გიორგი გახარია: ირაკლი კუპრაძის კანდიდატურა სრულად მისაღებია ჩვენი გუნდისთვის
By

გიორგი გახარია: ირაკლი კუპრაძის კანდიდატურა სრულად მისაღებია ჩვენი გუნდისთვის

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ კანდიდატები ერთმანეთს არცერთ მუნიციპალიტეტში არ დაუპირისპირდებიან. გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის მერის თანამდებობაზე შეთანხმებული კანდიდატი ირაკლი კუპრაძე სუფთა რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსია.
„ლელო – ძლიერი საქართველოსთან“ ერთად წარვადგინეთ თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და ვიცე-მერობის შეთანხმებული კანდიდატები. ამით შედგა ჩვენი შეთანხმების პირველი ეტაპი, დაპირება, რომელიც ქართულ საზოგადოებას მივეცით. თბილისის მერის თანამდებობაზე შეთანხმებული კანდიდატი ირაკლი კუპრაძე არის ახალგაზრდა პოლიტიკოსი სუფთა რეპუტაციით, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც სხვადასხვა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლ ადამიანს. მისი კანდიდატურა სრულად მისაღებია ჩვენი გუნდისთვის.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი პარტიის კანდიდატი, გიორგი შარაშიძე, არის გამოცდილი და პრინციპული ლიდერი, რომელსაც საზოგადოება იცნობს როგორც პროფესიონალს, სანდო და კეთილსინდისიერ ადამიანს, რომელიც ემსახურება თბილისს და მის მოსახლეობას. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ პარტნიორობას „ლელოსთან“ და მამუკა ხაზარაძესთან, ეს ურთიერთობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურა, რომელიც თბილისისა და საქართველოს მცხოვრებლებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა აყენებს. ჩვენი ორი პოლიტიკური ძალიდან არცერთი კანდიდატი არ დაუპირისპირდება ერთმანეთს საქართველოს არცერთ მუნიციპალიტეტში – ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ორი განსხვავებული პარტია შეიძლება დადგეს ერთად, როდესაც ქვეყნის ევროპული მომავალია დასაცავი“, – წერს გახარია.

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *