
გმირებს პატივი მიაგეს
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს – დღეს, 8 აგვისტოს დილიდანვე აჭარის მთიანეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალტეტების მკვიდრთაგან ომის დღეებში ქართულ ჯარში 2500-მდე ჭაბუკი მსახურობდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მთიანი აჭარის ინტელექტკლუბმა“ მოიძია იმ ახალგაზრდების სია, რომლებიც აჭარის მთიანეთში იყვნენ დაბადებული, მაგრამ ქართულ ჯარში სხვა რაიონებიდან გაიწვიეს და სიცოცხლე ბრძოლის ველზე დატოვეს. მათი რაოდენობა 20-ზე მეტია ბრძოლის ველზე დაიღუპნენ და მშობლიურ მხარეში განისვენებენ მერისელი ფრიდონ თურმანიძე (ქედა), ბარათაულელი ამირან მამალაძე, ბუთურაულელი იაგო მიქელაძე (შუახევი), ირემაძეებელი მერაბ ჭელიძე, ბეღლეთელი ნადიმ ართმელაძე (ხულო).
ქვეყნის, რეგიონის საკანონმდებლო, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები 17 წელია, ხსოვნის მემორიალებთან, აგვისტოს ომის გმირების საფლავებთან მიდიან და მათ გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ, წუთიერი დუმილით გმირების ნათელ ხსოვნას პატივს მიაგებენ.
მერისში იყვნენ და ფრიდონ თურმანიძის საფლავი გვირგვინითა და ყვავილებითა შეამკეს საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ანზორ ბოლქვაძემ, მამუკა თურმანიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ.
შუახევში – ზამლეთში, ხიჭაურსა და ნაჭივრზე სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალებია. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, მისი მოადგილეები გიორგი დავითაძე, გიორგი კეკელიძე, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები მემორიალებთან, ამირან მამალაძისა და იაგო მიქელაძის საფლავებთან მივიდნენ და პატივი მიაგეს აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას. ომარ ტაკიძემ იაგო მიქელაძისა და ამირან მამალაძის დედებს ეთერ დავითაძესა და მარინე მიქელაძეს სამახსოვროდ გადასცა პუბლიცისტ ოთარ ცინარიძის წიგნები – „ქალი-სიცოცხლის, სიყვარულის, ცხოვრების აისი“.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ ბერიძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ნადიმ ვასაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, საკრებულოს დეპუტატებმა, აგვისტოს ომის გმირების თანამებრძოლებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა ირემაძეებში, ბეღლეთში, სხალთაში, კვატიასა და ვერნებში გვირგვინები, ყვავილები მიიტანეს მერაბ ჭელიძისა და ნადიმ ართმელაძის საფლავებთან, წაბლანელი ასლან შაინიძის, კვატიელი თეიმურაძ ბერიძის, ვერნებელი მალხაზ აბაშიძის მემორიალებთან და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. შუახეველი (სოფელი ქარაპეტი) რომან ზოიძის მსგავსად, თეიმურაზისა და მალხაზის საფლავები მუხათგვერდისა და სხვა საძმო სასაფლაოებზეა. სამივენი მემორიალებში არიან გაცოცხლებულნი.