გიორგი ბაჩიაშვილი – მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე
By

გიორგი ბაჩიაშვილი – მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად მსჯავრდებულიც  ესწრება.

„მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით. საგულდაგულოდ, ქსნის საპყრობილიდან ჩამოიყვანეს ჯალათი, პირდაპირ გაიღო კამერის კარი, დამიწყო გინება და ცემა, შუშით დამუქრება. გამიტეხა თავი, ხელი გამიჭრა და კიდევ  მრავალი  სხვა დაზიანებაც მაქვს მიღებული. არც კამერები წარმოუდგენია ჩვენთვის ჯერჯერობით არავის და არც დაზარალებულად მაღიარეს. ჩამიკეტეს გარეთ წვდომა, ადვოკატთანაც კი ამიკრძალეს დარეკვის უფლება. რატომ? იმიტომ, რომ როცა შემოიყვანეს ის ნაძირალა ჩემს საწამებლად, რომ ვერ დამერეკა. 63 საათი არ უშვებდნენ ადვოკატს ჩემთან“, – განაცხადა  გიორგი ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე.

ბაჩიაშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყნის დატოვებაზე. განმარტა, რომ ეს არ სურდა, მაგრამ იძულებული გახდა.

„პროცესი ჩემს გარშემო 2 წლის წინ და დაიწყო მაშინ, როცა ჯერ კიდევ არსებობდა ქვეყანაში დემოკრატია, მაგრამ შემდეგ დაიწყო შურისძიება. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. მე ნული მაქვს მართლმსაჯულების მიმართ ნდობა, არ დარჩა არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მიმართ ნდობა მაქვს. ეს გასამართლება პოლიტიკური შეკვეთის მცდელობაა. მე მაშინ მომინდა ქვეყნიდან წასვლა, როცა წერილი მომივიდა, რომ ციხეში გაგჭყლიტავო.

თვითმფრინავში დამხვდა ანრი ოხანაშვილი, სადაც მე ტომარაჩამოფარებული ვიყავი. ვითომ თეთრი ბოტასებითა და მაისურით რომ მიპოვეს, არის ტყუილი. ამ საქმეზე არავინ დაკითხულა და არც არანაირი პროცედურა ჩატარებულა. ჩემი გატაცების ამბავში ჩართული იყო სუს-ი და „აირზენა“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

სააპელაციოში პროცესი დღეს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მიმდინარეობს, სადაც გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საუბარია განაჩენზე, რომლითაც ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დაეკისრა. მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება.

საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. ბაჩიაშვილი ამ საქმეზე საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

  • No Comments
  • ივლისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *