გორში სასმელი წყალი გამოჰყავთ
By

გორში სასმელი წყალი გამოჰყავთ

დაარსებიდან 100 წელი უსრულდება შუახევი რაიონის სოფელ გორს (კოროჭი). კეთილმა ადამიანებმა ერთ დროს მიგდებული და ბუჩქნარად არსებული ტერიტორია ბაღნარად აქციეს. გორში მოქმედებაშია საჯარო სკოლა, ალტერნატიული ბაღი.
– იყო რამდენიმე მცდელობა, რომ სოფელი სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგებულიყო, მაგრამ არ გაგვიმართლა. ერთგან მეწყრული პროცესები განვითარდა და წყალი საერთოდ დაიკარგა. ზედაპირული წყაროებიც გიგანტურმა მშენებლობებმა შეიწირა. ამ სოფლის მკვიდრს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მოსახლეობა მთხოვდა ალტერნატიული ვარიანტის გამონახვას. შუახევის მუნიციპალიტეტის მერ ომარ ტაკიძის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ფრიდონ ფუტკარაძის დახმარებითა და თანადგომით, სოფელ მახალაკიძეების ტერიტორიაზე, კერძოდ, მთა სანალიას ერთ ფერდობზე არსებული წყაროს გამოყვანა დღის წესრიგში დადგა, – გვითხრა სულიკო ფუტკარაძემ.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთ მილიონზე მეტი ლარი გამოიყო. 11 კილომეტრიდან ლითონის მილებით სასმელი წყლის გამოყვანის სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა შპს „ალფონსომ“ ითავა (ხელმძღვანელი ანზორ აბაშიძე).
პროექტი სათავე ნაგებობის მოწყობას, თხრილებში ლითონის მილების ჩაწყობას ითვალისწინებს. მშენებლობაზე დასაქმებული მექანიზატორები, შემდუღებლები და სხვა სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ. რიგ მონაკვეთებზე მთავრდება მიწის გრუნტის დამუშავება და ლითონის მილების შედუღება-ჩაწყობის სამუშაოები.
– მერის მოადგილე გურამ ზოიძესთან, საკრებულოს წევრ სულიკო ფუტკარაძესა და მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გორში სასმელი წყლის გამოყვანის სამუშაოები მოვინახულეთ. შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და ახლანდელი ტემპი იმედს იძლევა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გორელები სასმელ წყალს მიიღებენ, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • აგვისტო 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *