გოგონებს გამოფენას მოუწყობენ
წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში საშუალო სკოლა მოქმედებს. დროის ამ მონაკვეთში სკოლამ 1200-ზე მეტ ახალგაზრდას დაულოცა ცხოვრების დიდ გზაზე გასვლა. დღეს 300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს აქ. ნაწილი შემოქმედებით საქმიანობაშიც აქტიურადაა ჩართული. მათ შორისაა მეცხრე კლასის მოსწავლე ელენე ვაშაყმაძე. იგი ხატვითაა გატაცებული. ყველაზე მეტად, შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის გმირების ხატვა უყვარს.

სკოლის დირექტორ მიხეილ ხალვაშის სამუშაო ოთახს ამშვენებს ელენეს მიერ შესრულებული შოთა რუსთაველის პორტრეტი.
– ელენე ვაშაყმაძე გამონაკლისი არაა. მეთერთმეტეკლასელი თეონა პაქსაძეც კარგად ხატავს. ეს გოგონები აკადემიური მოსწრებითაც გამორჩეულები არიან. ორივეს მიზანია, გატაცება მომავლის საქმიანობად აქციონ. თეონა სწავლის გაგრძელებას სამხატვრო აკადემიაში აპირებს. ალბათ, ელენეც ამ გზას აირჩევს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მათი ნახატების გამოფენის მოწყობა გადავწყვიტეთ, – გვითხრა მიხეილ ხალვაშმა.
ცოტნე ცაბაძე