გრანტების კანონი გამკაცრდა – მთავრობის თანხმობა სავალდებულოა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, თანმდევ პროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.
კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განმარტებით, დაზუსტდა გრანტის განმარტება – კანონში ჩაიწერა, რომ ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები გრანტად არ ჩაითვლება.
ამასთან, გრანტად განისაზღვრა ნებისმიერი ფულადი ან ნატურალური სახსარი, რომელიც შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას, მათ შორის – ქვეყნის საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა თუ ცვლილებას, ან გამომდინარეობდეს უცხო ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან.
მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, მათ შორის საქართველოში მოქმედ ფილიალებსა და წარმომადგენლობებს გრანტის მიღებამდე საქართველოს მთავრობის თანხმობა დასჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში:
უცხოური ორგანიზაციის ფილიალისთვის განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით, საქართველოში მოქმედი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
კანონის ამოქმედებამდე მიღებულ გრანტებზე ერთთვიანი გარდამავალი ვადა განისაზღვრა როგორც მთავრობისთვის, ისე გრანტის მიმღებებისთვის. უარის შემთხვევაში თანხის გამოყენება უნდა შეწყდეს.
ცვლილებები შეეხო ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს. დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა დანაშაულის ჩადენა კონსტიტუციური წყობილების ან ორგანოების არაღიარების მოტივით, ასეთ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ვადა, მინიმუმ, ერთი წლით აღემატება მინიმალურ ზღვარს.
კოდექსს ემატება ახალი მუხლი „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, რომელიც ითვალისწინებს მასობრივი კანონდარღვევისკენ, დაუმორჩილებლობისკენ ან ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურ საჯარო მოწოდებას. სასჯელი განისაზღვრება ჯარიმით 400–600 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.