გრიპის სეზონი – ვირუსების ქვეტიპები, ვაქცინის როლი და გართულებები
გრიპისა და სხვა რესპირაციული ვირუსების მიმდინარე სეზონი გამორჩეულად რთული და დინამიკურია. ინფექციები სწრაფად ვრცელდება, დაავადების პიკი კი წინა წლებთან შედარებით უფრო ადრე დაფიქსირდა, რამაც საზოგადოებაში დამატებითი შფოთვა და დაბნეულობა გამოიწვია. განსაკუთრებით ხშირად ისმის საუბარი ე.წ. ღორის გრიპზე, მისი სიმძიმისა და შესაძლო გართულებების შესახებ. ასევე, გავრცელდა მოსაზრება, რომ წლევანდელ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სათანადო შედეგი არ ჰქონდა.
ჩვენთან საუბრისას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალურად განმარტავს, რომ ამ სეზონზე ცირკულირებს ა ტიპის გრიპის რამდენიმე ქვეტიპი – მათ შორის H1N1 და განსაკუთრებით აქტიური H3N2, თუმცა მათი იდენტიფიცირება, პრაქტიკულად, არ ცვლის დაავადების მიმდინარეობას ან გართულებების რისკს. მიუხედავად ვირუსის მუტაციისა და ვაქცინის ეფექტურობის გარკვეულად შემცირებისა, აცრას კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ამცირებს დაავადების სიმძიმესა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას. ასევე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ გრიპისა და სხვა ვირუსების ერთ-ერთ გართულებაზე – გახანგრძლივებულ ხველასა და მის მიზეზებზე, შესაძლო საფრთხეებსა და იმ სიმპტომებზე რომელთა უგულებელყოფაც სერიოზულ დაავადებებს, მათ შორის ტუბერკულოზსა და პნევმონიას, შეიძლება მალავდეს.
– ქალბატონო მაია, რა ტიპის სეზონური ვირუსები ფიქსირდება ამჟამად?
– ამ სეზონზე რამდენიმე ვირუსი ცირკულირებს. უმრავლესობა არის ა ტიპის ვირუსი. არსებობს ბე ვირუსიც, მაგრამ ახლა ძირითადი შემთხვევები ა ტიპის ვირუსისაა. როდესაც სწრაფი ტესტი კეთდება და პასუხი არის, რომ ა ტიპის გრიპის ვირუსი დადებითია, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ე.წ. ღორის გრიპი, რადგან ღორის გრიპი, ანუ H1N1 არის ა ტიპის გრიპის ერთ-ერთი ქვესახეობა. ამჟამად ასევე ძალიან აქტიურად ცირკულირებს H3N2 და სხვა ქვეტიპებიც. ამას მნიშვნელობა არ აქვს ა ტიპის რომელი ქვეტიპია, იმიტომ, რომ ეს იქნება ე.წ. ღორის გრიპი, H3N2 თუ სხვა, ყველა მათგანი არის ამჟამად სეზონური ვირუსია, მიმდინარეობს ერთმანეთის მსგავსად და რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, თუ დაისვა H1N1-ის დიაგნოზი. 2010 წელს გვქონდა „ღორის გრიპის“ პანდემია და იქიდან არის დარჩენილი ამ ვირუსის მიმართ გადამეტებული შიში. ახლაც ზოგიერთები და სამწუხაროდ, ხშირად ექიმებიც, თვლიან, რომ თუ ადამიანს ღორის გრიპი აღმოაჩნდა, რაღაც სასწაული ხდება და ხშირად ზედმეტად ნიშნავენ „ტამიფლუს“ და ანტივირუსულ თერაპიას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – „ღორის გრიპია“ თუ სხვა ქვეტიპია, მნიშვნელობა არ აქვს, ა ტიპის ვირუსი ერთნაირად მიმდინარეობს, გართულებების რისკიც ერთნაირია და ჯერ კიდევ დროა, რომ ავიცრათ.
– საზოგადოებაში გავრცელდა აზრი, რომ ამ ქვეტიპის წინააღმდეგ ვაქცინამ „არ იმუშავა“, ამაზე რას გვეტყვით?
– აქ მთავარი ის არის, რომ წელს გრიპის ვირუსმა მუტაცია განიცადა იმის შემდეგ, რაც ვაქცინა უკვე შემუშავებული იყო (შეგახსენებთ, ყოველწლიურად ვაქცინა იქმნება იმ სეზონზე მოცირკულირე ქვეტიპების შესაბამისად). ამიტომ მისი ეფექტურობა ნაკლებია, ვიდრე სხვა სეზონებზე. ამან, გარკვეულად, გააღრმავა ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი, რაც ისედაც ყოველთვის არსებობდა. სინამდვილეში, წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვირუსის ახალი ქვეტიპი იმუნურ პასუხსაც „გაექცა“ და შესაბამისად, ვისაც H3N2-ის მიმართ გარკვეული დაცვა ჰქონდა, ისიც ნაკლებად მუშაობს. წელს ამ მუტაციის გამო ზოგიერთები გრიპის პანდემიურ მიმდინარეობასაც პროგნოზირებდნენ. იმედია, ეს აღარ გვემუქრება. წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად ინფიცირდებიან, თუმცა როგორც სხვა ქვეყნების სტატისტიკის თანახმად, ასევე ჩვენი დაკვირვებითაც, აცრილებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, ხოლო აუცრელებს განსაკუთრებულად მძიმედ – 5-7 დღე მაღალი, შეუპოვარი ცხელებით და ხშირად გართულებებით. აცრილებში ბევრად ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. ამიტომ, გთხოვთ, ნუ აჰყვებით ამ კამპანიას, რომ წელს ვაქცინა „ჩავარდა“ და ამიტომ რა აზრი ჰქონდა აცრას. კიდევ ვიმეორებ, პირიქით, წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ვინც ჯერ არ აცრილა, ამას ისევ აქვს აზრი.
– რა გართულებები ახლავს წლევანდელ სეზონურ ვირუსს?
– გრიპის ვირუსი წელს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდება და პიკსაც უფრო ადრე მიაღწია, ვიდრე გასულ წლებში. გარდა იმისა, რომ ცალკე აღებული გრიპის ვირუსი და სხვა რესპირაციული ვირუსები თვითონ უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემას, მწვავე პერიოდში, რომელიც დაახლოებით 5-7 დღეს გრძელდება, ვირუსული ინფექციების გადატანის შემდეგ ადამიანებს ძალიან აწუხებთ ხველა, იგი ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია ვირუსის მწვავე პერიოდშიც, მაგრამ როდესაც გაივლის ცხელება, სახსრების, კუნთების, ყელის ტკივილი, რაც გრიპის თუ სხვა სასუნთქი გზების ინფექციების ხშირი სიმპტომებია, ხველა ზოგჯერ ძალიან დიდხანს რჩება და ადამიანებს ეს ძალიან აწუხებთ. განსაკუთრებით, თუ ბავშვს აქვს გახანგრძლივებული ხველა, მშობლები ძალიან შფოთავენ. გახანგრძლივებულ ხველად კვალიფიცირდება, თუ იგი გრძელდება ორ-სამ კვირაზე მეტხანს.
– გახანგრძლივებული ხველა გრიპის გარდა სხვა ვირუსებმაც შეიძლება გამოიწვიოს?
– დიახ. ეს არის რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსი და ა.შ.
– რატომ ხანგრძლივდება ხველა და რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
– როცა ვირუსი ორგანიზმში აღარ არის, რჩება ანთებითი პროცესი, რაც ვირუსმა გამოიწვია. შესაბამისად, ჩვენი სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი უფრო მგრძნობიარე ხდება სხვადასხვა ფაქტორის მიმართ – იქნება ეს ხანგრძლივი საუბარი, ცივი ჰაერის ჩასუნთქვა, სიცილი თუ სხვა. პაციენტებს ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ თუ ხველა შეიცვალა, ანუ იყო, მაგალითად, მშრალი და გახდა სველი, ასეთ დროს წარმოიქმნება ნახველი. თუ იგი არის ყვითელი ან მომწვანო ფერის, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ე.წ. მეორადი ბაქტერიული ინფექციების განვითარებას, ანუ ახალი ბაქტერია დაერთოს პროცესს და შეიძლება ანტიბიოტიკებით მკურნალობა გახდეს საჭირო. ასეთ დროს პაციენტმა აუცილებლად უნდა შეატყობინოს ექიმს ამ ცვლილების შესახებ, რა თქმა უნდა, აღარაფერს ვამბობ, თუ სისხლიანი ნახველია – ეს ერთ-ერთი საგანგაშო სიმპტომია. ხშირად, როდესაც პაციენტებს აქვთ ხველა, თვითნებურად მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, რაც სრულიად მიუღებელია, რადგან, უმრავლეს შემთხვევაში იქ ინფექციური პროცესი აღარ მიდის, არც ბაქტერია არ არის, უბრალოდ, ამ დროს გაღიზიანებულია ლორწოვანი გარსი და დრო სჭირდება, რომ გაიაროს. ამ დროს გაუთავებლად იღებენ სხვადასხვა ტიპის წამლებსაც, რომ ხველა შეჩერდეს. არადა, უნდა ვიცოდეთ, რომ ხველა არის ჩვენი დამცველობითი რეაქცია. გასაგებია, რომ ძალიან შემაწუხებელია, ზოგჯერ ღამე არ გვაძინებს, მაგრამ ლორწოვანი გარსის აღდგენას დრო სჭირდება, რომ აღარ იყოს გაღიზიანებული და ხველაც ნელ-ნელა თანდათანობით გადაივლის.
– ვირუსის შემდეგ, გახანგრძლივებული ხველის დროს რა არ უნდა გამოგვრჩეს?
– გახანგრძელებული ხველისას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზიც არსებობდეს. გარკვეულწილად, საყურადღებო ნიშნებს უნდა მიექცეს ყურადღება. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ტუბერკულოზი. მოგეხსენებათ, ამ დროს ყველაზე ხშირია გახანგრძლივებული ხველა. ზოგჯერ შეიძლება დაემთხვეს ვირუსული ინფექციაც, ადამიანს ეგონოს, რომ ეს არის ვირუსული ინფექციის შემდგომი პერიოდი და ამ დროს გაიპაროს ტუბერკულოზი. ამიტომ გახანგრძლივებული ხველისას, განსაკუთრებით თუ ნახველიც ახლავს, პირველად ყოველთვის ტუბერკულოზი უნდა გამოირიცხოს. ასევე, უნდა გამოირიცხოს (მოზრდილებში და განსაკუთრებით მწეველებში) ფილტვის კიბო, განსაკუთრებით სისხლიანი ხველის დროს. წეღან ვახსენე ბაქტერიული თანდართული ინფექციები, რომელთა დროსაც საჭირო ხდება ანტიბიოტიკოთერაპია, ანუ თუ იყო რაღაც ვირუსული ინფექცია, გახანგრძლივდა ხველით და ახალი სიმპტომი წამოვიდა, მაგალითად, ცხელება, ან მოყვითალო ნახველი. აქ უკვე არის რისკი, რომ გვაქვს თანდართული ბაქტერიული ინფექცია. ამ დროს შეიძლება იყოს პნევმონია და ყურადღება გვჭირდება, რომ არ გამოგვრჩეს გართულებები. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთან ძალიან დამკვიდრებულია ე.წ. ფილტვის მოსმენა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ფილტვის დაავადების დროს „ფილტვის მოსმენა“, ანუ ჩვენს ენაზე ფონენდოსკოპით აუსკულტაცია ხშირად სრულიად არაეფექტურია. ადამიანები უმეტესად თავიანთ ექიმს, ან ნაცნობ ექიმს მოასმენინებენ ფილტვს, გაიგებენ, რომ არაფერი სჭირთ, ამით მშვიდდებიან და გამოკვლევა მთავრდება. სინამდვილეში, „ფილტვის მოსმენა“ ძალიან შეზღუდული მეთოდია. ხშირად პათოლოგიური ცვლილებები საერთოდ „არამოსმენადია“ და შეიძლება სულაც გაიპაროს დაავადება, მაგალითად ტუბერკულოზის დროს შეიძლება ვერაფერი მოვისმინოთ. კოვიდმაც დაადასტურა, რომ პაციენტებში ფილტვის უმძიმესი დაზიანებების დროს ყურით შეიძლება, ფაქტობრივად, ვერაფერი მოვისმინოთ. ამიტომ ძალიან დიდ იმედებს „ფილტვის მოსმენაზე“ ნუ დავამყარებთ.
მარიამ ხითარიშვილი