
გურამ მაჭარაშვილი: აი, ბურთი და მოედანი, გამობრძანდით და შესაბამისი რესურსი თუ გაქვთ, არჩევნები მოიგეთ
პრეზიდენტის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლებას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება. მისი განაცხადებით, მიხეილ ყაველაშვილი სახელმწიფოებრივად მოიქცა და ეს პრეზიდენტის მხრიდან ძალიან კარგი ჟესტია. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის, მაგრამ პრეზიდენტის პრეროგატივაა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ახალგაზრდების შეწყალებას რაც შეხება, მისივე განცხადებით, ეს არის ორი თემა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება.
„რამდენიმე კვირის წინ, პრეზიდენტმა „ნაცმოძრაობის“ ამ ფილიალებს, ე.წ. პოლიტიკოსებს შესთავაზა, შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადება დაეწერათ და წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიეღოთ, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ამით დაადასტურეს, რომ მათი მიზანი იყო არა არჩევნებში მონაწილეობა, არამედ დამალვა და მიზეზის გამოძებნა, თუ რატომ აგებდნენ არჩევნებს. წინასაარჩევნო კამპანიაა და ვაიპოლიტიკოსებს პრეტენზია აქვთ, რომ მათ ვინმე დევნის. პრეზიდენტი სახელმწიფოებრივად მოიქცა – აი, ბურთი და მოედანი, გამობრძანდით და თუ შესაბამისი რესურსი გაქვთ, არჩევნები მოიგეთ და შესაბამისი შედეგი დადეთო. რეალობა ისაა, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, არა მხოლოდ ამომრჩეველთა სანდოობაზეა საუბარი, არამედ ელემენტარულად ნახევარზე მეტ ოლქში ფორმალურადაც ვერ მოძებნეს კანდიდატები. კანდიდატი ვერ მოძებნეს და მხარდამჭერებს როგორ მოძებნიან? პრეზიდენტის მხრიდან ძალიან კარგი ჟესტია, გამობრძანდით, ბატონებო. ერთი მხრივ, კანონი აღსრულდა, მაგრამ მეორე მხრივ, იმისათვის, რომ არ თქვან ციხეში ვიყავით და როგორ მოვიგებდით არჩევნებსო, გამობრძანდნენ და დადონ შედეგები. პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის, მაგრამ პრეზიდენტის პრეროგატივაა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.
რომელი ახალგაზრდების შეწყალებაზე საუბრობთ? მგონი, პოლიტიკურ პროცესებს და კრიმინალს ერთმანეთში ურევთ. ეს ორი თემა აბსოლუტურად განსხვავდება. კრიმინალის ხარისხსაც გააჩნია – ადამიანებს, რომლებსაც ცოცხლად დაწვის მცდელობა აქვთ, ქვებს ესვრიან, შეურაცხყოფას აყენებენ, შენობებს ანგრევენ და ა.შ. ეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლაა, ჩვეულებრივი კრიმინალია. ეს ხალხი პოლიტიკურ პროცესში კი არ მონაწილეობდა და ამის გამო კი არ შეეწინააღმდეგა პოლიციელს და დაწვა უნდოდა, არამედ საუბარია იმაზე, რომ ახსნა-განმარტების გარეშე პოლიციელებს ხან ქვებს ესროდნენ და ხან აზიანებდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.