გოჩა მიქელაძე: მსურს, ყველა ახალგაზრდას მეგობრის პოზიციიდან მივუდგე
By

 გოჩა მიქელაძე: მსურს, ყველა ახალგაზრდას მეგობრის პოზიციიდან მივუდგე

შუახევის მუნიციპალიტეტში ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეული ოთხ მრავალკომლიან სოფელს აერთიანებს. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება ,,ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო ამ ადმინისტრაციულ ერთეულში შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად სოფელ ნენიის მკვიდრი, პროფესიით იურისტი, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე გოჩა მიქელაძე წარადგინა. იგი მომავალ საქმიანობაზე გვესაუბრა.

– იყო შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საპატიო და საპასუხისმგებლოა. ფურტიო, ნიგაზეული, ბუთურაული და ნენია ამომრჩეველთა რაოდენობით გამორჩეული სოფლებია. ჩემი უპირველესი საზრუნავი იქნება, ვიყო ამომრჩეველთა ინტერესების დამცველი სახელისუფლებო ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებში. გათავისებული მაქვს, რომ მთის სოფელი, ყოველი ოჯახი, თითოეული მცხოვრები განსაკუთრებულ მზრუნველობას და თანადგომას საჭიროებს. თანამედროვე გამოწვევები ახლებურ მიდგომას ითხოვს. ამომრჩეველთა მხარდაჭერის შემთხვევაში, ყოველდღიური, ენერგიული მუშაობა მელოდება. ფურტიოელი იაგო დიასამიძის, ამირან ბერიძის, ნიგაზეულელი გიორგი კეკელიძის სახით ღირსეული წინამორბედები მყავს. მათი მდიდარი გამოცდილება უნდა გავიზიარო და მოსახლეობისადმი ჩემი გულისხმიერი დამოკიდებულებით გავამდიდრო.

რა პროგრამებისა და პროექტების გადაჭრის მოლოდინში ხართ?

– ქვეყნის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მთავარ მიმართულებად კვლავ რჩება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, სულიერად ჯანსაღი და ფიზიკურად მომზადებული თაობის აღზრდა. ვიზრუნებ, რომ გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე ქვეყნის ხელისუფალი გამორჩეულ ყურადღებას საგანმანათლებლო კერების გამართულობას, სპორტული ობიექტების მშენებლობა-კეთილმოწყობას უთმობს. ნიგაზეულში, ნენიაში, ფურტიოსა და ბუთურაულში გვაქვს ღია ტიპის მინისპორტული მოედნები, სპორტული დარბაზებია სამი სოფლის სკოლების შენობებში. ფურტიო ის სოფელია, სადაც 30 წლის წინ რაგბის გუნდი ჩამოყალიბდა. სოფელში დღესაც დიდი ყურადღება ეთმობა სპორტის ამ სახეობის განვითარებას. სათანადო ორგანოების საქმის კურსში ჩაყენებითა და ახალი ძალისხმევით უნდა შევძლოთ, რომ ამ სოფელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რაგბის სტადიონი ჰქონდეს. ქართული, თავისუფალი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობები, ძიუდო ის სახეობებია, რომლებშიც ქართველი ჭაბუკები და გოგონები კარგად წარმოჩნდნენ. ოთხივე სოფელში არის რესურსი, რომ წარმატებული მოჭიდავეები გავზარდოთ. საზოგადოებას მინდა შევახსენო ნენიელი მოჭიდავე ვაჟა მიქელაძე, რომელსაც ღონე და ოსტატობა მოუწონა ლეგენდარულმა ლევან თედიაშვილმა. ვაჟა ლევანის წონაში ასპარეზობდა. ერთ დროს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრები იყვნენ ფურტიოელი მორაგბეები. ჩვენი ვალია, სპორტში, ეროვნული მეურნეობის დარგებში წარსულში მოპოვებული წარმატებები ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ.

რამდენიმე წელი შუახევის რესურსცენტრში საქმიანობდით. თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს განათლების სისტემაში?

– მთის რაიონში პროფესიულ განათლებას მეტი სარბიელი უნდა მიეცეს. იყო დრო, როცა თითოეულ სოფელს მჭედელი, ხურო, კალატოზი ჰყავდა. შუახევში მხოლოდ სოფელ ქიძინიძეებშია სამჭედლო. ზოგიერთები შემომედავებიან, 21-ე საუკუნეში მჭედელი რაღა საჭიროაო… ყველაფრის უარყოფა მდიდარი წარსულის მივიწყების ტოლფასია. ორ საუკუნეზე მეტს ითვლის ფურტიოში იუნუს ბერიძის კუთვნილი სახლი. ის ლაზი ოსტატის მიერაა აშენებული და მნახველს იზიდავს. არანაკლებ საინტერესო ხის საცხოვრებელი სახლები გვაქვს ნიგაზეულში, ნენიასა და ბუთურაულში. შუახევში თითქმის ყველა სოფელში ნორმალურია საგანმანათლებლო ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გვყავს კვალიფიციური პედაგოგები. მთავარია, მოსწავლეთა კონტინგენტის შენარჩუნება. სკოლების პედაგოგიური კადრებით დაკომპლექტების საქმეში, უდავოდ, დიდია საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტის როლი. ამ საგანმანათლებლო კერამ ჩვენი „ოქროს ფონდის“ სხვა ქვეყანაში გადინებაც მნიშვნელოვნად შეაჩერა. ვსარგებლობ თქვენი გაზეთით და მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის რექტორს, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონს იმ ეროვნული მიდგომისთვის, რასაც ის უნივერსიტეტის მიმართ იჩენს.

სტიქიურმა პროცესებმა მოსვენება დაუკარგა ბუთურაულელებს, სტიქიამ არც ნიგაზეული დაინდო

– ამ მხრივ, ბუთურაულსა და ნიგაზეულში ერთ დროს გაუსაძლისი მდგომარეობა გვქონდა. ჩვენი მხრიდან პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხებია მობილიზებული ფერდსამაგრი კედლების, სანიაღვრე არხების, გაბიონების, ჯებირების მშენებლობებისთვის. ქვეყნის, რეგიონის ხელმძღვანელობა გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე, სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს მატერიალურად ეხმარება. მნიშვნელოვანი თანხებია მობილიზებული საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოებზე.

სტუდენტის მამა ხართ. ახალგაზრდობასთან ურთიერთობის რა ფორმებს ირჩევთ?

– შვილმა მარიამ მიქელაძემ საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა დაამთავრა და მშობლიური ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ქულების მაქსიმუმი დააგროვა. სხვა გამოცდებზეც მაღალი შეფასება დაიმსახურა. ქალ-ვაჟის გამზრდელი მამა, ვცდილობ ყველა ახალგაზრდას მეგობრისა და თანატოლის პოზიციიდან მივუდგე. ამ მიმართულებით, რესურსცენტრში მუშაობამ ბევრი მასწავლა. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, შევეცდები, ახალგაზრდობასთან დამოკიდებულებაში სიახლეები შევიტანო, მათი ადგილზე დასაქმებისთვის ვიზრუნო.

ხიმშიაშვილების საგვარეულო ციხე, ფურტიოს, მელიქიშვილების, ბუთურაულის ნაეკლესიარები, ფურტიოს თაღოვანი ხიდი – ეს ისტორიული და საკულტო ნაგებობები რეკონსტრუქციაკონსერვაციას ითხოვს...

– წელს სახალხო ზეიმი „სელიმობა“ ნიგაზეულში, ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. ყველამ ნახა მეცენატ თეიმურაზ კომახიძის მიერ 20 წლის წინ იქ წამოწყებული საქმეები. იმედს ვიტოვებ, რომ შესაბამისი ორგანოები ყველაფერს ბოლომდე მიიყვანენ. ამ ეტაპზე ფურტიოს თაღოვანი ხიდი ნორმალურ მდგომარეობაშია. ყველას გვახსოვს ის არქეოლოგიური გათხრები, რომლებიც ფურტიოსა და მელიქიშვილების უბანში ჩატარდა. ბუთურაულიც მრავალ საიდუმლოს ინახავს და გათხრების დაწყება იქაც დროული იქნება. რაც შეეხება მშობლიურ ნენიას, აქ მართლმადიდებლური ტაძარი ყოფილა, რომლის მიგნება ყველას ვალდებულებად მიმაჩნია.

ზამლეთის თემის სოფლებში ადრე სასმელი და სარწყავი წყლების დეფიციტი იყო. ახლა რა მდგომარეობაა?

– ფურტიოში, ბუთურაულსა და ნენიაში 29 კილომეტრიდან ლითონის მილებით გამოყვანილი სასმელი და სარწყავი წყლით სარგებლობენ. მნიშვნელოვანი თანხებია მობილიზებული ნიგაზეულის წყალსადენის რეკონსტრუქციისა და გამანაწილებელი აუზების რემონტისთვის. სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.

ესაუბრა ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • აგვისტო 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *