
გიორგი ჩაკვეტაძე – ოპოზიციური ძალა ერთიანად რომ გამოვიდეს არჩევნებზე, ჩვენ მაინც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ
თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ცნობილია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და კოალიცია „ცვლილებისთვის“ არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება პარტია „საქართველოსთვის“მზადება დაწყებული აქვთ. პარტია „ლელო-ძლიერი საქართველო“ კი კვლავ მოლაპარაკებებს მიმართავს და მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვინც უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, „ქართული ოცნება“ უპირობოდ გაიმარჯვებს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაკვეთებს გარედან ელოდებიან.
„ოპოზიციური ძალა ერთიანად რომ გამოვიდეს არჩევნებზე, ჩვენ მაინც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. გვაქვს მიზანი, რომ გავიმარჯვოთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერების, ისე საკრებულოებში.
როგორი ინსტრუქციაც ექნებათ, ზუსტად ისე იმოქმედებენ. თუ ეტყვიან, ოთხივე მიიღებს მონაწილეობას, თუ ეტყვიან, არცერთი არ მიიღებს მონაწილეობას, ან თუ იქნება რაღაც შეთანხმება, შეიძლება „გაერთიანდნენ“ და ასე გამოვიდნენ არჩევნებზე. მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის ნება, მათ აქვთ საერთაშორისო პატრონების დღის წესრიგი“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.