გურამ მაჭარაშვილი: უცხოურ ძალას აქაც ჰყავს დასაყრდენი, რისი ერთ-ერთი მორიგი მტკიცებულებაა გუშინდელი აქცია
By

გურამ მაჭარაშვილი: უცხოურ ძალას აქაც ჰყავს დასაყრდენი, რისი ერთ-ერთი მორიგი მტკიცებულებაა გუშინდელი აქცია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებას ეხმაურება და პროცესების დაძაბვაში უცხოურ ძალებს ადანაშაულებს. „საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ და, სამწუხაროდ, რადიკალურ პროცესებს აფინანსებენ. უცხოურ ძალას აქაც ჰყავს დასაყრდენი, რისი ერთ-ერთი მორიგი მტკიცებულებაა გუშინდელი აქცია. პირდაპირ გამოწვევაზე იყო ხალხი. იციან, რომ გინებას, შეურაცხყოფას ბუნებრივად მოჰყვება რეაქცია. მიზანმიმართულად სურთ რადიკალური პროცესები. სურთ, არიონ ვითარება, ძალადობრივი, რევოლუციური პროცესები იყოს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ფინანსდება უცხოეთიდან, ეს არის უკვე ხელისგულზე. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ვინც შეურაცხყოფას აყენებდა შტაბის წევრებს, ამ ხალხის სახით, რეალურად, ყველა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი აყენებდა შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებასაც და იმ ხალხს, ვინც იქ იყო. ვინც აფინანსებს, რეალურად, ის ქმნის სურათს. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ მე ვაფინანსებ რომელიღაც დაჯგუფებას, რომელიც მივარდება ნებისმიერ პიროვნებას, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, აყენებს შეურაცხყოფას. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, წყარო ვარ მე. ჩემი სურვილი რომ არ იყოს, ასეთ ადამიანს ხომ აღარ დავაფინანსებ? ანუ, რა გამოდის, რეალურად, გერმანიის, სხვა ქვეყნების საელჩოები, ევროკავშირის საელჩო იდგა გუშინ იქ და პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფას აყენებდა კახი კალაძის შტაბის წევრებს და, ზოგადად, საზოგადოებას. ეს არის რეალობა. ეს გვინდა ავუხსნათ ქართულ და მსოფლიო საზოგადოებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *