
გურამ მაჭარაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტმა“ მოუწოდა ქართულ საზოგადოებას, რომ საქართველო რუსებთან სამხედრო კონფრონტაციაში ჩართულიყო
„მაკკეინის ინსტიტუტმა “ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან მიღებული ნახევარმილიონიანი დაფინანსება მთელ მსოფლიოში პოლიტიკური პატიმრებისა და მძევლების გათავისუფლებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერას მოემსახურება. გამოყოფილია მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც ინსტიტუტი ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე მძიმე შემთხვევებს შორის ასახელებს. მის გვერდით გამოყოფს შემდეგ საქმეებს: ხესუს არმასი – ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი; მარია კოლესნიკოვა – ბელარუსი აქტივისტი და აშშ – ისრაელის მძევლები ღაზაში. გამოყოფენ კიდევ ერთ ნაწილს, სადაც „მაკკეინის ინსტიტუტი“ აღნიშნავს, რომ ანალოგიურად, გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართველი ჟურნალისტისა და მედიის მფლობელის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში, რომელსაც რეპორტაჟებისთვის ჰქონდა მისჯილი სამ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კეთდება განცხადებები. „ხალხის ძალის“ წევრ გურამ მაჭარაშვილის თქმით, ეს არის ის ინსტიტუტები, რომლებიც პირდაპირ თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს.
„მაკკეინის ინსტიტუტი“ ქართულ საზოგადოებაში ცნობილია იმით, რომ მისმა ხელმძღვანელმა პირდაპირ მოუწოდა ქართულ საზოგადოებას, რომ საქართველო რუსებთან სამხედრო კონფრონტაციაში ჩართულიყო. მართალია, რუსეთი დაიწყებდა ომს, მაგრამ ქალბატონი ფარკასის განმარტებით, რომელიც გახლდათ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, 10-დან 20 ათასამდე ქართველი დაიხოცებოდა და მეტი არა და რომ, თურმე, საქართველომ უნდა აწარმოოს ომი რუსეთთან მიმართებაში. ეს არის მისი ცნობილი და საჯარო სიტყვები, სამწუხაროდ. ამიტომ, არ არის გასაკვირი ეს სკანდალური მაგალითი, რომ გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს ინსტიტუტი ლობისტობას ეწეოდა. ადრე თუ ცოტას მაინც ფუთავდნენ ასეთ ანტისახელმწიფოებრივ და რადიკალურ პროცესებს, ახლა უკვე პირდაპირ და საჯაროდ ამბობენ. ეს არის ის ინსტიტუტები, რომლებიც პირდაპირ თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდებიან – რომ რაც უფრო უსამართლოდ ძლიერდება ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოზე, მით უფრო იზრდება ქართველი ხალხის იმუნიტეტი სამშობლოს დასაცავად,“ – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.