
გიორგი მასალკინი: ყოველნაირად შევეცდები, რომ არ ინანოთ ეს თქვენი გადაწყვეტილება
ბათუმის საკრებულოს არჩეულმა დეპუტატმა ,,გირჩიდან“ გიორგი მასალკინმა 2360 ბათუმელს, ვინც მის პარტიას მხარი დაუჭირა, მადლობა გადაუხადა.
,,4 ოქტომბრის მოვლენების სრულფასოვანი შეფასებისგან ჯერ თავს შევიკავებ. შემდეგ, უფრო ცივი გონებით, უნდა ვიფიქრო იმაზეც, არის თუ არა დაპატიმრება და ციხე ერთგვარი ინდულგენცია იმათთვის, ვინც ქვეყნისთვის საზიანო საქმიანობას ეწევა, მით უმეტეს, როდესაც ამ საქმიანობას პროვოკაციის სუნი ასდის. 4 ოქტომბრის შეფასებებში ისევ ისმის არაადეკვატური შეფასებები, ძირითადად, პოლიტიკური სპექტრისგან და პოლიტიკური მედიისგან, რომელიც ცდილობს რა მთავარი პოლიტიკური აქტორის როლის მორგებას, სერიოზულ პრობლემად იქცა ქვეყნისთვის (გამონაკლისიც არსებობს, ბუნებრივია). ამავე დროს, ყური მოვკარი რამდენიმე განცხადებას, ძირითადად, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისგან, რომლებიც საღი აზროვნების და შექმნილი სიტუაციის ადეკვატური შეფასების იმედს იძლევიან.
ყველას, თითოეულს, 2360 ბათუმელს, ვინც უზრუნველყო „გირჩის“ სიის პირველი ნომრის, ანუ ჩემი გაყვანა ბათუმის საკრებულოში, დიდი და გულწრფელი მადლობა „გირჩის“ და ჩემი სახელით. ყველანაირად შევეცდები, რომ არ ინანოთ ეს თქვენი გადაწყვეტილება!“ -, აღნიშნა საკრებულოს არჩეულმა დეპუტატმა გიორგი მასალკინმა.