართველოლოგს, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს. მისი სახელობის შუბნის სკოლასა და შემდეგ საფუტკრეთში, ბატონი ტარიელის ეზოში გამართული ღონისძიებები დაუვიწყარი იქნება.

დასკვნით ღონისძიებაზე რამდენიმე მონაწილის ყაბალახით შემოსვლის ცერემონია იმართება. არ გიჩნდებათ სურვილი, რომ თქვენც იყოთ ყაბალახოსანი?

– ეს სურვილი კი არა წყურვილია – მეც მინდა ვიყო ყაბალახოსანი, მით უმეტეს, აღნიშნულ სიტყვას პირველ მარცვალს თუ ჩამოვაშორებთ, რჩება ბალახოსანი. ყველა „ბალახას“ მეძახის და ბარემ ყაბალახოსანიც ვიქნები. ფესტივალის ორგანიზატორი ვახტანგ ბერიძე დამპირდა: გაისად თუ მეუღლესთან ერთად ვიქნები, ის ფატით, მე კი მის მიერ ბოძებული ყაბალახით გავალამაზებთ ფესტივალს.

– „ბალახა“ ლიტერატურული ფსევდონიმია თუ. . .

– ეს უბნის ბიჭების შერქმეულია. მიყვარს ისინი. დედაც კი ბალახას მეძახის. ჩემთვის, რაც გულიდან მოდის, მისაღებია.

– გატყობთ, იუმორის კარგი გრძნობა გაქვთ. . .

– ყველა ლექსშიც კი შემიძლია იუმორის ნაპერწკალი გავაღვივო, ასეთ შემთხვევაში, შერჩეული ლექსის სტრუქტურას არ ვცვლი, ძირითადად, რითმაზე და სტროფების გაშარჟებაზე ვმუშაობ. ვცდილობ, ლექსი ყველასათვის ნაცნობი და მრავალგზის წაკითხული იყოს, რათა შემდგომ უფრო გაუადვილდეს დედანისა და იუმორისტული ასლის შედარება.

რა თქმა უნდა, იუმორის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის არსებობა. ამბობენ, როგორც ხუმრობ, ისე ცხოვრობო. უყვართ ჩემი იუმორი, პრობლემებს ცოტა ხნით ვივიწყებ და გარშემო მყოფებსაც ვავიწყებ.

– მსურს საუბარი საყვარელი ლექსით დაასრულოთ.

– „მერანის“ მიერ გამოცემული კრებული ვახსენე, იქაა შეტანილი ლექსი „თოლია“.

ფერმკრთალი ზეცა – ნამარტალი დღეების ფონზე,

ჭეშმარიტების ძიებაში დაღლილ თოლიებს გაიყოლიებს…

იქ, სადაც სივრცე შემართების არის საბაბი,

ერთ ხელის გულზე იშლებიან: ადის აბება და ნეაპოლი.

პარიზის გასწვრივ, მერვე ოლქში, სადაც ლუვრია,

დღეს თოლიები კონკორდიდან ფერხულს უვლიან შარლ დე გოლამდე.

მეც თოლია ვარ, მესიზმრები, ასჯერ, ათასჯერ,

ყველა ცათამბჯენს გადმოვუფრენ, კოცნით დამსაჯე, სული მომანდე!

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *