„გმირის სიმღერა“ – პრემიერა თოჯინების თეატრში
By

„გმირის სიმღერა“ – პრემიერა თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში, აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების კონკურსის ფარგლებში, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლის „გმირის სიმღერა“ პრემიერა გაიმართა. იგი რეჟისორმა და მუსიკოსმა გია დიასამიძემ დადგა და მისივე შექმნილი მუსიკალური კომპოზიციით გააფორმა.

სპექტაკლი „გმირის სიმღერა“, რომელშიც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, ერთი ქალაქის მშვიდობიანი ცხოვრებისა და შეყვარებული წყვილის ისტორიას ეხება. მუსიკალურ-თეატრალური ფორმით წარმოდგენილი ამბის მთავარი გზავნილი მშვიდობის იდეისა და ადამიანური ფასეულობების აღქმა-გადაფასებას ეფუძნება.

სპექტაკლის ჩვენების პარალელურად, თოჯინების თეატრის ჰოლში მოეწყო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა ნახატების გამოფენა.

პროექტის მიზანია ხელოვნების სასცენო დარგის განვითარება, სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალის სტიმულირება, ხელოვანთა ხელშეწყობა, საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებში სხვადასხვა პროექტის წარდგენა.

ცნობისთვის, აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში 25 შემოქმედებითი პროექტი განხორციელდება, რაც რეგიონში კულტურული დინამიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

 

  • No Comments
  • ივლისი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *